in

მაღალტექნოლოგიური ხის იატაკი ნაბიჯებს ელექტროენერგიად გარდაქმნის

ექსპერიმენტის ფარგლებში ამ მეთოდის გამოყენება ეფექტური აღმოჩნდა

მეცნიერებმა შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია, ნაბიჯები ელექტროენერგიად გარდაქმნას. შვეიცარიელმა მკვლევრებმა ენერგიის მოპოვების მოწყობილობა შეიმუშავეს, რომელიც ხის, სილიკონის საფარისა და ჩამონტაჟებული ნანოკრისტალების კომბინაციით მუშაობს, რათა საკმარისი LED ენერგია გამოიმუშაოს.

მოწყობილობაში, სახელწოდებით ნანოგენერატორი, ელექტროდებს შორის ხის ორი ნაწილია განთავსებული. ხის ნაწილების ელექტრულად დამუხტული კონტაქტისა და განცალკევების მეშვეობით, ე. წ. ტრიბოელექტრული ეფექტი გამომუშავდება. ეს ეფექტი მაშინ წარმოიქმნება, როდესაც ელექტრონებს ერთი ობიექტიდან მეორეზე გადაადგილება შეუძლიათ.

“თუ მასალა ტრიბო-დადებითია, ის ელექტრონებს კარგავს. ხოლო თუ ტრიბო-უარყოფითია, ელექტრონებს იზიდავს” – ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი გიდო პანზარასი, Eidgenössische Technische Hochschule-ის ხის მასალების მეცნიერების გუნდის ლიდერი.

მართალია, ხეს არ აქვს ელექტრონების დაკარგვის ან მოზიდვის ძლიერი უნარი, მაგრამ ის კარგ სამშენებლო მასალას წარმოადგენს. ხის ტრიბოელექტრული თვისებების გასაუმჯობესებლად, მკვლევრებმა ერთი ნაწილი ჩვეულებრივი სილიკონით დაფარეს, ხოლო მეორე – ნანოკრისტალებით. სხვადასხვა ხის შემოწმების შემდეგ მათ აღმოაჩინეს, რომ რადიალურად მოჭრილი ნაძვი 80-ჯერ მეტ ელექტროენერგიას აწარმოებს, ვიდრე ბუნებრივი ხე.

ამასთან, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხის იატაკის პროტოტიპი, რომლის ზედაპირის ფართობი A4 ფურცლის ფორმატზე ოდნავ მცირე ზომისაა, საკმარის ენერგიას გამოიმუშავებს საყოფაცხოვრებო LED ნათურების და მცირე ელექტრონული მოწყობილობებისთვის. მკვლევართა თქმით, პროტოტიპის გამოყენებით, მათ წარმატებით აანთეს ნათურა, როდესაც მოწყობილობაზე ზრდასრული ადამიანი დადგა.

“წარმოიდგინეთ, რომ ამგვარი მოწყობილობებით დატვირთული იატაკი შეიქმნება და ადამიანები უბრალოდ სიარულის მეშვეობით გამოიმუშავებენ ენერგია. ჩვენი მიზანია, ეკოლოგიურად მდგრადი პროცედურების გამოყენებით, ხე ტრიბოელექტრულ მასალად ვაქციოთ” – განმარტა პანზარასამ.

რა თქმა უნდა, მსგავსი მეთოდით მუდმივი ენერგიის გამოსამუშავებლად და შემავალი ენერგიის უზრუნველსაყოფად, უწყვეტი მოძრაობა იქნება საჭირო. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ კვლევის ფარგლებში ექსპერიმენტული მონაცემები მიიღეს, ტექნოლოგიას შემდგომი დახვეწა სჭირდება.

“მართალია, ერთი მოწყობილობის ელექტრული სიმძლავრე არ იქნება ისეთი მაღალი, როგორც ახლად გამოქვეყნებულ მონაცემებშია, მაგრამ ბევრი მოწყობილობის გაერთიანება მნიშვნელოვან ენერგიას წარმოქმნის” – აცხადებენ მკვლევრები.

ჩინეთი რამდენიმე კილომეტრის სიგრძის კოსმოსური სადგურის აშენებას გეგმავს!

„რომას“ სატრანსფერო კამპანიის ვიდეოებით 12 დაკარგული ბავშვი იპოვეს