დღევანდელ ბიზნეს სამყაროში ერთი ტრენდი გამოიკვეთა, ხელმძღვანელები კაბინეტებიდან გამოდიან და პირველი ხაზის თანამშრომლების როლს ირგებენ… ასე მოხდა სტარბაქსის ახალი ხელმძღვანელის ლაქსმან ნარასიმნაჰის შემთხვევაშიც — 40 საათი ბარისტას სერტიფიკატის აღებას მიუძღვნა, შემდგომში კი აშშ-ში, ევროპასა და იაპონიაში სტარბაქსის მაღაზიებში გაატარა დრო, ამზადებდა ყავას და აკეთებდა ყველა სხვა საქმეს, რაც კონკრეტულ პოზიციაზე მყოფ ადამიანს ევალებოდა.
მას საკმაოდ გაუჭირდა ჭიქისთვის შესაბამისი თავსახურის პოვნა, რამაც მიუთითა, რომ კომპანიის ოპერაციები საკმაოდ რთული იყო. ამასთან, დაინახა, როგორ იხდიდნენ მომხმარებლები და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კომპანიისთვის… როგორც ამბობს, გამოცდილება იმდენად მრავლისმომცემი აღმოჩნდა, რომ კიდევ აპირებს, თვეში ნახევარი დღე ამ საქმეს მიუძღვნას.
ასე იყო Uber-ის შემთხვევაშიც, ოღონდ ამჯერად ხელმძღვანელმა მძღოლის პროფესია შეითავსა, გადაჰყავდა მგზავრები, მიჰქონდა შეკვეთები… პირველად გაიაზრა ის, რაზეც უკვე დიდი ხანია, მძღოლები საუბრობენ — რამდენად რთულია კომპანიაში დარეგისტრირება და როგორ სჯიდნენ მძღოლებს, რომლებიც ტრანსპორტირებაზე უარს ამბობდნენ. ამან მას არსებული მოსაზრებების გადახედვისკენ მოუწოდა და ასე Project Boomerang-იც შექმნა, თავისივე დიდი ცვლილებების ინიციატივის პროექტი.
შესაძლოა, ეს ამბები სახალისოდ გეჩვენებოდეთ, მაგრამ რეალურად ერთ ფაქტს გვახსენებს: ხელმძღვანელები იმდენად იძირებიან ბიზნეს მოდელებში, ტექნოლოგიებსა და მარკეტინგულ კამპანიებში, რომ იმ ბიზნესს შორდებიან, რომელსაც რეალურად მართავენ და იმ მომხმარებლებს, რომლებიც მათ პროდუქტებს ყიდულობენ. მარტივად რომ გითხრათ, ასე კი ძალიან გაუჭირდებათ ადამიანების მოზიდვა და მათთვის ნამდვილად რაღაც ფასეულის შეთავაზება.
მენეჯმენტის ლეგენდად წოდებული ტომ პიტერსი, რომელიც უკვე 80 წლისაა და სულ ახლახან გავიდა პენსიაზე, გვეუბნება: „მე შეყვარებული ვარ ამაზე, როგორც მეტაფორაზე. მეტაფორაზე, რომ იყო მათთან ახლოს, არ დაკარგო შეხება თანამშრომლებთან, მომხმარებლებთან და მომმარაგებლებთან. არსებობს დისციპლინა, გამოხვიდეთ ოფისიდან, მიუახლოვდეთ იმ ადგილს, სადაც ნამდვილი სამუშაო სრულდება და დარწმუნდეთ, რომ საქმეების ჩვეული კურსი ამის კეთებაში ხელს არ შეგიშლით“.
რამდენიმე წლის წინ ჰარვარდის ბიზნეს სკოლის პროფესორებმა მასშტაბური კვლევაც ჩაატარეს, რომლის თანახმადაც, ხელმძღვანელები კოლეგებთან შეხვედრისას დროის ნახევარს პირდაპირ მოხსენებებში, 32%-ს კი მთავარ მენეჯერებთან ატარებდნენ. ისინი მხოლოდ 6%-ს უთმობდნენ პირველი ხაზის თანამშრომლებს… ასეთ დროს საკმაოდ დიდი რისკია იმისა, რომ მათ არ იცოდნენ, რეალურად, რასთან უწევთ თავიანთ თანამშრომლებს გამკლავება.
მეტიც, მსგავსი მიდგომა ხელმძღვანელებს მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ინოვაციების ან თუნდაც, მარტივად განსახორციელებელი პროგრამების შესაძლებლობების დანახვაში უშლის ხელს.
აქ შეგვიძლია, ჯანდაცვის კომპანია DaVita-ს მაგალითი განვიხილოთ, რომლის კამპანიაც იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ უორენ ბაფეტისგან დიდი ინვესტიცია მიიღო. თავდაპირველად Adopt a Center-ის პროგრამა დანერგეს, სადაც ხელმძღვანელებს მოსთხოვეს, პირადი კავშირები დაემყარებინათ კონკრეტულ დეპარტამენტთან — გაეცნოთ პერსონალი და პაციენტები, გაეკეთებინათ ისეთი საქმე, რომელიც სამედიცინო სერტიფიკატებს არ მოითხოვდა. რაც შეეხება მიზანს, ასე ხელმძღვანელებმა მათი საქმის მნიშვნელობა უკეთ გაიაზრეს.
DaVita-ს შემდგომი პროგრამა კი Reality 101 იყო — ვიცე-პრეზიდენტობის ან მსგავსი ტიტულის მქონე ადამიანებს ერთი კვირა უნდა გაეტარებინათ დიალიზის ცენტრში წინა ხაზის თანამშრომლებთან და დახმარებოდნენ მათ ისეთ საქმეში, როგორიცაა წნევის მონიტორინგი. ამ პროგრამამ დიდი გავლენა იქონია თავად კომპანიის პირველი ხაზის თანამშრომლებზე. მათ ხელმძღვანელები, რომლებიც უბრალოდ პერსონალში ეწერა, ახლა კოლეგებად აღიქვეს და უფრო დიდი სურათის დანახვაც შეძლეს. ვიცე-პრეზიდენტებმა კი თავიანთი საქმის მეტად ადამიანური მხარე გაიცნეს. მთლიანობაში, ამ პროგრამით ორგანიზაციაში ემპათიის გრძნობა გააძლიერეს.
ეს საკმაოდ ძლიერი ინსაითია და ეხება ყველა აღმასრულებელს, მიუხედავად იმისა, თუ რომელ სფეროში მოღვაწეობენ ისინი — იქნება ეს ყავის მიწოდება, მგზავრების გადაყვანა თუ დიალიზით სიცოცხლის გადარჩენა. მიზანი ყველა დონეზე მყოფი კოლეგების ინფორმირება და ენერგიის მიცემაა, განსაკუთრებით კი ეს პირველი ხაზის თანამშრომლებს ეხებათ. გამოდის, ბიზნესის წინაშე არსებული რეალობის გააზრება საუკეთესო შედეგების მიღწევაში დაგეხმარებათ.
წყარო: HBR