როცა ხელოვნური ინტელექტი ნებისმიერ შეკითხვაზე პასუხს წამებში გვაძლევს, ნასწავლის თავში შენარჩუნება იშვიათ ფუფუნებად იქცა. ჯერ კიდევ 1885 წელს ფსიქოლოგმა ჰერმან ებინჰაუსმა გვაჩვენა დავიწყების მრუდით, რომ მიღებული ცოდნის უდიდეს ნაწილს დროთა განმავლობაში ვკარგავთ, თუ მას არ გავამყარებთ ან პრაქტიკაში არ გადავიტანთ.
ბევრი ფიქრობს, რა აზრი აქვს დამახსოვრებას, როცა ნებისმიერ დროს შეგვიძლია ალგორითმს ვკითხოთ. სინამდვილეში კი იმაზე მეტ გონებრივ რესურსს ვანიავებთ, ვიდრე გვგონია. ებინჰაუსი წერდა, რომ ყოველგვარი აზრი, რომელსაც თავის ნებაზე მივუშვებთ, დროთა განმავლობაში თანდათან კარგავს მეხსიერებაში აღდგენის უნარს. დავიწყების მექანიზმი დაუნდობელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ინფორმაციის განზრახ დამახსოვრებას არც კი ვცდილობთ. შეგვიძლია მთელი დღე კითხვას, მარკერით ხაზვასა და გადაკითხვას შევალიოთ, მაგრამ ხვალისთვის ნასწავლის უმეტესობა ჰაერში გაქრება. საქმე კიდევ უფრო რთულდება, როცა ფიქრს საერთოდ ვწყვეტთ და გონებრივ საქმეს სრულად ხელოვნურ ინტელექტს ვანდობთ.
კითხვა ხშირად ქმნის შეგრძნებას, თითქოს ძალიან პროდუქტიულები ვართ, თუმცა უბრალო წაკითხვა მეხსიერებიდან ამოღებას არ ნიშნავს. ტვინი სამომავლოდ მხოლოდ იმას ინახავს, რისთვისაც რეალური ოფლი დაღვარა. გონებრივი ჯაფის გარეშე მასალის უმეტესობა თავში არ ჩერდება. ამიტომ კარიერასა თუ პირად ცხოვრებაში ნასწავლის შესანარჩუნებლად აქტიური გახსენება და ინტერვალური გამეორება გვჭირდება.
გამოცდილი მეთოდები მეხსიერების გასაძლიერებლად
ეს ორი ხერხი წლებია შეისწავლება და პრაქტიკაში ნამდვილად ამართლებს. ახალი რამის გაგების შემდეგ მთავარია ის მეხსიერებიდან დამოუკიდებლად ამოვქექოთ. გამოცდები სკოლაში სწორედ ამ პრინციპზეა აგებული და ეს მეთოდი გამოცდების გარეშეც მშვენივრად მუშაობს, რადგან ტვინს გავარჯიშებს და სხვა თემების დამახსოვრებასაც გვიადვილებს.
საყვარელი წიგნის დახურვა და იდეების ფურცელზე საკუთარი სიტყვებით გადმოტანა საუკეთესო ვარჯიშია. მთავარი პირველივე ცდაზე ყველაფრის უშეცდომოდ გახსენება არ არის, მთავარი გამეორების ჩვევაა. წარუმატებელი გახსენებაც კი ტვინს მუშაობას აიძულებს. ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი უილიამ ჯეიმსი ამბობდა, რომ მეხსიერების უცნაური თავისებურება ისაა, რომ აქტიური ძალისხმევით გამეორებისას საქმე ბევრად უკეთ იბეჭდება გონებაში, ვიდრე პასიური გადაკითხვით.
ინტერვალური გამეორება კი ნასწავლთან დროგამოშვებით დაბრუნებას ნიშნავს. წიგნის ერთხელ წაკითხვა ან ერთ კვირაში დასრულება არ კმარა. მას რამდენიმე დღეში ისევ უნდა ჩავხედოთ, მერე ერთ კვირაში და მერე ერთ თვეში. მეხსიერებიდან ინფორმაციის ყოველი წარმატებული ამოღება დავიწყების მრუდს უკან სწევს. ასე ვავარჯიშებთ ტვინს, რომ საჭირო ცოდნა დიდხანს შეინახოს. მარტო კარგი აზრების მონიშვნა საქმეს არ შველის, ტვინს გამოცდა და მეხსიერების რთული სამუშაო უნდა ჩავაბაროთ.
ფეინმანის ტექნიკა საკითხის გასარკვევად
ცოდნის უკეთ დასალაგებლად ფიზიკოს რიჩარდ ფეინმანის ხერხიც გამოგვადგება. აიღეთ საკითხი და დაწერეთ ფურცელზე ისე, თითქოს მას უხსნით ადამიანს, ვისაც ამ თემაზე წარმოდგენაც არ აქვს. როცა გაიჭედებით, ისევ წყაროს მიუბრუნდით და მერე თავიდან სცადეთ ჩანაწერების გარეშე.
ეს მიდგომა გაიძულებთ თვალი გაუსწოროთ იმას, რაც სინამდვილეში არ იცით ან უბრალოდ გეგონათ, რომ იცოდით. ახალი ამბის კოლეგისთვის ახსნაც იმავე შედეგს იძლევა – ტვინი მაშინვე ამოყრის ხარვეზებს. ფეინმანი ამბობდა, თუ გინდათ რაიმეს ბოლომდე დაეუფლოთ, სხვას ასწავლეთ, რადგან სწავლება შემეცნების ყველაზე ძლიერი იარაღია.
ეს მიდგომა მასალის გააზრებას ამარტივებს, თუმცა სამუდამოდ დასამახსოვრებლად ინტერვალური გამეორება მაინც აუცილებელია. ამ ორის გაერთიანება იდეალურ შედეგს დებს – მოუყევით ნასწავლი სხვას, მერე საკუთარი თავი შეამოწმეთ ხვალ და შემდეგ კვირას. როცა ტვინმა იცის, რომ ინფორმაციის ამოღება მოუწევს, სწავლას სულ სხვა სერიოზულობით უდგება.
ალბათ იფიქრებთ, რატომ უნდა ვიწვალოთ, როცა ხელთ გვაქვს ჭკვიანი სისტემა, რომელიც საქმეს ჩვენ მაგივრად აკეთებს. პრობლემა ისაა, რომ ხელოვნური ინტელექტი პროცესს ერთდროულად აადვილებს და აფუჭებს კიდც. მისი გამოყენებისას პროდუქტიულობის განცდა გვეუფლება, მაგრამ მის გარეშე აზროვნებისა და დამახსოვრების უნარი საგრძნობლად გვიქვეითდება.
როცა ფიქრს სრულად ალგორითმს ვანდობთ, ტვინი იმ აუცილებელ გონებრივ ჯახს ტოვებს, რაც მეხსიერების აწყობას სჭირდება. ამას კოგნიტურ განტვირთვას ეძახიან. ხელოვნური ინტელექტი, როგორც სწრაფი პასუხების აპარატი, უზარმაზარ ინფორმაციას წამებში ყრის, მაგრამ თავში ნულოვან შედეგს ტოვებს. ტექნოლოგია აზროვნების გასაფართოებლად უნდა გამოვიყენოთ და არა ტვინის გასაზარმაცებლად.
როგორ გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი სწორად
ალგორითმი შეგვიძლია ფეინმანის მეთოდით სააზროვნო პარტნიორად ვაქციოთ. საკითხის საკუთარი სიტყვებით ახსნის შემდეგ ხელოვნურ ინტელექტს ლოგიკური ჩავარდნების პოვნა უნდა ვთხოვოთ – რა გამოგვრჩა და როგორ შეიძლება მსჯელობის დალაგება.
ტექნოლოგიასთან ერთად ფიქრი კარგია, ოღონდ წყაროსთან დაბრუნება და პასუხების გადამოწმება აუცილებელია, რადგან მცდარი ამბის დამახსოვრება სრულ უცოდინრობაზე უარესია. მთავარი აქცნტი ფაქტების სისწორესა და საკუთარი მეხსიერების ვარჯიშზე უნდა გავაკეთოთ.
სწავლის სისტემის აწყობა
მთავარი საკუთარი სწავლის სისტემის შექმნაა. პროცესი წინასწარ უნდა გავწეროთ კალენდრით, აპლიკაციით ან თუნდაც ჩანაწერების ფურცლით. ფორმატს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია სისტემა იყოს მარტივი და ჩვენს ცხოვრების რიტმს მოერგოს.
თუ ადამიანს არ შეუძლია ახალი თემა წყაროს გარეშე, მარტივად ახსნას, ეს ნიშნავს, რომ ცოდნა ჯერ არ დალექილა. დღეს სწავლისთვის იმაზე მეტი ხელსაწყო გვაქვს, ვიდრე ოდესმე. ერთადერთი, რაც შეიძლება გვაკლდეს, პროცესის რთული ნაწილის გავლაა – განმეორება, შეცდომების დაშვება და თავიდან ცდა. მთავარი კი საკუთარი თავით ფიქრის ჩვევის შენარჩუნებაა.
წყარო: Fastcompany











