in

რაში გამოგვადგება ხელოვნური კანის არსებობა?

კანი ნამდვილად კომპლექსური მასალაა თავისივე კომპლექსური ფუნქციებითა და თვისებებით. დაცვაზე, სეკრეციასა და ადსორბციაზე, ანუ გამოყოფასა და შთანთქმაზე, სითბოს რეგულირებასა და შეგრძნებებზეა პასუხისმგებელი. შესაბამისად, ხელოვნური კანის შექმნა ყველა ამ თვისებისა თუ პროცესის ხელოვნურად წარმოებას ნიშნავს, რაც გამოწვევების მოყვარული მეცნიერებისთვის დიდი სიამოვნებაა.

M2
M2

როგორც ჩანს, ამ გამოწვევას ქიმიკოსი ანა მარია ქოქლაითი არ შეუშინდა და სფეროში 20-წლიანი გამოცდილებით ის შემოგვთავაზა, რასაც სურათზე ხედავთ. კომპიუტერულმა ანალიზმა კი აჩვენა, რომ თუ ხელოვნურ კანს ოდნავ, ბუმბულით შეეხებით, იგი მას ზუსტად ისე შეიგრძნობს, როგორც ამას ჩვეულებრივ ვგრძნობთ ხოლმე. შემდეგ კი ელექტრულ სიგნალებს აწარმოებს, რომელიც ნერვის მეშვეობით ტვინამდე აღწევს. ყველაფერი ახლა ასე მარტივად კი ითქმის, მაგრამ ამ ხელოვნური კანის შექმნას 6 წელზე მეტი დასჭირდა…

შედეგად იგი ერთდროულად სამ სტიმულს პასუხობს: შეხებას, ტემპერატურასა და ტენიანობას. ამას კი უპრეცედენტო რეზოლუციებში ახერხებს — თუ ჩვენი კანის რეზოლუცია 1 მილიმეტრს უდრის, აქ ეს მაჩვენებელი 0.25 მილიმეტრია, შესაბამისად, იგი ძალიან მცირე შეხებებსაც კი გრძნობს. 

როგორც ქოქლაითი ამბობს, ხელოვნური კანის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი სტიმულზე პასუხისმგებელი მასალაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ტენიანობის, სინათლისა თუ ტემპერატურის ცვლილების საპასუხოდ, კონკრეტული მასალა იცვლის ფორმას და უფრო დიდი ხდება. ამასთან, უფრო სქელიც — მისი თავდაპირველი სისქე ზოგიერთ შემთხვევაში ორმაგდება, ზოგშიც კი სამმაგდება. მართალია, ეს გასაოცარი თვისებაა, მაგრამ მხოლოდ მიკროსკოპულ დონეზეა შესამჩნევი. ხელოვნურ კანში ეს ორივე თვისება გააერთიანეს. 

და როგორ გამოვიყენებთ მას პრაქტიკაში? როცა ადამიანები დიდ დამწვრობას იღებენ,  კანში არსებულ რეცეპტორებს კარგავენ, რაც, თავის მხრივ, შეგრძნების დონეს აქვეითებს. ახლა კი ხელოვნური კანი გაძლევთ საშუალებას, წარმოიდგინოთ მომავალი, სადაც სერიოზული დამწვრობის მქონე ადამიანებს შეგრძნებების აღდგენა შეუძლიათ. 

მეტიც, სტატისტიკა გვეუბნება, რომ პროთეზის საჭიროების მქონე ადამიანთა რიცხვი გამუდმებით პროგრესირებს — 2005 წლიდან 2015 წლამდე 2 მილიონით გაიზარდა, ბევრი ადამიანი იბადება კიდურების გარეშე, ბევრიც კი სიცოცხლის მანძილზე კარგავს მას… ახლა კი წარმოიდგინეთ ამ პროთეზის დაფარვა და შეგრძნებების აღდგენა ხელოვნური კანით რომ შეგვეძლოს… 

როგორ გავაძლიეროთ საკუთარი ცნობისმოყვარეობა?

რა არის InMerge ინოვაციების სამიტი?