in

“ხელოვნური” – დათო ქორიძის ფოტო გამოფენა, როგორც ხელოვნების აღქმის კვლევა

გამოფენა 15 მაისიდან 9 ივნისამდე”უსახელო გალერეაში” გაიმართება


სიტყვა “ხელოვნური” ბევრ რამეს მიესადაგება, თუმცა ამ შემთხვევაში სტატიაში დათო ქორიძის ფოტო პროექტ/გამოფენის შესახებ უნდა გიამბოთ, რომელიც დღევანდელი საზოგადოების დიდი ნაწილის ხელოვნებისადმი დამოკიდებულებასა და აღქმას იკვლევს.

წარმოგიდგენიათ სამყარო, რომელშიც ხელოვნება ხელოვნური ხდება? რომელშიც ხელოვანებისადმი დამოკიდებულება ხელოვნურია? 

დათო ქორიძისთვის ეს არა თუ წარმოსახვის ნაყოფი, არამედ სამწუხარო რეალობაა. ამ განცდას ფოტოგრაფი საკუთარი ვიზუალური ენით გამოხატავს – ქალაქში გაჩენილი შეფუთული, თითქოს ამოუცნობი ელემენტების დაფიქსირებით, რომელთა შესახებაც რეალურად არაფერი ვიცით… წარმოდგენა არ გვაქვს, საიდან მოდის მისი შექმნის იდეა, მიზეზი თუ მიზანი. “ხშირად მათ გვერდს ვუვლით და ისეთი დამოკიდებულება გვაქვს, თითქოს გინდ ყოფილა, გინდ – არა”.

M: და მაინც, რა იყო ამ პროექტის შექმნის მიზეზი – შთაგონება?

გიორგი როდიონოვი, გამოფენის კურატორი: მოდით, დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენი გალერეის მიზანი, შექმნის დღიდან, სოციალურ პრობლემებზე ხელოვნების მეშვეობით საუბარია. პროექტი “ხელოვნური” კი, ზუსტად მიესადაგება ამ ასპექტს – ფოტოგრაფი თავისი ობიექტივის მეშვეობით საუბრობს ხელოვნებისადმი დამოკიდებულების პრობლემებზე, რაც პანდემიამ კიდევ უფრო გაამწვავა. ხშირად მომისმენია ფრაზა “რა დროს ხელოვნებაა, ხალხს უჭირს…” თუმცა რეალურად რომ დავფიქრდეთ, სწორედ ხელოვნება ამახვილებს ყურადღებას საზოგადოების საჭიროებებსა და მძიმე მხარეებზე.

ზემოთ ხსენებულ ფრაზას პანდემიის პერიოდში კიდევ ერთი დატვირთვა მიენიჭა – “მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს, რა დროს ხელოვნებაა”... ეს ის სამწუხარო რეალობაა, რომელიც ბევრმა არტისტმა სათავისოდ გამოიყენა, ზოგიერთი მათგანის თქმით კი, ამ მდგომარეობას სრულებით არ უმოქმედია. ერთი რამ ცხადია – ხელოვანებმა “დაკვირვების ობიექტებთან თუ ინსპირაციის ცოცხალ წყაროებთან” პირდაპირი კავშირი დაკარგეს –  ყველანი ციფრული ეკრანების მიღმა აღმოჩნდნენ და ერთი, რისი გარე სამყაროდან მიღებაც შეიძლებოდა, დაცარიელებული ქუჩები თუ პირბადეებით შემოსილი ერთიანობა იყო (არის).

M: დათო, როგორც ფოტოგრაფი, ფიქრობ, რომ ხელოვანებს სხვა ორგანოებისა თუ სფეროს წარმომადგენლების მხარდაჭერა გჭირდებოდათ და ეს ვერ მიიღეთ?

ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა… არის ქვეყნები, მათ შორის გერმანია, სადაც სახელოვნებო სფეროში მოღვაწე ადამიანებს სახელმწიფომ მატერიალური დახმარება გაუწია. ჩვენს შემთხვევაში კი, არ მახსენდება რაიმე მცდელობა იმისა, რომ პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით მაინც დაგვხმარებოდნენ. მართალია, ხელოვნებაზე საუბრისას არამატერიალურ თემებს მოვიცავთ, მაგრამ რეალურად, ყოველი ნამუშევრის მიღმა დგას ხელოვანი, რომელსაც გარკვეული სახსრები სჭირდება რაღაცის შესაქმნელად. 

M: უშუალოდ გამოფენის სახეზე რომ ვისაუბროთ… როგორ იქნება ის წარმოდგენილი და ხელოვნების რა მედიუმებს მოიცავს?

როგორც იცით, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მხოლოდ ტრადიციულ დოკუმენტურ ფოტოგრაფიაში ვმუშაობდი, რომელსაც არ სჭირდება რაიმე ანალიზი. თუმცა მივხვდი, რომ აღარ მინდა რაღაც კონკრეტული ჩარჩოთი და იარლიყით შევზღუდო თავი… ამიტომაც, პროექტი “ხელოვნური” უფრო კონცეპტუალური ნამუშევარია, რომელშიც დიდი მნიშვნელობა ენიჭება შინაარს. გარდა ფოტოსი, აქ იქნება ინსტალაცია, ასევე ვიდეო ინსტალაცია, რომელიც “ტკაცუნა” პარკებით შეფუთულ ოთახში განთავსდება. 

M: როგორც ჩანს, გამოფენის ძირითად შემადგენელ ნაწილს სწორედ “ტკაცუნა” პარკები შეადგენს, რომელიც ბევრისთვის ნერვების დამშვიდებასთან ასოცირდება… რამდენად იყო ეს დატვირთვა მისი გამოყენების მიზეზი? და ექნებათ თუ არა, დამთვალიერებლებს პარკის “ტკაცუნის” შესაძლებლობა? 

ზუსტად! ბევრისთვის ეს დასამშვიდებელი საშუალებაა, ზოგიერთს კი – ნერვებს უშლის. თვითონ გამოფენა ძალიან ცოცხალი პროცესია და შესაბამისად, პერფორმანსის სახით, ნებისმიერ მსურველს მიეცემა იმ კონკრეტულ ოთახში პარკების “ტკაცუნის” შესაძლებლობა. 

M: გამოხატვის სიმბოლურ მხარეზეც გვითხარი – რატომ შეფუთვა? რატომ შეფუთე იდეა ამ სახით?

თითქოს ხელოვნებაც და ხელოვანებიც შეფუთულ ობიექტებად იქცნენ, რომელთაც არავინ უყურებს, არავინ აქცევს ყურადღებას. თუმცა მაინც იწვევს გარკვეულ ინტერესს. მაგალითად, როცა ვხედავდი, როგორ ფუთავდა ბუკინისტი თავის წიგნებს, ჩემთვის ვიზუალური დაკვირვების საგნად იქცა – ინტერესი მიჩნდებოდა, რა იმალებოდა ამ შეფუთული ობიექტის მიღმა. გარდა ამისა, ეს უკავშირდება უამრავ გამოწერილ ნივთს, რომელიც სწორედ “ტკაცუნა” პარკებშია შეფუთული, რათა არ დაიმსხვრეს. ეს ნივთები ან გვჭირდება, ან არა… მაგრამ მაინც მექანიკურად ვყიდულობთ და გვაქვს მათი ქონის მოთხოვნილება. 

M: და ბოლოს, მოდით, ყველაფერი ზემოთ ხსენებული იდეა დავივიწყოთ – ვფიქრობ, ნამუშევრების მხოლოდ ვიზუალური მხარეც საკმარისია იმისათვის, რომ დამთვალიერებლები ესთეტიკური კუთხით დაინტერესდნენ და ობიექტებთან კავშირის დამყარება შეძლონ…

ჰო, გარდა იმისა, რომ იდეა დიდ როლს თამაშობს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვიზუალურად ეფექტურად ყოფილიყო გამოხატული. ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, ხარისხით ვერავის გააკვირვებ, მაგრამ მკვეთრად გამოხატული ესთეტიკურობა აუცილებელია.

დასასრულს კი გეტყვით, რომ გამოფენა “ხელოვნური” 15 მაისიდან 9 ივნისამდე გაიმართება. “უსახელო გალერეაში” შესვლამდე კი, ყველაფერი აქ წაკითხული დაივიწყეთ და საკუთარი თავიდან გამომდინარე აღიქვით ის, რასაც გამოფენაზე ნახავთ…

ავტორი: ქეთია ბელქანია


„გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ – ახალი პროექტი „პირველ არხზე“

როგორ იმოქმედა ლომების კონკურსმა ასოციაციის რეიტინგებზე