in ,

ხელის რევოლუციური პროთეზი პაციენტის ძვლებს, კუნთებსა და ნერვებს შეეზარდა

50 წლის შვედ ქალს, რომელმაც ხელი ფერმაში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაკარგა, უახლესი ტექნოლოგიებით შემუშავებული პროთეზი გაუკეთეს. კერძოდ, ბიონიკური ხელი რევოლუციურ ტექნოლოგიას ეფუძნება, რომელიც პირდაპირ ინდივიდის ძვლებს, კუნთებსა და ნერვებს უერთდება — ასე წარმოიქმნება ადამიანი-მანქანის ინტერფეისი. ხელოვნური ინტელექტი კი ტვინის სიგნალებს ზუსტ მოძრაობებად თარგმნის.

M2
M2

როგორც ცდისპირის, სახელად კარინი, აღნიშნავს, ბიონიკური ხელის მორგენის შემდეგ გარკვეულწილად გრძნობს შეხებას. ამ მექანიკურ თითებს კი 95%-იანი წარმატებით ამოძრავებს — ამასთან, ყოველდღიური საქმეების 80%-ს დამოუკიდებლად ასრულებს. „ამ ხელის მეშვეობით ყველაფერს უკეთ ვაკონტროლებ. რაც ყველაზე მთავარია, ტკივილი შემიმსუბუქდა და უკვე ნაკლები მკურნალობა მჭირდება“, — აღნიშნავს კარინი.

ამ ინოვაციურ ბიონიკურ ხელზე ინჟინერთა საერთაშორისო ჯგუფმა იმუშავა — კერძოდ, იტალიურმა კომპანია Prensilia-მ უხელმძღვანელა ამ პროცესს, თავად პროთეზს კი „მია“ დაარქვეს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც შიდა ელექტროდების მქონე რობოტულმა ხელმა გრძელვადიანი სიცოცხლისუნარიანობა აჩვენა იდაყვს ქვემოთ ამპუტაციის შემთხვევებში. უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, კარინს პროთეზი სამი წლის წინ გაუკეთეს და უკვე დიდი ხანია, ყოველდღიურობაში კომფორტულად იყენებს. თანაც ტექნოლოგია იმგვარადაა შემუშავებული, რომ როდესაც იმპლანტს ინდივიდის ძვალს ადებენ, ძვლის უჯრედები მის ირგვლივ მჭიდროდ შეიზრდება.

„ეს ერთიანობა იმდენად ძლიერია, რომ შეგვიძლია, ხელოვნური კიდური პირდაპირ ჩონჩხს მივამაგროთ“, — განმარტავენ მკვლევრები. ამისათვის ფეხიდან გადანერგილი კუნთი იმ იმპლანტანტებს მიუერთეს, რომლებიც კარინის იდაყვისა და რადიუსის ძვლებში მოათავსეს. შედეგად, მოჭრილ მკლავში კუნთები და ნერვები გაჩნდა. თანაც ეს გადანერგილი კუნთები ელექტროდებს შეიცავდა, ინტერფეისის სიგნალების გასაძლიერებლად.

გარდა ამისა, ვინაიდან პროთეზი პირდაპირ ძვალზეა მიმაგრებული, მკვლევრების თქმით, პაციენტებისთვის გაცილებით კომფორტულია მისი ტარება. ამასთან, სენსორული ელექტროდები უშუალოდ მოწყობილობაშია ჩამონტაჟებული — შესაბამისად, ხელიც უფრო თანმიმდევრულად იღებს პირდაპირ ნერვულ სტიმულირებას. სწორედ ამის შედეგია, რომ ტრადიციულ პროთეზთან შედარებით, ახალი ტექნოლოგია ოთხჯერ აუმჯობესებს ნივთების დაჭერის სიზუსტეს.

შთამბეჭდავი პორტფოლიოს შექმნა გამოცდილების გარეშე? დიახ, ეს შესაძლებელია!

ვიდეოთამაშები — უბრალოდ გასართობი თუ კულტურის ნაწილი?