in

“ხელსაწყო” – დავით კუხალაშვილის სურათების სერია, როგორც ადამიანების მართვის სიმბოლო

არტისტმა უკრაინაში მიწისქვეშა გადასასვლელის ერთ თვიან პროექტზეც იმუშავა


“ხელსაწყო” – ასე ჰქვია ქართველი არტისტის, დავით კუხალაშვილის სერიას. ნამუშევრები ვიზუალური ენით, თავისი სიმბოლიკით გადმოგვცემს, როგორ მართავენ სახელმწიფო და სხვა ინსტიტუციები საზოგადოებას. საგნებს, რომლებსაც მეტაფორული მნიშვნელობა აქვს მინიჭებული, ჩვენს წინააღმდეგ იყენებენ – გვაიძულებენ დაქვემდებარებას და იმის მიღებას, რაც თავად სურთ, გვბოჭავენ, უსულო საგნებად გვაქცევენ და მთლიანობაში ერთიანი ხაზი მასობრივი დამორჩილების იდეაზე გადის.

“მსურდა მეტაფორულად, არასწორხაზოვნად გამომეხატა, როგორ იმართებიან ადამიანები… საზოგადოებაში მონური თვისებები ყალიბდება და რეალურად, თავად აცხადებენ ამაზე თანხმობას” – ამბობს დავით კუხალაშვილი.

მხატვარი სერიაზე 8 წლის განმავლობაში მუშაობდა. მართალია, ჯერჯერობით გამოფენა არ მოწყობილა, თუმცა სურათების ნახვის შესაძლებლობა დედიკას გალერეამ მოგვცა.

ნამუშევრები ერთგვარ “სპონტანურად ჩამოყალიბებულ” სტილშია შესრულებული. როგორც დავით კუხალაშვილი ამბობს, სურდა, საკუთარი ხატვის მანერა სწრაფად მუშაობაზე დაეფუძნებინა და ადამიანებისთვის ადვილად გასაგები ყოფილიყო. ასე შეიქმნა სიურრეალიზმისა და პოპ-არტის ნაზავი, რომელსაც ხშირად ფანკის მოტივებიც ერწყმის. სწორედ ასეთი სინთეზით გადმოსცემს მხატვარი სატირულ შინაარსებს. თანაც, დავით კუხალაშვილი ჯგუფი On/Off-ის წევრია და ამ ჯგუფის სხვა წარმომადგენლების მსგავსად  სისტემის კრიტიკაზე მიმართულ ინტერესებს იზიარებს – მათთვის მთავარი ძალაუფლების დომინაციისკენ სწრაფვის პრობლემატიკის წარმოჩენაა.

საინტერესოა ამ სინთეზურ ფოკუსში მოქცეული იდეა, რომელიც ყოველდღიური ცხოვრების “მცირე” დეტალებში ვლინდება… გვიგზავნიან არასასურველ მესიჯებს, როდესაც ადამიანი “გულით, გულწრფელობის ნაცვლად კუჭით გვესაუბრება” – ეს სამწუხარო ცინიზმი და სარკაზმია, რომლის გამოხატვის თავისუფლებასაც ხელოვნება იძლევა. სიზმრისეული სამყაროს პოპულარულ ხელოვნებასთან შერწყმა კი იდეალურ სამეტყველო ენად იქცა დავით კუხალაშვილისთვის.

გარდა “ხელსაწყოს” სერიისა, დავით კუხალაშვილის ბოლო ნამუშევრებს შორის საინტერესოა “მიწისქვეშა ჩიხი”. არტ ობიექტი, 8 თებერვალს, უკრაინაში, საზოგადოებრივ მიწისქვეშა გადასასვლელში გაიხსნა. არტისტი ერთი თვის განმავლობაში მიწვევით მუშაობდა პროექტზე, რომელიც ყირიმის 98 პოლიტპატიმარს ეძღვნება. სწორედ კონტექსტიდან გამომდინარე, მხატვარმა მთელი სივრცე ციხის კორიდორის ინტერპრეტაციით მოხატა. პროექტს პროტესტი არ მოჰყოლია, თუმცა იყო შემთხვევა, როდესაც იქვე მდებარე ფილარმონიის თანამშრომლებისგან კრიტიკა გაჟღერდა, ყოველდღიურად კოლონიის მსგავს გარემოში სიარული არასასიამოვნო არისო.

“ყოველთვის ვცდილობ, ისეთი ნამუშევარი შევქმნა, რომლის ნახვაც ადამიანებს არ სიამოვნებთ… მსურს, ის გავახსენო, რისი დავიწყებაც სურთ და ავსახო ის, რასაც გამუდმებით გაურბიან” – ამბობს დავით კუხალაშვილი.

ავტორი: ქეთია ბელქანია


„ბოდიშოპ საქართველო“, ქალთა ძალადობის წინააღმდეგ საუკეთესო კამპანიებისა და აქტივიზმისათვის, დააჯილდოვეს!

ანა ჩუბინიძე: „ანიმირება ილუზიონისტის ფოკუსებს ჰგავს“