ქართული ჯაზ მუსიკის სცენა ბოლო რამდენიმე წელია განახლებას განიცდის. ეს პირველ რიგში ახალი თაობის მუსიკოსების გამოჩენასთან არის დაკავშირებული, რომლებიც ქალაქის მასშტაბით მუდმივად აქტიურად არიან ჩართულები ასევე ახლად ჩამოყალიბებულ, ლოკალებსა თუ ტურისტებში უკვე პოპულარულ რამდენიმე ჯაზ-კლუბების ყოველკვირეულ პროგრამებში. ეს სხვადასხვა ინსტრუმენტალისტების და კომპოზიტორების ერთიანი ბირთვია, რომლებიც ერთმანეთის მეგობრები არიან და კოლეგიალურადაც საკმაოდ ბევრი რამ აკავშირებთ.
სწორედ თბილისის ახალი ჯაზ სცენის წარმომადგენელმა, ბასისტმა ხატია ქორიძემ გამოუშვა სადებიუტო „Forget To Dream ” EP, რომელიც 6 კომპოზიციისგან შედგება და მასში მუსიკოსი კომპოზიტორის როლშიც პირველად გვევლინება.
„დაახლოებით ერთი წლის წინ დავწერე პირველი თემა რომელიც მალევე, ჩემი უსაყვარლესი მუსიკოსების დახმარებით კომპოზიციად ვაქციე. სწორედ ამ ტრეკის დასრულების შემდეგ მივიღე შემდეგი ტრეკების დაწერის მოტივაცია. ეს ჩემი პირველი გამოცდილებაა კომპოზიციაში, რაც თავისთავად დიდ გამბედაობას და თავდაჯერებულობას მოითხოვს, სამაგიეროდ დაწერის, ჩაწერის და ყველა იმ ეტაპის სიამოვნება აღმოჩნდა შეუდარებელი.“
როგორც ხატიამ აღნიშნა, ალბომის ჩაწერა მეგობარ ჯაზ მუსიკოსებთან ერთად მოხდა – პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ბექა გოჩიაშვილის საინტერესო სოლო პასაჟები ალბომის 3 კომპოზიციაში. აქ ასევე გვხდებიან ზუკა სიმონიშვილი და სოსო ცაგარეიშვილი პროექტით Zuk’n’Sos, ბოლო ტრეკში „Somehow I Found”-ში კი ხატიას ლუკა თოფურია და Sandro Bibich უწევენ აკომპანიმენტს.
„ადამიანები რომლებიც ჩემს ალბომში უკრავენ გარდა იმისა რომ არიან საოცარი მუსიკოსები, ასევე თითოეული მათგანი არის ჩემი უახლოესი მეგობარი. შესაბამისად მათთან მუშაობა არის უმარტივესი, რადგან მუსიკალურად ერთ ენაზე ვსაუბრობთ და ერთმანეთის გაგება ძალიან გვეადვილება. ამან გახადა მთელი პროცესი არა დამღლელი და რუტინული, არამედ მხოლოდ სიამოვნების მომგვრელი. ბექა გოჩიაშვილის ჩართულობა იყო ჩემთვის განსაკუთრებით აღმაფრთოვანებელი, რადგან უსიტყვოდ აკეთებს იმას რაც იმაზე მაგარია ვიდრე მე წარმომედგინა. საერთოდ ყველა მუსიკოსმა თავისი დამახისათებელი მუსიკალური ენით გახადეს ჩემი მუსიკა ჩემთვის ძალიან მოსაწონი. პროცესი როცა შენს მუსიკალურ ჩონჩხს ხორცი ესხმევა არის ყველა სასიამოვნო რამ რაც კი მიგრძვნია.“
ალბომი თავისი ხასიათით შორსაა ჯაზის ტრადიციული გაგებისგან. ეს უფრო ფიუჟენი და სოულია, ის სტილი რაც ამჟამინდელ გლობალურ მუსიკალურ სცენაზეც საკმაოდ პოპულარულია – რა თქმა უნდა ჯაზური საწყისები ყველა კომპოზიციაში იგრძნობა, თუმცა თავისი არსით ბევრად უფრო ფართო მსმენელზეა გათვლილი, ვიდრე ვიწრო ჯაზ აუდიტორიაზე.
„მე ფაქტობრივად ჯაზის დაკვრით რეზო კიკნაძის ბენდში გავიზარდე, შესაბამისად ჯაზი ჩემთვის უმთავრესი და უსაყვარლესი მუსიკაა დაკვრის თვალსაზრისით, თუმცა კლასიკურ ჯაზში სიმღერა საერთოდ არ აღმოჩნდა ჩემი მისწრაფება ამიტომ ორგანულად გადავდე წლების განმავლობაში ჩემი სასიმღერო კარიერა. მგონია რომ სწორედ ესეთ მუსიკაში ვიპოვე ჩემი თავი როგორც ვოკალურმა შემსრულებელმა.
მინიალბომი იმითაც გამორჩეულია რომ აქ ხატიას კომპოზიტორულ შესაძლებლობებთან ერთად, მის ვოკალურ პოტენციალსაც ვხედავთ. მღერის სტილი უპრეტენზიო, უბრალო და ლაღია, რაც ალბომის სმენით გამოცდილებას კიდევ უფრო ამარტიებს და კომფოტულს ხდის.
ჩემი შეხება მუსიკასთან სწორედ სიმღერა იყო და მიუხედავად წლებისა რომლებიც მხოლოდ დაკვრაში გავატარე ყოველთვის ვიცოდი რომ როცა ჩემს მუსიკას დავწერდი აუცილებლად იქნებოდა ვოკალური, რათქმაუნდა დატვირთული მდიდარი ინსტრუმენტული აკომპანიმენტით და ინტრუმენტული ნაწილებით, შესაბამისად ეგეთიც გამომივიდა. ვოკალის ჩაწერა ყველაზე მარტივი და სწრაფი ნაწილი იყო მთელ ამ პროცესში რამაც კიდევ დამარწმუნა რომ სიმღერა ჩემი კომპოზიებისთვის ძალიან ბუნებრივია“
ალბომი უკვე ხელმისაწვდომია ყველა მუსიკალურ პლატფორმაზე, მის პირველ საჯარო შესრულებას კი თბილისის მასშტაბით უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ.