in

14 ოქტომბერს! ხინკლის დაბადების დღის დიდი დაბრუნება!

აქ ვინმეს ხინკლის დაბადების დღე ხომ არ მოენატრა? 10/10 კერძს დიდებული დღესასწაული პირველად 5 წლის წინ მოუწყეს, მთავარი გზავნილით #ხინკალიკაიარი. ავბედითი პანდემიის 2-წლიანი პაუზის შემდეგ, ხინკლის მოყვარულებს კვლავაც შეგვიძლია აღვნიშნოთ მისი არსებობის ბედნიერება და 2022 ხინკლისთვის მუსრის გასავლებად შევიკრიბოთ. მართალია, ხინკლის 10/10 სიყვარულის ნიშნად, მისი დაბადების დღე 10 ოქტომბერს დაწესდა, თუმცა ამჯერად, ლხინის უქმე დღეზე გადატანა გადაწყდა და 14 ოქტომბერს მსურველებს უმასპინძლებს „ბაზარი ორბელიანზე“. ხინკლის კოსტიუმში გამოწყობილი გიორგი ავალიანი სტუმრებს პირადად ეპატიჟება თბილისის ქუჩებში. საყოველთაო ლხინის მთავარი პერსონაჟისთვის ვებგვერდიცაა შექმნილი: http://khinkalikaiari.com .

ხინკლის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ემოციები მისი იდეის ავტორმა, გიორგი ავალიანმა ხინკალივით გემრიელად გაგვიზიარა:

„ხინკალი კაი არი“ – დიდი ხანია ეს სიტყვები აღარ მოგვისმენია, პანდემიაც დაემთხვა და ხინკლის დაბადების დღის სათანადოდ აღნიშვნა ვერ მოხერხდა. შარშანწინ ვიყავით „ცოლის ცრემლებში“ – გასვლითი ღონისძიება იყო ღია ცის ქვეშ. აი, შარშან საერთოდ თავი შევიკავეთ შეკრებისგან, თუმცა მგონი ღირდა ეს ლოდინი იმად, რომ ამჯერად, ხინკლის დაბადების დღე იმაზე გრანდიოზულად აღვნიშნოთ „ბაზარი ორბელიანზე“, ვიდრე აქამდე ყოფილა. წელს, 2022 ცალი ხინკალია პროგრამაში, იქნება ლუდი, ჭაჭა „ბოდიში“ ახლა უკვე ლეგალური, აქციზიანი ფორმით.

თუ ხინკლის დაბადების დღე აქამდე მეგობრული ტრადიცია იყო, წელს, გვინდა ცოტა სახალხო მასშტაბი მივცეთ. დაბადების დღე, 10 ოქტომბერი ორშაბათს ემთხვეოდა, მაგრამ გადავწიეთ უქმე დღისთვის, რომ უფრო მეტ ხალხს შეძლებოდა მოსვლა.

სიახლე გვაქვს მუსიკალური მიმართულებითაც: შემოგვიერთდებიან ქსოვრელები. ასევე, საპატიო ღიპლომებს გადავცემთ ნებისმიერი რაოდენობის ხინკალზე. მთავარია, უბრალოდ დააგემოვნოთ. დასწრება რეგისტრაციის მიხედვით არის. თხოვნა გვაქვს, რომ khinkalikaiari.com-ზე გვითხრათ, დაახლოებით, რამდენ ხინკალს გაავლებთ მუსრს, რათა ჩვენც თადარიგი დავიჭიროთ და ხინკალი არ დაგვაკლდეს. გაიხსენება ხინკლის ინსტალაცია. ეს კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს, რომ ხინკალი სიყვარულია, „ხინკალი კაი არი“ და ხინკალი არის ის ერთადერთი, მთავარი ჭეშმარიტება, რაზეც შეიძლება, რომ ქართველები მარტივად შევთანხმდეთ და დავაშენოთ ჩვენი ეროვნული კონსესუსი და პროგრესი.

ძალიან მადლობა თქვენ, რომ თავიდანვე შენიშნეთ ეს ყველაფერი, მთელი ეს დრო ყურადღებას უთმობთ და მგონია, რომ ცოტა მეტ ადამიანს, რომ ვუთხრათ, რომ ხინკალი კაი არი შეიძლება უფრო მეტი ღიმილიც ვნახოთ ხოლმე ხანდახან ქუჩაში.

მადლობა „ბაზარი ორბელიანს“ მასპინძლობისთვის. მადლობა ანა ჩუბინიძეს, რომ ეს გულიანი ხინკალი შეგვიქმნა, გამოგვიძერწა და მედიუმში გაშალა. მადლობა ანუკი კონიაშვილსა და „ჰოლი მოტორსს“, ჩვენს გუნდს, ვინც თვალის დახამხამებაში, ეს ყველაფერი იდენტობად აქცია. ტატო რუსიამ კი ხინკლის ჰიმნი ტიკტოკზე საუნდად გადააკეთა. ასევე, მადლობა გიორგი ჩეკურიშვილს, რომელმაც ქუჩის ინტერვიუების ლამაზი ვიდეო გადაგვიღო. #ხინკალიკაიარი.“

 


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

მეცნიერებმა უსინათლო თაგვებს მხედველობა დაუბრუნეს!

ავადობისას გამოჯანმრთელებაში ჩვენი ტვინი გვეხმარება — კვლევა