ჩემი პირველი სამსახური იყო რადიო “საქართველოს ხმა”. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის მეორე კურსზე ვიყავი, მეგობარმა გიორგი მშვენიერაძემ რომ მირჩია სინჯებზე მისვლა. ეს ჯერ კიდევ ის დროა, სულ ოთხი რადიო რომ არსებობდა და შეკვეთით რომ ვუშვებდით სიმღერებს. მაშინ რადიოს უსმენდა ყველა, ხოლო DJ-ები ძალიან პოპულარულები იყვნენ. მეტყველებას არ ვუჩიოდი, მუსიკა მიყვარდა და დაბალი ანაზღაურების მიუხედავად, მაინც ძალიან მინდოდა რადიოში მუშაობა. გასაუბრებაზე რომ მივედი, კასეტაზე ჩამაწერინეს, როგორ მიმყავდა ეთერი და განსახილველად დაიტოვეს. უარი მივიღე. არ ამიყვანეს, თუმცა, სინჯები მეორედაც რომ გამოცხადდა, მაინც მივედი გასაუბრებაზე და ასე მოვხვდი “საქართველოს ხმაში”.
რამდენიმე თვის შემდეგ, გიორგიმ მითხრა, რომ იხსნებოდა რადიო “ფორტუნა”, კარგი აპარატურითა და ანაზღაურებით (მაშინ $140 კარგი ფული იყო). გასაუბრება წამყვანის პოზიციაზე 2000 ადამიანს გვქონდა გავლილი და აქედან მხოლოდ 3 უნდა აეყვანათ. რამდენიმე ტური იყო, ამოწმებდნენ ინტელექტს, ზოგად განათლებას, მოკლედ, ყველაფერს. თანდათან გაიცხრილა ხალხი და გავიგე, რომ მტოვებდნენ რადიოში. მაშინ ეს ჩემთვის საოცარი მოვლენა იყო, ამდენ ადამიანში რომ ამირჩიეს, ამასთან, კასეტებიდან მოვხვდი პირდაპირ “ფლეშკებთან”, დისკებთან, მქონდა კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ავტომატურად აკეთებდა ყველაფერს, მე მხოლოდ გამოცხადება მჭირდებოდა…
არ დამვიწყნია პირველი სირთულეც, რადიოში მისვლიდან ცოტა ხანში. ეთერში წავიკითხე სიახლე, რომ პარიზში 7 წუთით ჩაქრა შუქი და ამის გამო მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. წარმოიდგინეთ, შევარდნაძის პერიოდის საქართველოსთვის როგორი გასაგონი იყო ეს, ამიტომ პირდაპირი ეთერიდან რომ გავედი, შიდა ეთერში ვიხალისე ამ ამბავზე. აღმოჩნდა, რომ ეთერის გათიშვა დამვიწყნია, ანუ ეს ჩემი ნალაპარაკები პირდაპირ ეთერში ისმოდა! სამწუხაროდ, დირექტორამდე ცუდად მიიტანეს ეს ამბავი და მეორე დილას, სამსახურში მისულს, გამოკრული დამხვდა ჩემი გათავისუფლების ბრძანება. ძალიან ვინერვიულე, მაშინვე დავურეკე გოგა ხაინდრავას, რომელიც ჩემი ხელმძღვანელი იყო, მოვუყევი, რაც მოხდა სინამდვილეში და მან, სწორი კომუნიკაციით, შეძლო დირექტორის გადარწმუნება. მეორე დღეს, ის ავბედითი განცხადება გათავისუფლების შესახებ, ჩამოხსნილი რომ დამხვდა, ამოვისუნთქე.
რადიო “ფორტუნა” იყო ჩემთვის კარიერის ყველაზე საინტერესო დასაწყისი, სწორედ აქედან გამიცნო უამრავმა ადამიანმა. “ფორტუნადან”, ეტაპობრივად, ჩავერთე ქართულ შოუ-ბიზნესში, შევითავსე არაერთი სხვა საქმე, “ICI PARIS”-შიც რადიოგადაცემიდან მიმიწვიეს, ჯერ შეთავსებით, შემდეგ კი სრული დატვირთვით.
ხატია შამუგია – “ICI PARIS”-ის პიარისა და მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი.