in

რატომ გჭირდებათ “ხელშეუხებლობის დღე” ყოველკვირეულად?

ეს მეთოდი პროდუქტიულობისა და მოტივაციის ზრდას უწყობს ხელს

ადამიანთა უმეტესობას სძულს სამსახურეობრივი შეხვედრები. ისინი დიდ ადგილს იკავებენ როგორც გონებაში, ისე დღის განრიგში – მივდივართ შეხვედრაზე და შემდეგ სამუშაო დღის შუაგულში ვბრუნდებით. და რა შედეგი აქვს შეხვედრების უმეტესობას? პასუხი ნათელია… საბოლოოდ კიდევ უფრო მეტ ჩანიშნულ შეხვედრას ვიღებთ.

ნილ პასრიშა, New York Times-ის ბესთსელერი ავტორი საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს, როდესაც Walmart-ის ხელმძღვანელობის განვითარების დირექტორის პოზიციას იკავებდა. “ჩემი დღეები სავსე იყო შეხვედრებით. და როცა ორი წლის წინ სამსახურიდან წამოვედი, რათა საკუთარ თავზე მემუშავა როგორც ავტორს და მთავარ მომხსენებელს, მეგონა, შეხვედრები დასრულდა”. 

თუმცა, რა თქმა უნდა, ნილი ცდებოდა. მისი შეხვედრები სხვა კუთხით გაგრძელდა – სატელეფონო ინტერვიუები, სადილი ლიტერატურულ აგენტებთან და ვებ დეველოპერებთან, კონფერენციები, ტელეკონფერენციები მედიისთვის და ა. შ.

შეხვედრები არასდროს წყდება… ნილის პრობლემას ისიც დაემატა, რომ შემოქმედების პარალელურად სრულებით არ რჩება შეხვედრებისთვის დრო. “როდესაც ჩემი სამყარო უფრო დატვირთული ხდება და სატელეფონო ზარები იმატებს, ყურადღება და კრეატიულობა მწირ რესურსად იქცევა” – აღნიშნავს მწერალი.

ამასთან, ნილ პასრიშა იხსენებს, რომ ერთ-ერთი იმათთაგანი იყო, ვინც დილის 4 საათზე იღვიძებს, საათობით ზის სამსახურში, ვიდრე სხვებს სძინავთ. თუმცა ყველაფერი შეიცვალა – ახლა, როცა სამსახურიდან ბრუნდება, დროს მეუღლესთან და ორ პატარა ვაჟთან ერთად ატარებს. მისთვის აღარაფერია ოჯახზე ძვირფასი.

თანაც, ნილმა თანდათან გააცნობიერა, რომ მეტი სამუშაოს შესრულება სჭირდებოდა უფრო მოკლე დროში. საბოლოოდ კი მართლაც იპოვა გამოსავალი, რომელმაც მისი თქმით, კარიერა, დრო და გონიერება გადაარჩინა. თავად ამ გამოსავალს “ხელშეუხებლობის დღეებს” უწოდებს.

ეს ის დღეები, როდესაც ადამიანი ყველასათვის ფაქტობრივად 100%-ით მიუწვდომელია. ხელშეუხებლობის დღეები ერთგვარი საიდუმლო იარაღია იმისათვის, რომ გადაღლილმა პიროვნებამ პროდუქტიულობის შენარჩუნება შეძლოს. “სწორედ ასეთ დროს ვასრულებ ჩემს ყველაზე შემოქმედებით და სასარგებლო საქმეს. უხეში შედარება რომ გავაკეთო, ჩვეულებრივ დღეებში დაახლოებით 500 სიტყვას ვწერ, ხოლო ხელშეუხებელ დღეებში უჩვეულო არ არის 5 000 სიტყვის დაწერა” – განმარტავს ნილი.

როგორ გამოვყოთ ხელშეუხებელი დღეები?

მწერლის მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, ის კალენდარს თექვსმეტი კვირით ადრე უყურებს და ყოველი კვირიდან თითო დღეს ასახელებს. რატომ თექვსმეტი? რეალურად, კვირების რაოდენობა არც ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც ამ იდეის მიღმა ფიქრი… “ჩემთვის ეს მას იქამდე ხდება, ვიდრე კალენდარში სხვა შეხვედრები ჩაინიშნება. ეს განრიგის ჯადოსნურ მომენტს წარმოადგენს – სრულყოფილი დრო იმისათვის, რომ დღე ხელშეუხებლად აქციოთ, ვიდრე ვინმე სხვა დაეუფლება”. 

ამ ხელშეუხებლობის დღეს წარმოიდგინეთ, რომ ტყვიაგაუმტარ მანქანაში იმყოფებით, რომელშიც ვერაფერი აღწევს და ვერც გარეთ გამოდის. შეხვედრებს, სიგნალებსა და სატელეფონო ზარებს საქარე მინები ირეკლავს. მობილური ფრენის რეჟიმზე დააყენეთ, ყველა მოწყობილობაში გამორთეთ Wi-Fi და ვეღარაფერი შეგაწუხებთ გარე სამყაროდან.

რა ხდება საგანგებო სიტუაციების დროს, რომლებიც შეიძლება გაინტერესებდეთ?

მოკლე პასუხი ასეთია – ისინი არასოდეს არსებობენ. ვრცელი პასუხი კი ასე გამოიყურება – როდესაც ნილს მეუღლემ საგანგებო სიტუაციების შესახებ ჰკითხა, მას არ მოეწონა იმ დროის მაგალითად მოყვანა, როცა ჯერ კიდევ არ არსებობდა ტელეფონები. ამიტომ, მწერალი კომპრომისს დათანხმდა, რომლის თანახმადაც ხელშეუხებელ დღეებში იგი მხოლოდ ერთი საათით ჩართავდა ტელეფონს. თუმცა დროთა განმავლობაში ცხადი გახდა, ნილი მხოლოდ უაზრო, სულელურ შეტყობინებებს იღებდა სხვადასხვა მაღაზიისგან… ცოლისგან კი არანაირი გადაუდებელი ამბავი არ მიუღია.

ასე რომ, რამდენიმე თვის შემდეგ შეწყვიტა ამ კომპრომისზე წასვლა და სანაცვლოდ უბრალოდ აფრთხილებდა ოჯახის წევრებს, თუ სად იქნებოდა. ამან სიმშვიდის განცდა უზრუნველყო – თუ რამე საშინელება მოხდებოდა, ოჯახის წევრები იმ ადგილას დარეკავდნენ ან უბრალოდ მანქანით მიაკითხავდნენ.

და მაინც, უკვე ერთი წელია მწერალი ხელშეუხებლობის დღეების კულტურას იყენებს და ჯერჯერობით არაფერი საგანგაშო მომხდარა.

როგორ გამოიყურება ხელშეუხებლობის დღეები ახლოდან?

ნილ პასრიშას თანახმად, ხელშეუხებლობის დღეების ორი კომპონენტი არსებობს – ღრმა შემოქმედებითი სამუშაო, როდესაც ე. წ. “ზონაში”, აქტიური მუშაობის მდგომარეობაში ხართ და დიდი პროექტი, რომელზე მუშაობაც ეტაპობრივად მიმდინარეობს. თუმცა ამის პარალელურად, არაპროდუქტიული მომენტებიც წარმოიქმნება – ეს ყველასათვის ბუნებრივ მომენტს წარმოადგენს და მათი თავიდან აცილება ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე გონებრივი ინსტრუმენტების ქონა.

აღსანიშნავია, რომ ადამიანებს საკმაოდ მრავალფეროვანი გონებრივი ინსტრუმენტები აქვთ. მაგალითად, ჰენრი დევიდ ტორო წერდა: “მჯერა, რომ ბუნებაში დახვეწილი მაგნეტიზმი არსებობს, რომელიც, თუ ქვეცნობიერად დავემორჩილებით, პირდაპირ მიგვიძღვება”. ხოლო ჰემინგუეიმ თქვა: “მე წყლის პირას დავდიოდი, როდესაც სამუშაოს ვამთავრებდი ან ვცდილობდი, რამეზე მეფიქრა. უფრო ადვილი იყო ფიქრი, როდესაც ვსეირნობდი ან ვაკვირდებოდი ადამიანებს, რომლებიც იმას აკეთებდნენ, რაც ესმოდათ”. 

სხვა რა შეიძლება ითქვას? ალბათ, ათ წუთიანი მედიტაცია ან ახალი ჰობის გაჩენა. ნილის შემთხვევაში ერთგვარ განკურნებას არასაიმედო თვითმფრინავის რეჟიმის რამდენიმე წუთით გამორთვაა, რათა ოჯახის წევრებს და ახლო მეგობრებს თბილი ხმოვანი შეტყობინებები დაუტოვოს. “ამის შემდეგ, სწრაფად ვუბრუნდები საქმეს, რადგან გულწრფელად გითხრათ, არავინ არასოდეს პასუხობს ტელეფონს”. 

რა მოხდება, თუ ზემოთ ხსენებული ტყვიაგაუმტარი მანქანა “რაიმეს” დაეჯახება? ამ შემთხვევაში მარტივი წესი არსებობს – რა თქმა უნდა, ხელშეუხებლობის დღეები არ უნდა გაქრეს, მაგრამ პრობლემას არ წარმოადგენს თუ ოთხშაბათის ნაცვლად პარასკევს მოვინიშნავთ. ამ მიდგომის მშვენიერება იმაში მდგომარეობს, რომ ხელშეუხებლობის დღეებს იდეალურად ათავსებთ ყოველდღიურ მოვალეობებთან.

წყარო: HBR



ყველაფერი, რაც მზის აბაზანების შესახებ უნდა ვიცოდეთ

რას ნიშნავს საფონდო ბირჟის ინდექსი და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?