არ ვიცი, შეამჩნიეთ თუ არა, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია, ქართულ მუსიკაში საკმაოდ წინ წამოიწია ისეთი ჟანრი, როგორიცაა ჯაზი. თუკი 20, 30 წლის წინ ერთეულებს ვიხილავდით, ვინც ამ ჟანრში უკრავდა და მღეროდა, დღეს ჯაზკლუბებიც კი გვაქვს, სადაც სალონური საღამოები ჭიქა ღვინოსთან ერთად ერთად შეგიძლია, გაატარო და თანამედროვე ჯაზარტისტებს მოუსმინო. განსაკუთრებით სასიამოვნოა ახალგაზრდა შემსრულებლების ხილვა და ერთ-ერთი ასეთია ხატია ქორიძე, რომელიც ბასგიტარაზე უკრავს, თუმცა, პარალელურად, საავტორო მუსიკასაც ქმნის.
როგორც თვითონ გვიყვება, მუსიკისადმი ინტერესი და სიყვარული დიდი ხნის წინათ, ბავშვობაში გაუჩნდა. მერე როგორც ხდება ხოლმე, იწყება პირველი შეხება ინსტრუმენტებთან, ამ სფეროში თანამოაზრეების გაჩენა, უშუალოდ ჯაზით კი მაშინ დაინტერესდა, როდესაც პირველად დაესწრო ამ ჟანრში ცოცხალ კონცერტს. მისთვის ჯაზი ერთდროულად დისციპლინაცაა და თავისუფლებაც, რაც, ერთი შეხედვით, თითქოს ერთმანეთს არ ჰგავს, თუმცა ჯაზის ხიბლიც სწორედ ამ შეუთავსებლის შეთავსებაშია.
გასულ წელს, ანუ 2024-ში ხატიას სადებიუტო ალბომიც გამოვიდა, სახელწოდებით, Forget To Dream, რომელიც ექვსი სიმღერისგან შედგება და წარმოდგენილია საავტორო მუსიკა, ასევე, სხვა ქართველ ჯაზარტისტებთან ერთად შესრულებული.

ხატია ქორიძე:
ჩემი მუსიკალური გზა ბავშვობიდან იწყება. ზუსტად არც მახსოვს, როდის. ის ჩემს ცხოვრებაში მუდმივად არსებობდა სხვადასხვა სახით.
თავიდან ჩემი ინტერესი მუსიკის მიმართ სიმღერით დაიწყო, მალევე ფორტეპიანოთი გაგრძელდა, თუმცა მაშინ არ ვფიქრობდი, რომ მუსიკა ჩემი პროფესია გახდებოდა. ეს სურვილი ცოტა მერე, თინეიჯერობის პერიოდში მოვიდა ჯაზის მოსმენის დაწყებასთან ერთად.
ჩემი პირველი ნაბიჯი და გამოცდილება რეზო კიკნაძის ბენდი იყო და დღემდე გრძელდება. ბასგიტარაზე დაკვრა ახალი დაწყებული მქონდა, როცა რეზომ დამირეკა და მასთან დაკვრა მთხოვა, რადგან პარასკევს საღამოს ბასისტი არ ყავდა, მე კი სრულიად დამწყები და გამოუცდელი მივედი და მას მერე თითქმის 10 წელია, ერთად ვუკრავთ.
ამ ამბიდან მალევე უკვე ქალაქის რამდენიმე ჯაზკლუბში დავიწყე დაკვრა სხვადასხვა შემადგენლობასთან ერთად. დამიკრავს ბევრ სხვა პროექტშიც, თუმცა მთელი ჩემი ყურადღება მაინც ჯაზკლუბში ჯაზის დაკვრის მიმართ არის დღემდე მიმართული და, ამას გარდა, რაც ყველაზე მთავარია, ჩემი პროექტის მიმართ, რომელიც არც ისე დიდი ხანია გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში. ვგულისხმობ მუსიკის წერას.
M: როგორია თქვენი შემოქმედებითი პროცესი?
მგონია, რომ ხელოვანისთვის, ზოგადად, მთავარი ინსპირაცია სწორედ ხელოვნებაა და მის მიმართ სიყვარული. ამიტომ, მგონი, მუსიკის სიყვარული თვითონვე მაძლევს ინსპირაციას, რომ მუსიკა დავწერო და არა რამე სხვა გარემოება. ჩემი აზრით, რაღაც გარემოებებსა და საკითხებს უბრალოდ გადმოცემის გამარტივებისთვის ვიყენებთ, თუმცა სინამდვილეში ყველა კომპოზიცია და სიმღერა მუსიკას ეძღვნება. მუსიკის წერის დროს ჩემთვის მთავარია, ეს მართლა მინდოდეს და მერე უკვე არც არაფერს აღარ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება ტელეფონშიც კი დაწერო სიმღერა. ამიტომ მთავარი მაინც შინაგანი მდგომარეობაა და არა სხვა გარემო ფაქტორები.
M: თუ გიფიქრიათ იმაზე, რა არის თქვენი შემოქმედებითი გზავნილი?
მარტივად გიპასუხებთ – არაფერი, გარდა იმისა, რომ მუსიკა მიყვარს, მათ შორის, ჩემი მუსიკაც და მინდა სხვებსაც მოვასმენინო.
M: თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში საჭირო, რომ მუსიკოსმა შეუფერხებლად აკეთოს საყვარელი საქმე?
ჩვენს ქალაქს და, ზოგადად, ქვეყანას, არ მგონია, აკლდეს მუსიკალური ნიჭი და კრეატიული იდეა, უბრალოდ ამ ნიჭისა და იდეების სრულყოფას მოტივაცია სჭირდება. ვფიქრობ, რომ ერთადერთი, რაც გვაკლია, ურყევი მოტივაციაა, რომელიც ხან ზევით და ხან ქვევით კი არ ჩავარდება, არამედ იქნება სტაბილურად. ეს მოტივაცია მაშინ იქნება, როდესაც მეტი მოთხოვნა გაჩნდება კარგ მუსიკაზე ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ეს მოიტანს შემდეგ მატერიალურ და ფინანსურ სიმყარესაც, რაც ასევე მნიშველოვანია მუსიკოსისთვის.
მგონია, რომ არა მარტო ჩვენთან, არამედ მსოფლიოშიც, მუსიკის ფუნქცია სახეს იცვლის და ის თანმხლები ხდება სხვა აქტივობებთან, მაშინ, როცა მუსიკას მხოლოდ მოსმენა სჭირდება და მეტი არაფერი.
M: ხატია, ამჟამად რაზე მუშაობთ და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
ახლა ვცდილობ, ვიმუშაო შემდეგ ალბომზე. ჩემი სამომავლო გეგმა სწორედ ის არის, რომ არ დავკარგო მუსიკის მიმართ ენთუზიასტური დამოკიდებულება და ვეცადო, დავწერო ჩემთვის დამახასიათებელი მუსიკა, რომელიც მე მომერგება და შემდეგ სხვებს, ანუ მსმენელს. ჩემთვის მთავარია მუსიკის წერის, შემდეგ ჩაწერის და შემდეგ ჩაწერილის მოსმენის პროცესით მივიღო სიამოვნება. მსმენელის გამოხმაურება მნიშვნელოვანია, თუმცა არც ისე ძალიან, რომ წინა პროცესები გადაფაროს, ან ამის გამო ღირდეს რამე ისეთის დაწერა, რაც თავად დიდად არ მოგწონს.
M: და ბოლოს ტრადიციული კითხვა – რა სიმღერას დაუტოვებდით ჩვენს მკითხველს?
ორ სიმღერას დავტოვებ – ახალი აკვიატება Hakushi Hasegawa – Doku, ქართული მუსიკიდან კი Zuk’n Sos Lost in Amsterdam.
რუბრიკა zeekr Music Discovery-ს წარმოგიდგენთ Zeekr
სასიამოვნო მოგზაურობისთვის, გამოგვყევით და მოუსმინეთ მარკეტერისა და Zeekr-ის Spotify-ს ერთობლივ ფლეილისტებს:
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი













