როგორც წესი, ულტრაბგერით ტექნოლოგიას ნაყოფის პოზიციის დასადგენად იყენებენ — ამის შესაბამისად წყვეტენ ექიმები, მშობიარობის რომელი მეთოდი სჯობს როგორც ბავშვისთვის, ისე დედისთვის. უბრალოდ, ყველა ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ აღნიშნული აპარატები შეიძინონ.
ამ საკითხის გადასაჭრელად, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერებმა ქირურგიულ ხელთათმანებს ინოვაციური დანიშნულება მოუძებნეს — ახალ, სპეციალურად შემუშავებულ მოდელებს მუცლადყოფნისას ნაყოფის პოზიციის განსაზღვრა შეეძლება. ამისათვის, მეცნიერებმა წნევისა და ძალის აღმქმელი სენსორების სტანდარტულ ხელთათმანზე მოათავსეს. ეს სენსორები ლითონის ოქსიდის ნანოკომპოზიტებისგანაა დამზადებული, რომლებიც ობიექტთან შეხებისას ინთება.
უშუალოდ პროდუქტის ტესტირებისას, ჯგუფმა სილიკონის თავის მოდელებით ჩაატარა ექსპერიმენტები. მიღებული შედეგებით კი იმედოვნებენ, რომ უახლოეს მომავალში კლინიკურ კვლევებსაც დაიწყებენ. მშობიარობის დროს გამოყენების შემთხვევაში, სენსორები ავტომატურად გადაგზავნის მონაცემებს კომპიუტერში ან სმარტფონში. თანაც, ეს მონაცემები წნევის დონის განსაზღვრასაც მოიცავს, რათა პროცესში პაციენტი ან ბავშვი არ დაზიანდეს.
ამ პროექტს მიმზიდველს ხდის ის ფაქტი, რომ ხელთათმანების წარმოებას მხოლოდ 1 აშშ დოლარი სჭირდება. ამრიგად, პროდუქტი ყველაზე დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება.