20
აპრ
2018

ხათუნა კაკაბაძე – #პირველისამსახური

20 აპრ 2018

პროფესიით ჟურნალისტი ვარ. პირველი სამსახური 18 წლისამ დავიწყე “რადიო უცნობში”, რომელიც იმ დროს ძალიან პოპულარული რადიო იყო და ბევრი მსმენელი ჰყავდა (თბილისის მასშტაბით). მეც ვუსმენდი და ძალიან მომწონდა. შემთხვევით, ერთმა ადამიანმა მითხრა, რომ გასართობი გადაცემების გარდა აპირებდნენ საინფორმაციო და ბიზნეს გადაცემების დაწყებასაც. მეც  ავდექი და მივედი. შევხვდი რამდენიმე პროდიუსერსა და დირექტორს. მიმიღეს. თავდაპირველად, ცხადია რამდენიმე თვე სტაჟიორის ფუნქცია მქონდა, შესაბამისად, ანაზღაურების გარეშე ვასწორებდით დღეს და ღამეს, რომ გაგვეშვა გადაცემები. უკვე, როდესაც გადაცემები მოხვდა რადიოს ბადეში, ე.წ შტატიანი და ხელფასიანი თანამშრომელი გავხდი. კვირის განმავლობაში 2 დღეს მიმყავდა საინფორმაციო გამოშვება „5 წუთით ადრე“, ხოლო დანარჩენი დღეები ვიყავი კორესპონდენტი. ვაშუქებდი პოლიტიკას, ეკონომიკას, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მიმდინარე პროცესებს. იმ დღეს როდესაც მიმყავდა საინფორმაციო გადაცემა, დილის 8 საათიდან საღამოს 9 საათამდე, ყოველი საათის ბოლოს, „ხუთი წუთით ადრე“ გავდიოდი რადიოს პირდაპირ ეთერში. პროდიუსერთან ერთად ვამზადებდით საათიდან საათამდე ახალ გამოშვებას, ხოლო როდესაც კორესპონდენტობის დღე მქონდა, მიწევდა იმ დროისთვის აქტუალური ამბების გაშუქება, მოვლენის ეპიცენტრიდან, ეს იყო პარლამენტის შენობა, მთავრობის სხდომა, აქციები რუსთაველის გამზირიდან თუ სხვა.

 

პირველი დაბრკოლებაც, შესაბამისად, პროფესიული იყო. მნიშვნელოვანი ამბის გასაშუქებლად, მქონდა არჩევანი, ჩავსულიყავი ადგილზე ან თბილისიდან გამეცნო მსმენელისთვის ახალი ამბები. გადაწყვეტილება წამიერად მივიღე. შესაბამისად, სულ რამდენიმე საათში აღმოვჩნდი ცხინვალის მისადგომებთან. ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, გარდა ჩემი პროდიუსერის და მძღოლისა. ოჯახის წევრებისთვისაც არ მითქვამს. ცხინვალისკენ მიმავალ გზაზე, რამდენჯერმე გავჩერდით და ადგილობრივ მოსახლეობას სწორი გზის მიმართულება ვკითხეთ. არასოდეს დამავიწყდება მათი გაკვირვებული, რიგ შემთხვევაში, შეშინებული სახეები. ერთ-ერთმა მათგანმა ისიც კი შემოგვთავაზა, რომ სახლიდან გამოიტანდა სანადირო თოფს და გაგვატანდა. ამ მომენტში, რეალურად გავაანალიზეთ მე და ჩემმა მძღოლმა, თუ სად მივდიოდით. იყო წამი, როდესაც გავიფიქრე უკან დაბრუნება, თუმცა ეს იყო წამი… განვაგრძეთ გზა. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ პროფესიულ ჟინს – შენი საქმე აკეთო 100%-ით, მართლაც ძალიან ბევრი რამ შეუძლია. ჩვენმა ვიზიტმა მშვიდობიანად ჩაიარა, „რადიო უცნობის“ მსმენელმა ახალი ამბები მოისმინა უშუალოდ მოვლენის ეპიცენტრიდან. დღევანდელი გადმოსახედიდან კი ბედნიერი ვარ, რომ ვიყავი და ჩემი თვალით ვნახე ის ადგილები, რომლებიც ახლა ჩვენთვის ხელმისაწვდომი, სამწუხაროდ, აღარ არის – ოკუპირებულია.

ხათუნა კაკაბაძე – “საქართველოს ბანკი”, საზოგადოებასთან ურთიერთობის, შიდა კომუნიკაციების და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების დირექტორი.

განხილვა