in

ხეების დარგვა ნალექების რაოდენობას საშუალოდ 7,6%-ით გაზრდის

ეს კლიმატის ცვლილებებთან გამკლავებაში დაგვეხმარება

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ევროპაში კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად დამატებითი ხეების დარგვა, შესაძლოა, სასარგებლო აღმოჩნდეს. როგორც ირკვევა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ტყეებად გადაქცევა ნალექების რაოდენობას საშუალოდ 7,6%-ით გაზრდის. 

კვლევის ავტორები ფიქრობენ, რომ დამატებითი ნალექები ნაწილობრივ “აანაზღაურებს” მომატებულ სიმშრალეს, რომელიც კლიმატის ცვლილებებთანაა დაკავშირებული. ამასთან, ხეების დამატება ახალი ტყეების შუაგულში წვიმების ნიმუშებს ცვლის. 

ნალექების ზრდის შესახებ დასკვნები ნაწილობრივ არსებული მოდელების დაკვირვებებს ემყარება. თუმცა ძირითადი მიზეზები ნაკლებ გასაგებია – სავარაუდოდ, ისინი იმასთანაა დაკავშირებული, თუ როგორ ურთიერთქმედებს ტყეები ღრუბლიან ამინდთან. 

მიმდინარე მოვლენებისა და არსებული კვლევებიდან გამომდინარე, მრავალი ქვეყნისთვის კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის მცდელობების მთავარი მექანიზმი ხეების დარგვა გახდა. ამას ეხმიანება პრემიერ მინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებაც, რომლის თანახმადაც, დიდი ბრიტანეთი 2025 წლისთვის ყოველწლიურად 30 მილიონი ახალი ხის დარგვას გეგმავს.

საგულისხმოა, რომ რამდენიმე კვლევამ შეისწავლა როგორც დადებითი, ისე ნეგატიური გავლენის სპექტრი, რომელიც აღნიშნულ ქმედებას ახლავს თან. ავტორები დაკვირვების სტატისტიკურ მოდელს იმის შესაფასებლად იყენებენ, თუ როგორ იმოქმედებს ტყის საფარის ცვლილებები კონტინენტის ნალექებზე. 

შედეგად დადგინდა, რომ თუ ტყეების ფართობი თანაბრად გაიზრდება ევროპის მასშტაბით, ეს ადგილობრივი ნალექების რაოდენობას მნიშვნელოვნად გაზრდის, განსაკუთრებით ზამთარში და ამავდროულად, სანაპირო რეგიონებში. ნალექიანობის დონის მატებასთან ერთად ახალი ტყეების დარგვა ქარიშხლების სიხშირეზეც მოქმედებს.

“კლიმატის ცვლილების ალბათ ყველაზე საშიში სიგნალი, რომელსაც ჩვენ ველით, ზაფხულის ნალექების შემცირებაა, რაც ევროპის სამხრეთ ნაწილებშია მოსალოდნელი, მაგალითად, ხმელთაშუაზღვისპირეთში” – აცხადებს კვლევის წამყვანი ავტორი რონი მეიერი, ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერი. მეიერი დასძენს, რომ ტყის გაშენება ძალიან სასარგებლო იქნება კლიმატის ცვლილებების უარყოფით შედეგებთან ადაპტაციის თვალსაზრისით. 

ამის პარალელურად გასათვალისწინებელია ის უარყოფითი გავლენები, რომლებმაც, შესაძლოა, კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ უკვე დაზარალებულ ნალექებში იჩინოს თავი (განსაკუთრებით ატლანტის რეგიონში). ავტორების თქმით, ამ ადგილობრივი და დისტანციური ზემოქმედების მიზეზები გაურკვეველია – ისინი აღნიშნავენ, რომ წვიმის გამომწვევი ღრუბლიანობა უფრო მეტხანს რჩება ტყიან ადგილებში. 

“ტყე ბევრად მკაცრია, ვიდრე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. ასე რომ, ეს უამრავ არეულობას იწვევს მიწისა და ატმოსფეროს ინტერფეისზე. თავის მხრივ, ტყე უფრო დიდ გავლენას ახდენს ატმოსფეროზე, ვიდრე სამეურნეო დანიშნულების მიწა” – ამბობს მეიერი. 

მკვლევართა აზრით, ის ფაქტი, რომ ერთ ქვეყანაში დარგულ ხეებს, შესაძლოა, მეორეზე ჰქონდეს გავლენა, ყურადღებას საჭიროებს – ყველა პოტენციური გავლენა გასათვალისწინებელია. თანაც, ცხადია, ხეების მეშვეობით კლიმატის ცვლილებების მოგვარების იდეა არც ისე მარტივია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. 

“ხეების დარგვა ნამდვილად არ არის კლიმატის ცვლილების სწრაფი გადაჭრა. ახალი ხეების დამატება ან დაკარგული ტყეების აღდგენა ვერასოდეს შეცვლის სათბურის გაზების ემისიებს – პირველ რიგში გამონაბოლქვების შემცირებაა საჭირო. ამასთან, ატმოსფეროდან ნახშირბადის ამოღებაა აუცილებელი, რათა დათბობის ტემპერატურა 1.5°C-ზე ნაკლები იყოს” – აღნიშნა პროფესორმა ვიმ ტიერიმ ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტიდან.

გაიცანით ევრო 2020-ის ფინალის ბურთი

ასეთია, შოპინგი და დასვენება ერთად, „კომფორტერში“