9
Oct
2017

ქართულ ბაზარზე ხინკლის ცომის ფირფიტები გამოჩნდა! ქართველი შეფმზარეულის სტარტაპი!

9 Oct 2017

Startauperi
Startauperi


ქართულ ბაზარზე ხინკლის ცომის ფირფიტები გამოჩნდა! შეფმზარეულ ნიკოლოზ სარაჯევის იდეა – გაეკეთებინა ცომის ფირფიტები, ქართველი დიასახლისებისა თუ სხვადასხვა კვების ობიექტისთვის, ხინკლის მომზადების გამარტივებას ისახავდა მიზნად. ქართულ ბაზარზე გავრცელებულია სხვადასხვა წარმოების გაყინული ხინკალი, თუმცა, ქართველი მომხმარებლის ნდობა, აღნიშნული ტიპის პროდუქტის მიმართ, არც ისე მაღალია. სტარტაპი მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას სახლში, სასურველი შიგთავსით მოამზადოს ხინკალი. სხვადასხვა ქვეყნის კულინარიაში არსებობს რთული და მოთხოვნადი კერძების მომზადების გამარტივების პრაქტიკა. ნიკოლოზ სარაჯევი, თანამოაზრეებთან ერთად, ხინკლის ცომის ფირფიტების გარდა, სხვა პროდუქტის შეთავაზებასაც გეგმავს ქართველი მომხმარებლისთვის:


„იდეა, შეგვექმნა „ცომი”, გამიჩნდა ერთი წლის წინ და დამჭირდა ეს დრო იმისათვის, რომ ჩემს კოლეგებთან ერთად, შემემუშავებინა რეცეპტი და მიმეღო ისეთი პროდუქტი, რომელიც არის მომხმარებლისთვის მოსახერხებელი, აქვს შესაბამისი შენახვის ვადა და არის უმაღლესი ხარისხის, შეფუთვის დიზაინზეც თვითონ ვიზრუნეთ. ხინკალი ქართულ კულინარიაში ძალიან მოთხოვნადი პროდუქტია და მისი ოჯახში მომზადების სურვილი დიდია, თუმცა, რთული პროცესია შესაბამისი ცომის მომზადება. ოჯახში მომზადებული ხინკალი არ არის კარგი ხარისხის, რადგან შეუძლებელია სახლის პირობებში ისეთი ცომი მომზადდეს, როგორიც კვების ობიექტებშია. გარდა ამისა, ბევრი ადამიანისთვის, დღეისათვის, არ არის სანდო სხვადასხვა მზა, გაყინული ხინკლის პროდუქტი, ამიტომ, გადავწყვიტეთ, შეგვეთავაზებინა მათთვის მზა ფირფიტები, იმისათვის, რომ მარტივად, სახლის პირობებში შეძლებოდათ კარგი ხარისხის ხინკლის მომზადება. მსოფლიოს მასშტაბით, პოპულარული და რთულად მოსამზადებელი კერძები ყოველთვის პოულობენ გზას იმისათვის, რომ მომზადდნენ მარტივად. ჩვენ ვიმუშავებთ იმაზე, რომ ქართული კერძების მომზადება ხელმისაწვდომი და ყველასთვის შესაძლებელი იყოს. ვაპირებთ ბევრი საინტერესო პროდუქტის შეთავაზებას, რაც ინოვაცია იქნება ქართულ კულინარიაში.” – ნიკოლოზ სარაჯევი – „ცომის” შემქმნელი.

როგორც მარკეტერისთვის გახდა ცნობილი, ფირფიტების რეალიზების მიზნით, მოლაპარაკება მიმდინარეობს სხავადსხვა ქსელთან, ამ ეტაპზე, ცნობილია, რომ „ცომის” პროდუქტი სუპერმარკეტების ქსელ „სმარტში” გაიყიდება. გარდა ამისა, ის ხელმისაწვდომია წარმოების ადგილზე – თბილისი, ქუთაისის 19. მისი ფასი კი დაკავშირებულია მოხმარების რაოდენობასთან.

განხილვა