როგორ შეიძლება ისაუბრო დაზღვევაზე მარტივად, დრამატული სცენებისა და დაძაბული მიმიკის გარეშე? ამ გამოწვევას “თიბისი დაზღვევამ” მარტივი გადაწყვეტა მოუძებნა. “ხდება ხოლმე” სთორითელინგით გადმოცემული სახალისო კამპანიაა, რომელიც რეალურ ამბებზეა დაფუძნებული. ამბებს მათივე ავტორები ჰყვებიან ისევე მსუბუქად და ხალისით, როგორც ამას სამეგობროს უამბობდნენ. კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა რამდენიმე ვიდეორგოლი, სადაც მთავარი გმირები იმ შემთხვევებზე საუბრობენ, ყველაზე მოწესრიგებულ მძღოლებსაც კი რომ შეიძლება შეემთხვათ. კამპანიის შესახებ, “თიბისი დაზღვევის” მარკეტინგის მენეჯერს, თათია კარიაულს ვესაუბრეთ.
M: რა არის კამპანიის მთავარი სათქმელი?
„ხდება ხოლმე“ – რეალურ ცხოვრებაზეა, რეალური ისტორიებით და რეალური გმირებით. ცხოვრებაში შემთხვევითობისგან დაზღვეული არავინაა, იმის მიუხედავად, რამდენად გამოცდილი მძღოლი ხარ, ან რამდენად ფრთხილად მართავ ავტომობილს.
ვეცადეთ ეს მოულოდნელობები ჩვენი ბრენდის ხასიათის შესაბამისად, ლაღად, უშუალოდ და არა შემაშინებლად გადმოგვეცა, ისევე, როგორც ადამიანები უყვებიან ხოლმე ერთმანეთს თავიანთ ავტოთავგადასავლებს. ავტომობილის დაზიანება, მით უმეტეს, ავარია თავისთავად არ არის სახალისო ფაქტი, თუმცა რას ვიზამთ, #ხდებახოლმე და თუ მანქანა დაზღვეული გყავს, ასეთ დროს, შენ უბრალოდ საფიქრალი გეხსნება და საზრუნავიც გიმსუბუქდება.
M: ვისი ისტორიაა ნაამბობი და ამბის თხრობის ეს სტილი რატომ აირჩიეთ? ვის ესაუბრებით კამპანიის საშუალებით?
კამპანიის ფარგლებში, ჩვენ მოვიძიეთ ჩვენი დაზღვეულების და არამარტო, ადამიანების ავტომობილთან დაკავშირებული ისტორიები და ვეცადეთ გადმოგვეცა ეს მაყურებლისთვის საინტერესო გზით.
კამპანიის ფარგლებში, გადავიღეთ ვიდეო სერიები, სადაც მონაწილე ადამიანები და მათი ისტორიები არის ნამდვილი, თანაც ისტორიები ისეთია, რაც ბევრ ადამიანს გადახდენია თავს და ბევრი ადამიანი იპოვის თავის/მეგობრის მსგავს ისტორიას. ამ გზით გვინდა, რომ მაყურებლისთვის რგოლები უფრო გულთან ახლოს მიიტანოს.
სერიების ვიზუალური სტილი ასევე სიახლეა, პერსონაჟების რეალური ფოტოებისა და გრაფიკული ელემენტების ერთობლიობა ვფიქრობ მეტად სახასიათოს და დასამახსოვრებელს ხდის სერიებს. ამ მხრივ, ზოგადად სულ ვცდილობთ გამორჩეულები ვიყოთ ბაზარზე.
M: ავარიის გამოჩენა აუცილებელი იყო?
როგორც წესი კომუნიკაციებს ავარიებს დასაშინებლად იყენებენ ხოლმე, რასაც ჩვენ არასდროს ვაკეთებთ. ამ რგოლებში ავარიები ისტორიებიდან ბუნებრივად მოვიდა, თუმცა ზოგი სერია კლასიკურ ავარიაზე შეიძლება არც იყოს და მთავარი აქცენტი კომუნიკაციაში ეს ნამდვილად არ არის.
M: ვინ იმუშავა კამპანიაზე?
კამპანიაზე ჩვენ საკომუნიკაციო სააგენტო HOLMES & WATSON-თან ერთად საკმაოდ დიდი ხანია ვმუშაობთ. განსაკუთრებული დრო და ენერგია ისტორიების და პერსონაჟების მოძიებას მოვახმარეთ, თუმცა გვჯერა, რომ ეს ამად ღირდა.
Credits:
Creative Director: Nikusha Antadze
Art Director: Meri Giorgobiani
Copywriter: Jumber Gamarjobashvili
Account Executive: Tutiko Mujiri
Graphic Designer: Levan Bucho Butskhrikidze
Photo: Lig Studio
Make Up Artist: Nino Bedeladze
Sound Design: Nika Tsintsadze
CG Artist: Tornike Jibuti
CG Supervisor: Irakly Zurabishvili
Executive Producer: Dimitri Sharashidze
Producer: Irinka Khvedelidze
Post-Production Producer: Buro
[R]