3
Jun
2019

ხათუ ფსუტურის სამყარო – იგივე “ფსუტურიზმი”

3 Jun 2019

შეგრძნებებიდან რეალობამდე ერთი ნაბიჯია, ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი. ამ ერთ ნაბიჯს გამოხატვა ეწოდება და ადამიანები მას სხვადასხვა გზით ახორციელებენ. თვითგამოხატვის ხერხი მრავალია – ზოგი თუ წერაში პოულობს შვებას, ზოგისთვის ხატვაა ამ შვების მომგვრელი. თვითნასწავლი მხატვარიც, ხათუ ფსუტური საკუთარი შეგრძნებების რეალობაში გადმოტანას ფუნჯით და საღებავებით ახერხებს.. შემოქმედების ეკლიან გზაზე ამაყად მიდის და სირთულეებს არ უშინდება – იცის, ეს ისაა, რაც უნდა აკეთოს. მის შემოქმედებასა და სამომავლო გეგმებზე ხათუს Marketer.ge გაესაუბრა:

ბავშვობაში დახატული ავტოპორტრეტი

M: პირველ რიგში, ვინ არის ხათუ ფსუტური?

ხათუ ფსუტური არის კინორეჟისორი, მემონტაჟე, მხატვარი. ერთი მეორეს ხელს არ უშლის, მე შემიძლია, ისინი გავაერთიანო და ვაკეთო ანიმაციები. მაგრამ დღეს ყველაზე დიდი ადგილი ჩემს ცხოვრებაში ფერწერას უკავია.

 

M: როგორი იყო ფერწერასთან პირველი შეხება და რა გზა განვლო თქვენმა შემოქმედებამ?

ხატვა დავიწყე 9-10 წლის ასაკში. ძირითადი მიზეზი, რატომაც ვხატავდი, ალბათ ის იყო, რომ თანატოლებთან კომუნიკაცია მიჭირდა. ამიტომ ვხატავდი სხვადასხვა ხასიათის პერსონაჟებს, ასე ვთქვათ, ჩემს წარმოსახვით მეგობრებს. ასე ვმეგობრობდი მათთან. ხატვა ყველაზე მეტად მიყვარდა, ამიტომ გადავწყვიტე სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება, მაგრამ იქ მითხრეს, რომ ეს ის საქმეა, რისი კეთებაც არ შემიძლია. თუმცა, მე დღეს ვაკეთებ იმას “რისი კეთებაც არ შემიძლია”- ვხატავ.

M: რა არის თქვენი ინსპირაცია\მოტივაცია?

ვხატავ მაშინ, როდესაც რაღაც ძალიან მძაფრ ემოციას ვგრძნობ, რაც შეიძლება, გამოიწვიოს გარემომ, მუსიკამ… ძალიან მიყვარს ზეთში ხატვა, რადგან იგი ქმნის მოცულობისა და პერსპექტივის საოცარ ილუზიას. ყოველთვის ვასრულებ ნამუშევარს ერთ დღეში, რადგან მეშინია, რომ დიდ ხანს ხატვით არ გაქრეს ის შეგრძნება და ემოცია, რასაც იმ დროს ვგრძნობ. ჩემს პერსონაჟებს რომ ვუყურებ, ხასიათიც მათთან ერთად მეცვლება, რაღაც უცნაური ემოცია მეუფლება, რომელიც ახალ ფანტაზიას აღვიძებს. ასე ჩნდება ჩემი ახალი პერსონაჟები და ახალი სამყარო.

M: რატომ უნდა შემოვიხედოთ თქვენს სამყაროში?

მე მგონია, რომ ადამიანები ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე განიცდიან იმ შეგრძნებებს, რასაც მე ვგრძნობდი თითოეული ნამუშევრის შექმნისას. უბრალოდ ყველა სხვადასხვანაირად ვუზიარებთ ერთმანეთს ამ შეგრძნებებს. მე შემიძლია, ეს დავხატო და ისე გაგიზიაროთ. არ აქვს მნიშვნელობა, კარგად ვართ, ცუდად ვართ, მთავარია, რომ აზრები და შეგრძნებები იცვლება და დაგუბებული წყალივით ერთ ადგილას არ ვშეშდებით. პირადად მე ეს მაძლევს საშუალებას, ახალი და ახალი ნამუშევრები შევქმნა. ამიტომ ვფიქრობ, თქვენთვის საინტერესო იქნება ჩემს სამყაროში შემოხედვა. საინტერესო იქნება, თქვენ რას იგრძნობთ..

M: რა იყო თქვენს ცხოვრებაში ყველაზე რთული გადაწყვეტილება, რა გამოცდილებამ გაგაძლიერათ პიროვნულად\პროფესიულად ყველაზე მეტად?

ხატვის დაწყებიდან ძალიან მალევე წავედი ნიუ-იორკში. ძალიან რთული იყო ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგან ჩავდიოდი ქალაქში, სადაც კონკურენცია ძალიან დიდია, მქონდა ძალიან რთული პერიოდები, მაგრამ  სირთულეებს უაზროდ არ ჩაუვლია, კონტრაქტი გავაფორმე ერთ-ერთ კომპანიასთან, რომელსაც ძალიან დიდი გეგმები აქვს ჩემთან დაკავშირებით.

M: როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ვგეგმავ გამოფენას თბილისში, ტერმინალში 8-9 ივნისს. ამასთან ერთად, ვაპირებ, ისევ წავიდე ნიუ-იორკში, სადაც ასევე ვგეგმავ გამოფენას.

M: და ბოლოს, რას დაარქმევდით თქვენს შემოქმედებას?

არ ვიცი, ალბათ “ფსუტურიზმი”..

 

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე



განხილვა