„ცხოვრებაში არ ინერვიულო ორ რამეზე: ერთი–რომელსაც ეშველება და მეორე–რომელსაც არაფერი ეშველება!“ – ეს ის გამონათქვამია, რომელიც ICI PARIS მარკეტინგისა და PR–ის მენეჯერს ხატია შამუგიას მოსწონს.
კარიერის დასაწყისი...
მე–2 კურსზე ვიყავი, როდესაც რადიო „საქართველოს ხმაში“ მუშაობა დავიწყე. დაახლოებით 6 თვის განმავლობაში ვიმუშავე. პირველი და მეორე ანაზღაურების აღება მოვასწარი, რომელიც 120 ლარს შეადგენდა. მაშინ, პირველი ანაზღაურების გამო, ძალიან ბედნიერი ვიყავი. სულ რომ 12 ლარი გქონდეს, როდესაც პირველ ანაზღაურებას იღებ იმ წუთიდანვე ისეთი შეგრძნება გეუფლება, რომ დამოუკიდებელი ხარ და შენი პირველი ხელფასით, თუნდაც ერთ ნივთს, რომ იყიდი უკვე გგონია, რომ არავის დახმარება აღარ გჭირდება და დამოუკიდებელი ადამიანის ფსიქიკა გიყალიბდება.
ზუსტად ამ პერიოდში გამოცხადდა კონკურსი რადიო „ფორტუნაში“. ფორტუნა უკვე 1 წლის გახსნილი იყო და ნომერ პირველ რადიოდ ითვლებოდა. კონკურსში მონაწილეობა ჩემმა მეგობარმა მირჩია. კონკურსში მონაწილე 2000 ადამიანიდან მხოლოდ 3 უნდა შეერჩიათ. თვალწინ მიდგას ის ოთახი, სადაც გასაუბრებას გავდიოდით.
უნდა წარმოგეჩინა ინტელექტი, მეტყველების კულტურა, იყო ძალიან ბევრი კითხვა, თითქოს უნივერსიტეტის გამოცდისგან არაფრით განსხვავედებოდა. ეს დღე არასდროს დამავიწყდება, შთამბეჭდავი დღეები იყო. საბოლოდ მართლაც, რომ ფორტუნამ გამიღიმა და იმ სამ ადამიანთა შორის მოვხვდი, რომლებიც ჟიურიმ შეარჩია. ეს იყო პარნასისკენ ჩემი კიბის დასაწყისი.
როგორ მოხვდით რადიოდან პიარ–სამყაროში?
ვფიქრობ, რომ რადიო უკვე პიარ–სამყაროა. რადიოში მიაქვთ ყველაფერი იმისთვის, რომ გაპიარდეს და ძალაუნებურად, როდესაც წამყვანი ხარ, უკვე თავისთავად პიარდები იმიტომ, რომ ადამიანი, რომელიც დღის, კვირის და თვის განმავლობაში რამოდენიმე საათს შენთან ერთად ატარებს, ის უკვე თავისიანად გთვლის და გგონია, რომ მისი ოჯახის წევრი ხარ.
რადიო თვითონ ქმნის გარკვეულ ინტიმს. ყველა მსმენელს თავისებურად ჰყავხარ წარმოდგენილი. არავინ იცოდა, როგორი იყო ხატია შამუგია. პირველად „ჯეოსტარი“ იყო, როცა ვიზუალურად გამოვჩნდი, შემდეგ ჩემმა პირადმა ცხოვრებამაც გამომაჩინა, კონცერტების წაყვანაც დავიწყე და ასე გამოვჩნდი საზოგადოების წინაშე. შემდეგ უკვე რადიოში მქონდა საავტორო გადაცემა, ეს ის პერიოდია, როდესაც შოუბიზნესი ფეხს იდგამდა და ბუმი იყო, ბევრი კონცერტები, სიმღერები.
სიმღერის პრემიერები ყოველთვის ჩემს გადაცემაში იყო. ისი–პარისთან ურთიერთობაც აქედან დაიწყო. ბუნებრივია გადაცემას სჭირდება სპონსორი და როდესაც რამდენიმე სასპონსორო კომპანია ჩამოვთვალეთ, მე ვთქვი: თუ ისი–პარი იქნება სპონსორი ძალიან გამიხარდებათქო, რადგან ვიყავი მისი ერთგული მომხმარებელი.
გადაცემის სპონსორობას კომპანიაც დათანხმდა. მახსოვს ძალიან გამიხარდა, რადგან პრესტიჟულადაც მომეჩვენა შენი გადაცემის სპონსორი პარფიუმერული მაღაზია რომ იქნებოდა. პარფიუმერია და შოუბიზნესიც ახლოს არიან ერთმანეთთან. ბუნებრივია, როდესაც ასპონსორებ გადაცემას, იმის მსმენელიც ხდები.
შემდეგ დამფუძნებლებისგან შემოთავაზება იყო, რომ გავმხდარიყავი ისი–პარის ახალგაზრდული ბრენდების სახე. რა თქმა უნდა დავთანხმდი. 1 წლის შემდეგ შემომთავაზეს, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერიც ვყოფილიყავი, რადგან ეს სფერო ნელ–ნელა საქართველოშიც იწყებდა აღორძინებას. ამ დროს ვიყავი ისი–პარიშიც და ფორტუნაშიც. 2 წლის შემდეგ უკვე გადაწყვიტეს, პიართან ერთად მარკეტინგის დეპარტამენტიც ჩემთვის ჩაებარებინათ. ეს იმას ნიშნავდა, რომ უნდა წამოვსულიყავი რადიოდან და მთელი ძალისხმევა ამ კომპანიაში უნდა ჩამედო. ასეც მოხდა და უკვე 7 წელია ამ საქმეს ვაკეთებ.
ბევრი ჟურნალისტი, ტელეწამყვანი თუ რადიოწამყვანი მიდის პიარში, როგორ ფიქრობ ახლოს დგას ეს პროფესიები ერთმანეთთან ?
პიარი ცალკე საგანია, რომელიც ისწავლება, მაგრამ ყველა პიარი და ყველა მარკეტინგი, მაინც იმ ეთნოსს ერგება, რომელ ქვეყანაშიც ამას აწარმოებ და რა თქმა უნდა, ის ითვალისწინებს ქვეყნის ტრადიციებს. მე არ ვფიქრობ, რომ მაინცდამაინც ცნობადი სახე უნდა იყოს პიარ მენეჯერი. ბევრი რამ უნდა შეგეძლოს და პირველ რიგში უნდა გიყვარდეს ის საქმე, რომელსაც თვითონ აპიარებ.
შეიძლება ერთი მოატყუო, მეორე მოატყუო, მაგრამ კამერას ვერ მოატყუებ. როდესაც შენთან ინტერვიუს წერენ შენი თვალებითა და სახის გამომეტყველებით მაყურებელი ხვდება ატყუებ მას თუ გულწრფელად საუბრობ. მე ძალიან მიყვარს ჩემი საქმიანობა და ჩემი წლის რეჟიმის 98% სამსახურს მიაქვს, მხოლოდ 2% მრჩება პირადი ცხოვრებისთვის.
ბუნებრივია როცა გიყვარს, გინდა, გყავს კარგი გუნდი და ხელმძღვანელობისგანაც ხელშეწყობა გაქვს, მაშინ ყველაფერი გამოდის. მე მყავს ძალიან კარგი ხელმძღვანელობა და ძალიან კარგი გუნდი, ვისთან ერთადაც ვმუშაობ. ეს ყველაფერი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია.
რა უნარები უნდა გააჩნდეს წარმატებულ პიარ–მენეჯერს ან მარკეტინგის მენეჯერს?
პიარისა და მარკეტინგის მენეჯერს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ის საბაზისო ცოდნა, ის საბაზისო „ლექსიკონი“, რომელიც საჭიროა და ყველას სჭირდება. უნდა იმსახურებდეს საზოგადოების კეთილგანწყობას. ყველაფერი გამოცდილებასთან ერთად მოდის იმიტომ, რომ შეიძლება იყოს მარკეტინგის სპეციალისტი და დამთავრებული ჰქონდეს ამ კუთხით მაგისტრატურაც, მაგრამ იმდენად ახალბედა იყოს, რომ რაღაცეები ვერ შეძლოს. ყველაფერს დრო და გამოცდილება სჭირდება.
გამოცდილებასთან ერთად ეს წარმატება კიდევ უფრო იზრდება, იგი უნდა იყოს საზოგადოებისთვის მისაღები და სასიამოვნო. ასევე კარგი მენეჯერი, რაც კარგი გუნდის დაკომპლექტებისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს. თუ არ გყავს გუნდი, ერთი ადამიანი ვერაფერს გააკეთებ, ძალა ყოველთვის ერთობაშია. ჩვენ გუნდს აქვს პრინციპი, რომ არ ვართ მარტო თანამშრომლები და კოლეგები, ჩვენ ვართ პირველ რიგში მეგობრები. ეს გაკეთებულ სამუშაოზეც ყოველთვის აისახება.
კარგი მენეჯერი და კარგი გუნდი წარმატების ერთ–ერთი აუცილებელი პირობაა, ასევე ხელმძღვანელობა, რადგან თუ არ გყავს კარგი ხელმძღვანელობა შეიძლება შენ იყო ძალიან კრეატიული, მაგრამ ხელმძღვანელობა არ ითვალისწინებდეს შენ ხედვებს და მაინც თავის კურსს გაჰყვეს. ასეთ დროს ვერ ავლენ შენ შესაძლებლობებს და კარგ მხარეს.
ერთი სამუშაო დღე...
ჩემი სამუშაო დღე 07:30–ზე აუზით იწყება. ცურვიდან პირდაპირ მივდივარ სამსახურში. საქამიანობას ვიწყებთ დაგეგმარებით, ანუ რას გავაკეთებთ დღის განმავლობაში. ამის შემდეგ, როდესაც ყველა და ყველაფერი გაიღვიძებს და მუშაობას შეუდგებიან, იწყება ჩემ ტელეფონზე ზარები და სხვადასხვა საქმეების მოგვარება. მთელი დღე, ან შეხვედრებზე ვარ, ან ღონისძიებისთვის დარბაზი მაქვს დასათვალიერებელი, ივენთი მაქვს გასაკეთებელი, ან სადღაც მივფრინავ.
საღამოობით თუ რამე ღონისძიება არ არის, კონცერტი თუ არ მიმყავს ან მე თვითონ არ ვარ სადმე სტუმრად დაპატიჟებული, როგორც კი სახლში მივდივარ მაშინვე ვიძინებ. ყოველთვის, რასაც განვიცდი, ეს არის ძილის დეფიციტი. დახარჯულ ენერგიას ყოველთვის ვინაზღაურებ ძილით.
ყველაზე რთული პერიოდი თქვენს კარიერაში, როგორ დაძლიეთ , რა გასწავლათ და რა მიიღეთ ?
ყველაზე რთულად გადასაჭრელი საკითხი იყო მაშინ, როდესაც ისი–პარის ხელმძღვანელობამ პიართან ერთად მარკეტინგის დეპარტამენტის ჩაბარებაც შემომთავაზა. ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივისცემა და პასუხისმგებლობა იყო. ამხელა კომპანიის ფუნქციების შეერთება. ღამეები არ მეძინა ისე ვნერვიულობდი, ვფიქრობდი გავართმევდი თუ არა თავს. ასევე თუ ამას დავთანხმდებოდი რადიოდანაც უნდა წამოვსულიყავი.
რადიო, სადაც 10 წელი ვმუშაობდი. ძალიან შემეშინდა. გარდა იმისა, რომ ვარ ფილოლოგი და მაგისტრი, არ ვარ მარკეტოლოგი და მარკეტინგი მაინც ახალი სფერო იყო. ძალიან ბევრი ვიფიქრე. შემეშინდა, რომ ვერ გავამართლებდი კომპანიის იმედებს, ეს მეც დამაზარალებდა და კომპანიასაც. ვნერვიულობდი იმაზეც, რომ ყველაფერი ისე მიმეწოდებინა ფორტუნას ხელმძღვანელობისთვის, მათ გული არ ტკენოდათ. ძალიან გამიჭირდა. ბევრი რამ ავწონ–დავწონე. არ ვარ ის ადამიანი, ვისაც ცვლილებები უყვარს, მე ცოტა მეშინია ცვლილებების. სტაბილურობა უფრო მიზიდავს. თუმცა ყველაფერი კარგად გამოვიდა, რადგან ვიყავი გულწრფელი. დღემდე ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს.
საყვარელი სუნამო?
ახლა ამოჩემებულ სუნამოდ მიმაჩნია ეს არის Cartier “Baiser Volé” და რა თქმა უნდა hermes–ი. ეს ორი ბრენდი გამორჩეულად მიყვარს. რასაც ისინი გამოუშვებენ უკვე მომწონს. ამ განწყობით რომ ხვდები სიახლეს, მერე უკვე მოგეწონება, თან მგონია, რომ მიხდება ეს სუნამოები.
რომ არა ისი–პარი, სად იმუშავებდა ხატია შამუგია და რა პოზიციაზე?
სხვათაშორის ახლა ჩემ ცხოვრებაში საიტერესო ეტაპი იწყება. ჩამოყალიბდა ტრენინგ ცენტრი, სადაც პირველად საქართველოში იკითხება საგანი Fashion marketing-ი. ამ კურსს, პარფიუმერიის კუთხით, მე წავიკითხავ. ჩემსა და სტუდენტებს შორის ინფრომაციის გაცვლა მოხდება, რაც ძალიან მომწონს. უკვე მქონდა მსგავსი გამოცდილება და ძალიან მომეწონა მათთან ურთიერთობა.
ვთვლი, რომ ნებისმიერი მოსწავლისგან, თუნდაც ბაღის მოსწავლისგან, ვისწავლო, მივიღო რაღაც, რადგან არ არსებობს ადამიანი, რომლისგანაც სიახლეს არ იღებ. ვფიქრომ პორფესიული ზრდისთვის ეს ძალიან კარგი იქნება. ალბათ სამეცნიერო საქმიანობასაც მივყოფდი ხელს და დიდი სიამოვებით პედაგოგიც გავხდებოდი. ბუნებრივია რადიო–ტელევიზიაშიც ვიქნებოდი.
რას მიიჩნევთ საქართველოში მარკეტინგისა და პიარის სფეროში არსებულ ყველაზე დიდ პრობლემას? რის გაუმჯობესებას ისურვებდით?
საქართველში იმდენად ყველა ერთმანეთს ვიცნობთ, რომ არ მინდა ვინმეს swot–ანალიზი გავაკეთო. მარკეტინგს ვერ შევაფასებ იმიტომ, რომ ეს კომპანიის სტრატეგიიდან გამომდინარეა და სპეციფიურია. ნებისმიერ PR-მენეჯერს, მით უმეტეს, როცა დიდი კომპანია დგას შენ უკან, პირველ რიგში გამართული და დახვეწილი მეტყველება უნდა ჰქონდეს. როცა, ინფრომაციას აწვდი ადამიანებს, მათ წინაშე გამოსვლა, საუბრის მანერა, დამაჯერებლობა და გამართული ქართული ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია.
პიარი არის კომუნიკატორი საზოგადოებასა და იმ კომპანიას შორის, რომელსაც წარმოადგენ. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ მიაწვდი ინფორმაციას. ცნობილი ადამიანის PR-მენეჯერობა არ ნიშნავს წარმატებულ პიარს. შეიძლება იყო ცნობადი მაგრამ ვერ იყო მაგარი პიარში. შეიძლება იყოს საერთოდ უცნობი, მაგრამ ისეთი ძლიერი იყოს, რომ სწორედ ამ საქმიანობით გახდეს ცნობადი. ინტელექტი, საუბრის მანერა, პასუხისმგებლობის გრძნობა ეს აუცილებელია.
რას მიიჩნევთ ისი-პარის უნიკალურ, კონკრენტულ უპირატესობად?
პირველ რიგში ის, რომ საქართველოში, პარფიუმერულ ბაზარზე, ყველაზე მეტი წილი უჭირავს ICI PARIS. აქვს 23 მაღაზია და ყველაზე მეტი დასახელების ბრენდია წაარმოდგენილი. ასევე წარმატებად მიმაჩნია ის, რომ ისი–პარი ყველაზე მეტ აქტივობას სთავაზობს მომხმარებელს, ყველზე მეტი კონტაქტი აქვს, სულ რაღაც აქციაა, გათამაშებებია, პრიზებია ანუ ათამამებს მათ და ცდილობს, ეს მომხმარებელი მუდამ მასთან ერთად იყოს.
ისი–პარის მთავარი ფსონი და ღირსება არის ის, რომ მომხმარებელი რომელიც შემოდის, რამდენიც არ უნდა ჰქონდეს თანხა, ის იმ თანხას ხარჯავს, ანუ არ აქვს შეგრძნება, თითქოს ვერაფერს იყიდის, ვერ გაწვდება.
საყვარელი გამონათქვამი...
„არასოდეს თქვა არასოდეს“–ამას ყოველთვის ვამბობ. ასევე, მინდა გავიხსენო ერთ–ერთი საინტერესო და საყვარელი გამონათქვამი: „ცხოვრებაში არ ინერვიულო ორ რამეზე: ერთი–რომელსაც ეშველება და მეორე –რომელსაც არაფერი ეშველება!“
თქვენი აზრით ვინ არის საქართველოში ყველაზე წარმატებული პიარისა და მარკეტინგის მენეჯერი?
თორნიკე გურული (ვისოლი) და გია ბარკალაია(ვითიბი).
რა არის საჭირო იმისათვის, რომ ახალგაზრდა ადამიანი PR-სა და მარკეტინგის სფეროში მოხვდეს და წარმატებული კარიერა ჰქონდეს?
გარდა იმისა, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს საბაზისო ცოდნა, ჩემი აზრით, ადამიანის წარმატების ფორმულაა, რომ იგი უნდა აღმოჩნდეს საჭირო დროს–საჭირო ადგილას. ყოველთვის ვამბობ, უკვალოდ არაფერი ქრება და უბრალოდ არაფერი ხდება. უნდა მიხვდე, რომ ეს არის საჭირო დრო და საჭირო ადგილი. როდესაც ღმერთი შანს გაძლევს, ის ხელიდან არასოდეს უნდა გაუშვა და ყოველთვის უნდა გამოიყენო. რა თქმა უნდა საჭიროა პროფესიული ზრდა. ადამიანი მოტივირებული უნდა იყოს და ბევრი ისწავლოს. ადამიანი იმისთვისაა შექმნილი, რომ სიცოცხლის ბოლომდე ყოველთვის რაღაცას ეძებდეს და ცდილობდეს ახალი და ახალი შეითავსოს.