ალბათ, რაც უფრო ვიზრდებით, მით მეტად ვუბრუნდებით ზღაპრების სამყაროს — უკვე განსხვავებული ხედვით და აღქმით. ის, რაც ადრე ბავშვურ ფანტაზიებად გვევლინებოდა, მოგვიანებით სიმბოლურად გადმოცემულ სიღრმისეულ აზრებად იშლება. უცბად ვხვდებით, რომ ზღაპარს ერთი საოცარი თვისება აქვს: „იყო და არა იყო რა..“-ს მიღმა რაც იყო, სინამდვილეში მართლა სხვაგვარად ყოფილა — ან არ ყოფილა.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ზღაპრების სიმბოლური ახსნა, მათი ფსიქოანალიზის ჭრილში განხილვა ძალიან საინტერესოა, რადგან უამრავი დაშიფრული იდეა იკვეთება. სწორედ ამას აკეთებს ფსიქოლოგი ხათუნა მზექალაშვილი, რომელიც მრავალფეროვანი კარიერის გზაზე ერთხელაც ზღაპრებს დაუბრუნდა…
M: როგორ გაჩნდა ზღაპარი თქვენს ცხოვრებაში?
ხათუნა მზექალაშვილი: ცნობისმოყვარე ადამიანი ვარ და სულ მინდოდა ჩემი უნიკალური არხის მოძებნა, რათა ჭეშმარიტებაზე ჩემებურად მესაუბრა — ჭეშმარიტება ერთია, მაგრამ ყველა თავისებურად მივდივართ მის ახსნამდე. ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე კი, როცა ვეძებდი, რა იყო ჩემი ძირითადი მოწოდება, აღმოვაჩინე ზღაპრები. თავისით მოვიდა, თითქოს, ვერც კი გავაცნობიერე, ისე.
დედაჩემს საქართველოდან ამერიკაში გამოვაგზავნინე ქართული ზღაპრების წიგნი — თავიდან ვერ მიხვდა, რაში მჭირდებოდა, 15-წუთიანი სიჩუმე იყო ტელეფონში… არადა ზღაპარი იმდენად საოცარი რამ არის, ყველა ასაკს ერგება. ერთ ამბავს ყოველ ეტაპზე ისე ვიგებთ, როგორც მოცემულ მომენტს შეესაბამება. ბავშვისთვის ულამაზესი ფანტაზიის სამყაროა. ზრდასრულობაში კი მოულოდნელი აღმოჩენებით ივსები — გაოგნებული რჩები. გაკვირვებს ის ფაქტი, რომ ყველაფერი სინქრონულად მიდის, სიმბოლიზმი იდეალურად იშლება, მარტივი, „პრიმიტიული“ გზებით მიდიხარ დიდ აზრებამდე.
იმდენად ზრდის ბავშვში შემოქმედებითობას… გონება, ეს არის წარმოსახვისა და მეხსიერების ნაზავი. ორივეს სათანადო აზროვნება სჭირდება — ზოგიერთ ჩვენგანს ძალიან კარგი მეხსიერება აქვს, მაგრამ წარმოსახვის განვითარება არა თუ მახსოვრობაზე, არამედ თავისთავად კრეატიულობაზე დგას, როცა იდეები ძალდატანების გარეშე მოდის. ზღაპარი სწორედ ამის განვითარებას უწყობს ხელს.
M: ალბათ, ძალიან საინტერესოა ისედაც ჯადოსნური ზღაპრების სიღრმეებში ჩასვლა — მათი ანალიზი და კიდევ უფრო მეტი საინტერესო ფენის აღმოჩენა…
სიტყვებით რთულია იმის გადმოცემა, რასაც ზღაპრების ანალიზის დროს განვიცდი. ამას ვერ მოიპარავ, ვერც ვერავინ გასწავლის… ზღაპრის კითხვისას ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მეც იმ სამყაროში შევდივარ. სიმართლე გითხრათ, როდესაც ამ საქმეს შევუდექი, სრულიად მოუმზადებელი ვიყავი ემოციების იმ ტალღისთვის, რომელიც ერთიანად მომაწყდა. ჩანჩქერივით მოდიოდა და ვერ ვახერხებდი მის კონტროლს — მერე მივხვდი, რომ უნდა მივჩვეოდი. ნელ-ნელა მიმეღო ყველაფერი და გამოვწრთობილიყავი. კოკორს ხომ ვერ გახლეჩ სურნელის მისაღებად? დრო სჭირდება გასაფურჩქნად…
ადამიანსაც ასე აქვს აქტივიზაციის ცენტრები. ერთი რომ გაიხსნება, მას მეორე მოსდევს ბუნებრივად. ვეძიებდი და სამყაროსგან ვითხოვდი ცოდნის მიღებას — როცა რაღაც გინდა, სულ, მიზანსწრაფულად უნდა გინდოდეს და აუცილებლად მიიღებ. თავიდან რთული იყო გონების მოკრება, ვერ ვახერხებდი ერთ რამეზე კონცენტრაციას. თუმცა თანდათან ყოველგვარი „განსჯისა და დასჯის“ გარეშე ვისწავლე გაქცეული გონების უკან დაბრუნება. შემდეგ უკვე ამ რიტმზე აეწყო ჩემი ფიქრებიც.
M: რა არის ძირითადი ამოსავალი წერტილი თქვენთვის, როდესაც ზღაპრის ანალიზს იწყებთ?
ზღაპრების ანალიზის დროს ძალიან დიდ აქცენტს ვაკეთებ ფსიქიკაზე. ჩვენში ყველაზე დიდი განზომილება ფსიქიკაა, როგორც მატერიასა და სულს შორის გადებული ხიდი. სწორედ ამის ირგვლივ იგება შემდეგ მთელი სამყარო. შეგვიძლია, კონკიას მაგალითი განვიხილოთ: კონკია მხოლოდ თავისი ვიზუალური სილამაზით კი არ გამხდარა დედოფალი, არამედ შინაგანად ჰქონდა უკვე ამის მზაობა. ის რეალობა, რომელიც უკვე მის ირგვლივ შეიქმნა, შინაგანი მდგომარეობების მანიფესტაციას წარმოადგენდა… რა იყო კონკიას მთავარი ღირებულება? პირველი, ეს არის აწმყოში დარჩენის უნარი — რაც უნდა ცუდ სიტუაციაში ყოფილიყო, მაინც ახერხებდა სათანადო რეაგირებას. თან ყველაფერს ბოღმის გარეშე აკეთებდა, არც უბედურად აღიქვამდა თავს. მთელი ძალა მისი შინაგანი ფსიქიკის, ემოციის ფლობაში მდგომარეობს. რა არის იმაზე დიდი სიძლიერე, ვიდრე გარემო ფაქტორების ასხლეტვა და ყველაფრის მიუხედავად სიკეთის შენარჩუნება?
ყველაზე ღრმა მონობა ის არის, როცა ვიღაცას ჩემში ემოციის შეცვლა შეუძლია
მხოლოდ ჩემი არჩევანია და ჩემზე უნდა იყოს დამოკიდებული, რა ემოცია მექნება. როცა ადამიანი ყველაზე დაზარალებულ მდგომარეობაშიც კი თავად აკეთებს არჩევანს, ეს უდიდესი უნარია.
M: როგორაა დაკავშირებული ზღაპრის რეალობა ჩვენს რეალობასთან?
ვიტყოდი, რომ ყოველგვარი განსხვავების გარეშე ემთხვევა ერთმანეთს. ოღონდ შინაგანი თვალით უნდა დავაკვირდეთ — ზედაპირულად თუ მიუდგები ზღაპარს, ბევრი რამ აბსურდულად მოგეჩვენება… ამიტომაც, უფრო სიღრმისეულად უნდა შევხედოთ. თუ ოდნავ მაინც შეგიძლია სიმბოლიზმის აღქმა, საოცარ რაღაცებს აღმოაჩენ. წარმოიდგინე, რამდენად მრავალფეროვან შესაძლებლობებს იძლევა, რომ ერთსა და იმავე თემებზე ყოველ ჯერზე სრულიად განსხვავებული ინტერპრეტაციებით გვესაუბროს. ასეა „ადამიანურ რეალობაშიც“ — ჩვენ ხომ ერთი ცნობიერის ინდივიდუალური ვარიაციები ვართ.
ასე ვთქვათ, ზღაპარი ჩვენს შინაგან ევოლუციას ეხება
M: საინტერესოა, ზღაპარში სიბრძნე და ინფორმაცია როგორ მიემართება ერთმანეთს? ან ზღაპრის ფსიქოლოგიურ თერაპიებში გამოყენება რამდენად ეფექტურია?
ინფორმაცია და სიბრძნე არაფერ შუაშია ერთმანეთთან… ეს უკანასკნელი უფრო მეტად აზროვნების ფორმა და მოდელია. აი, ძალიან ღრმა ორმოში რომ ჩაგსვან, ვერაფერს დაინახავ ტალახის გარდა. თუ მეხსიერებაში შემორჩენილ გარემოს არ გაიხსენებ, მთელი შენი სამყარო ამ ტალახად იქცევა. გამოდის, რაღაცის ანალიზი და აღქმა ხედვასთან, სიმაღლესთანაა დაკავშირებული — თუ საიდან, უყურებ კონკრეტულ მოცემულობას. ზღაპარი კი ამ ხედვას უხსნის ადამიანს… ეტაპობრივად უნდა გაიგო თითოეული წინადადება, ამოხსნა სიმბოლოებით დაფარული იდეები. ბოლოში რომ გახვალ, მწვერვალზეც აღმოჩნდები და ყველაფერს მარტივად გაიგებ.
სიბრძნის გაგება თუ გინდა, აუცილებლად ბუნებას უნდა დააკვირდე. ყოველი მცენარე, ცხოველი, ფრინველი თუ მინიმალური ქვა საოცარ საიდუმლოებებს მოიცავს. შეგიძლია, ცასაც ახედო და თანავარსკვლავედებში სამყაროსეული ცოდნა მიიღო. ზღაპარი ზეციდან ჩამოტანილი მითოლოგიური ცოდნაა, დედამიწის ყოველდღიურ ურთიერთობებსა და სცენარებში გადმოტანილი — ჩვენთვის ბუნებრივ, ნაცნობ სიუჟეტებსაა მორგებული.
რაც შეეხება თერაპიებში გამოყენებას, ზღაპარს ტრანსში შეჰყავხარ, რადგან ბავშვობასთან ასოცირდება. ასეთ დროს ადამიანი მთლიანად მიმღები და გახსნილია, რაც მაქსიმალური ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. ასე ვთქვათ, არაცნობიერში სრული გადაპროგრამება მიდის… უბრალოდ, ამას ყოველდღიური პრაქტიკა და ვარჯიში სჭირდება.
M: ალბათ, ამდენ ზღაპარს შორის ერთი რომელიმე მაინც გამორჩეულად გიყვართ…
ცალსახად „ნაცარქექია“ — ვერაფერი მიცვლის მას… ეს არის პერსონაჟი, რომლის მოგზაურობაც ძალიან სპეციფიკურია — საკუთარი თავის შესაცნობად პასიური გზა აქვს არჩეული. ერთ ადგილას ჯდება და მთლიანად ცარიელდება ყოველგვარი ამბიციების, აზრებისა და ისტორიებისგან… უბრალოდ, ნაცარში იქექება და რა ფიქრიც ებადება, მას არ აძლევს მნიშვნელობას. შორს არ მიდის. სპონტანურობის კულმინაციაა, რომელიც მორჩილი გონების ქონით ვლინდება — გონების, რომელიც აქ და ახლა მოქმედებს, აწმყოში სრული კონცენტრაციით. იმდენად სპონტანურია, იმდენად დიდი მიმღებლობა აქვს რეალური მომენტებისა, რომ გონებას არცერთი წამით არ კარგავს.
ძალიან ბევრი ვიმოგზაურე, ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდი, მაგრამ საბოლოოდ ნაცარქექიასავით მივხვდი, რომ გონება მხოლოდ აქ და ახლა უნდა მქონდეს. შეგიძლია, ნებისმიერ ქვეყანაში, სახლში, ადგილას, ნებისმიერი ხის ქვეშ იჯდე და ყველაფერს იპოვი. ამ მომენტს „ნახტომის გაკეთებას“ ეძახიან, რომელსაც აუცილებლად მიადგები ერთხელაც — თუნდაც აქტიური ცხოვრების გზა გქონდეს არჩეული. რაღაც წერტილში უნდა დაივიწყო ყველაფერი, დაცარიელდე და აწმყოთი აივსო.
M: ზღაპრული აღქმების მაგალითზე, „აქ და ახლა“ ყოფნის გარდა, რა აუცილებელი გაკვეთილის/რჩევის მიღება შეგვიძლია?
მაგალითად მოვიყვანოთ ზღაპრის პერსონაჟი გოგონა, რომელსაც საბოლოო შედეგამდე მისვლამდე გარკვეული დაბრკოლებების გავლა უწევს. ერთხელაც შეხვდა ტყის პანტა, რომელიც ემუდარება, რომ შეჭამოს: „გთხოვ, მიირთვი ჩემი ნაყოფი“. ტყის პანტა არ არის გემრიელი, მაგრამ გოგონა აქებს და ეუბნება, როგორი არომატულია. ჭუჭყიანი ბუხრის დალაგების დროსაც არ იშურებს სასიამოვნო სიტყვებს: „შენ ყველაზე კარგი ბუხარი ხარ, საუკეთესო პურს გამოაცხობ“…
თუ განსჯას არ გამორიცხავ და რაც არ მოგწონს იმის მუდმივ კრიტიკას მიეცემი, წინ ვერ წახვალ. ეს აფერისტობა არ არის — უბრალოდ, როცა რაღაცას ვერ ცვლი, რამდენად ჭკვიანურია საქმის გაფუჭება მხოლოდ იმიტომ, რომ ინდივიდუალიზმი, განსხვავებულობა არ მოგწონს? რას ვიზამთ, ყველას და ყველაფერს თავისი მაქსიმუმი აქვს, მისი კრიტიკით კი ვერაფერს გახდები. შეცვლა მხოლოდ საკუთარ თავში შეგიძლია. თუნდაც ვინმე აგრესიული იყოს ჩემ მიმართ, თუ ეს ჩემს ღირებულებებში არ შედის, ყველაფერს მშვიდობიანად მოვაგვარებ — გამოდის, ჩემი თავის ცვლილებით მოვლენებსაც ჩემებურად ვატრიალებ… განსჯა ხდის პანტას უგემურს, პანტა კი არ არის უგემური, გარეთ არაფერია მახინჯი ან ნაკლები. არსებობს მახინჯი და არასაკმარისი ხედვა. შეცვალე შენი ისტორია და შეიცვლება სამყარო. ადამიანის ძალაუფლებაც მაგაშია. როგორც დაინახავს, ისეც იქნება.
ავტორი: ქეთია ბელქანია