in

როგორ იყენებენ ხელოვნების ძალას რეკლამაში?

ხშირად მარკეტინგული კამპანიები ხელოვნების ნიმუშის დონეზე ადის. რეალურად, რეკლამამ ეფექტური კომერციული გზა შექმნა ნიჭიერი არტისტებისთვის, რათა თავიანთი ხელობა კაპიტალიზმის ყურადღების ცენტრში მოაქციონ. შეიძლება ითქვას, დღეისათვის რეკლამა ყველაზე დიდ სამხატვრო გალერეას წარმოადგენს მსოფლიოში — განკუთვნილია ფართო მასებისა და ყოველდღიური ცხოვრებისთვის.

უბრალოდ, რეკლამა უმეტესად ყოველთვის რაღაცის გაყიდვისკენაა მიმართული, ხელოვნება კი ცალსახად მხატვრული გამოხატულებაა და რაიმეს არ ყიდის. ეს უკანასკნელი რაღაცას გაგრძნობინებს, უამრავ ემოციას გამოიწვევს შენში, მაგრამ მას არ გააჩნია CTA — „მოწოდება მოქმედებისკენ“. რა თქმა უნდა, აქ საუბარი არაა ხელოვანებზე, რომლებიც საკუთარ შემოქმედებითობას პროვოკაციული განცხადებების გასაკეთებლად იყენებენ და ე. წ. აქცია-პერფორმანსებს ქმნიან.

შესაბამისად, ორივეს სინთეზი საუკეთესო ნაზავია დასამახსოვრებელი რეკლამების შესაქმნელად… მოქმედებისკენ მოწოდებას დამატებული რეალური ემოციები, ადამიანური შეგრძნებები და განცდები აუცილებლად ღირებული შედეგის მომტანი იქნება. სხვა სიტყვებით, რეკლამა ზუსტად იმოქმედებს.

ობიექტურად თუ შევაფასებთ, დღესდღეობით მსოფლიო ბაზარი უამრავი პროდუქტითაა გადატვირთული — უტრირებულად, ყველა ყველაფერს აკეთებს. ეფექტური ბიზნესისთვის კი ნებისმიერ კომპანიას რაღაც ინოვაციური სჭირდება. თუკი რაიმე გარღვევას არ გააკეთებენ, რომელიც დიდ ფულს, დროსა და რესურსს მოითხოვს, საზოგადოების აღქმის მიღმა დარჩებიან. ეს მხოლოდ პროდუქტის/სერვისის ინოვაციურობას არ ეხება, არამედ მარკეტინგსაც. შეიძლება, განსხვავებულს არაფერს ქმნიდეთ, მაგრამ სწორად ფუთავდეთ და ღირებულ ბრენდად აქცევდეთ.

თუ კომუნიკაციის უნარი, ძირითადი იდენტობა და რა სარგებელს სთავაზობთ ხალხს, დამოკიდებულია ეფექტურ მარკეტინგზე, ორიგინალობასაც არსებითი ხასიათი ეძლევა. ხოლო ორიგინალურობისთვის კრეატიულობა, ტენდენციების ზუსტად შეფასება და თანამედროვეობაზე მორგებული იდეების შემუშავებაა საჭირო. ასე ვთქვათ, ბრენდები კულტურას ეცნობიან, შემდეგ კი საინტერესო და ჭკვიანური გზებით თავიანთ იდენტობაშიც ნერგავენ.

ხელოვნებად შენიღბული კომერცია

ცხადია, შესანიშნავი რეკლამა მხოლოდ ორიგინალობაზე არ დგას — ის ასევე დაფუძნებულია სტრატეგიული დაგეგმვის ხანგრძლივ, სიღრმისეულ პროცესზე. და მიუხედავად იმისა, რომ ეფექტური რეკლამა შეიძლება ფილმების, ქანდაკებების, ნახატებისა და მუსიკის დონეზე ავიყვანოთ, ეს მაინც მეორეხარისხოვანია… სინამდვილეში, რეკლამის პირველად მიზანს ბრენდის/კომპანიის ცნობადობის გაზრდა, პროდუქტის თუ სერვისის გაყიდვა წარმოადგენს.

როგორ გამოჩნდება ბრენდი მსოფლიოში, განისაზღვრება მხოლოდ მას შემდეგ, რაც წარმომადგენლებმა იციან მიზანი, პოზიცია და ამოცანები. ამიტომ, დიდი რეკლამა ხელოვნება არ არის. დიდი რეკლამა ხელოვნებად შენიღბული კომერციაა… ზემოხსენებული მედიუმებიდან გარკვეული დეტალების „სესხება“ კი საზოგადოებასთან დასაკავშირებლად დამატებით ეფექტურ ფენას წარმოადგენს.

ელენე შენგელია გერმანული სააგენტოს, STEIN-ის უფროსი არტ დირექტორი გახდა!

12 საუკეთესო მოწყობილობა CES 2024-დან