ადრეული ასაკიდან მივხვდი, ადამიანებთან ურთიერთობა ჩემი მოწოდება იყო. ამიტომ, სკოლის დამთავრებისთანავე ჩავაბარე კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების განხრით. უკრაინაში სწავლის სურვილი, უმეტესწილად, ჩემი ძმის „კიევის დინამოში“ გადასვლითაც იყო განპირობებული, რამაც დასახული მიზნის მისაღწევად დამატებითი მოტივაცია მომცა. სწავლის პარალელურად, აქტიურად ვმონაწილეობდი თემატურ ტრენინგებში, სემინარებსა, თუ პროექტებში.
უნივერსიტეტის დასრულებისთანავე, სწავლა იმავე ინსტიტუტში, საჯარო სამართლის მიმართულებით განვაგრძე მაგისტრატურაზე. თავისუფალი დროის გამოჩენისთანავე, ვცდილობდი პარალელურად კვალიფიკაცია ამემაღლებინა. სწორედ, ერთ-ერთი ასეთი გამოცდილება გახლდათ თვითმმართველის სტაჟირება ბათუმის მერიის ადმინისტრაციის იურიდიულ განყოფილებაში.
იმ პერიოდის მიზნების სისრულეში მოყვანის შემდგომ, გადავწყვიტე დიდი ხნის სურვილი ამეხდინა და გარკვეული გამოცდილება საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობითაც მიმეღო. უამრავი გამოცდისა და გასაუბრების შემდგომ, გავიარე სასწავლო პრაქტიკა უკრაინაში, საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურში. მოქალაქეებთან ყოველდღიურმა კომუნიკაციამ და საელჩოს მიერ დაგეგმილმა ღონისძიებებმა კიდევ უფრო დამარწმუნა ადამიანებთან ჩემი კომუნიკაციის შესაძლებლობებსა და ამ სფეროსადმი სიყვარულში.
ამასობაში, მაგისტრანტის ხარისხიც მივიღე. სამშობლოს სიყვარულმა მძლია და საქართველოში ჩამოვედი. დაბრუნებისთანავე, შევეცადე აღებული ტემპი არ დამეგდო და მალევე დავიწყე მუშაობა არასამთავრობო ორგანიზაციაში, სადაც მჭიდრო ურთიერთობა მქონდა სახელმწიფო სტრუქტურებთან და რაც მთავარია, მოქალაქეებთან.
„ალიანსთან“ 2015 წელს გადავიკვეთე. თავდაპირველად კიევში, „ალიანს ჯგუფის“ წარმომადგენლობითი ოფისის მართვა შემომთავაზეს, რასაც დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. ამ პოზიციაზე, წლების განმავლობაში ვუწევდი კოორდინაციას როგორც ფინანსურ, ისე იურიდიულ საკითხებს. გარდა ამისა, კომპანიას ვეხმარებოდი მომხმარებლების ინფორმირება-მოზიდვაში, ვგეგმავდი ინფო-ტურებს, ვმონაწილეობდი უკრაინის მასშტაბით ორგანიზებულ საერთაშორისო გამოფენებსა თუ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ კონფერენციებში, სადაც მომხმარებელთან ურთიერთობა კიდევ უფრო სიღრმისეულ სახეს იძენდა.
ამ მრავალფეროვან პროცესებში ჩართულობისას, აღმოვაჩინე დიდი ინტერესი ფინანსური განხრისადმი. შედეგად, 2018 წელს, კომპანიის გადაწყვეტილებით, ჩავიბარე უკრაინისა და სხვა წარმომადგენელი ქვეყნების ფინანსური საკითხებიც.
2019 წლიდან „ალიანს ჯგუფისთვის” კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. ეს გახლდათ წარმატებულად დასრულებული პროექტის, „ალიანს პალასის“, აპარტამენტების საკუთრების უფლების გადაცემა. ჩემი გამოცდილების გათვალისწინებით, ჩამბარდა გადაფორმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, კერძოდ ხელშეკრულებების რევიზია და ფინანსური ნაწილის კურირება.
კომპანიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯის თანამონაწილეც მალევე გავხდი. 2020 წლიდან, „ალიანსმა“, ინვესტორების გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით, მომხმარებელთან ურთიერთობის ცალკეული დეპარტამენტი ჩამოაყალიბა. დეპარტამენტს დაარსების დღიდან შევუერთდი. ჩემი როლი მომხმარებელთან მჭიდრო კომუნიკაციას, მხარდაჭერასა და ნებისმიერი თანმდევი პროცესის ეფექტურ მართვას მოიცავს. ინვესტორებთან წარმატებული ურთიერთობა ვერ შედგებოდა „ალიანს ჯგუფში“ შემავალი დეპარტამენტების მხარდაჭერისა და მეგობრული გარემოს არსებობის გარეშე, რაც ჩემთვის კომპანიას კიდევ უფრო უნიკალურსა და გამორჩეულს ხდის.
მომხმარებლებს არა მხოლოდ საინვესტიციო უპირატესობებსა და Lifestyle მომსახურებას ვთავაზობთ, არამედ მათ თვითგანვითარებაზეც ვზრუნავთ. ახლა უფრო მეტი ყურადღებით ვსწავლობთ მომხმარებლების სურვილებსა და ინტერესებს, რის შესაბამისადაც, პირადად მათზე მორგებულ კომუნიკაციას წარვმართავთ. ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია არსებული მომხმარებლის მუდმივი ინფორმირება და მათზე ზრუნვა.
საბოლოოდ, „ალიანს ჯგუფში“ 8-წლიანი, მრავალფეროვანი გამოცდილება მაძლევს უფლებას ვთქვა, რომ კომპანიამ ჩემს თითოეულ ინტერესსა და მისწრაფებას მხარი დაუჭირა. ამგვარად, საშუალება მომეცა ჩემი კომპეტენციითა და საქმისადმი სიყვარულით, მნიშვნელოვანი წვლილი შემეტანა „ალიანსის“ განვითარებასა თუ წარმატებაში. ადამიანებთან ურთიერთობა კი კვლავაც ჩემს საყვარელ სფეროდ რჩება, რასაც ყოველდღიურად დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით ვეკიდები.
ხათუნა ქათამაძე – „ალიანს ჯგუფის“ მომხმარებელთა მომსახურების მენეჯერი.