მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეული დაიწყო, ამიტომაც გადავწყვიტეთ, თქვენთვის მოგვეყოლა, როგორ იზრუნოთ მენტალურ ჯანმრთელობაზე სამსახურში. ხშირად რომ უნდა შეისვენოთ, წყალიც რომ უნდა დალიოთ და გაისეირნოთ, ალბათ, ეს ბევრჯერ გსმენიათ, ამიტომ ახლა უფრო მარტივ ქმედით რჩევებს შემოგთავაზებთ, რომლებიც ნაბიჯ-ნაბიჯ დიდ ცვლილებებს მოგიტანთ:
1. შექმენით ნაკლები დატვირთვის მქონე ამოცანების სია
ბევრი მუშაობა სტრესის ქვეშ გვაქცევს, ამიტომ პაუზა მნიშვნელოვანი ხდება. როცა თავს გამოფიტულად ან შფოთვით მდგომარეობაში იგრძნობთ, უფრო მარტივი საქმეები გააკეთეთ. თუნდაც მეორადი საქმეების სია ჩამოწერეთ, რომელშიც, მაგალითად, ფაილების დალაგება, ახალი ამბების გამოწერის გაუქმება ან სამუშაო მაგიდის დასუფთავება შედის. ასე არც დამნაშავედ იგრძნობთ თავს და არც ნაკლებად პროდუქტიულად, ტვინს განტვირთვაში დაეხმარებით და საქმესაც გააკეთებთ.
2. ჩამოაყალიბეთ შესვენების რიტუალი
არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად რთული დღე გაქვთ, ცოტა დრო, თუნდაც სამუშაო დღის 1%, საკუთარ თავს უნდა დაუთმოთ. თუმცა, ეს დრო არც ტელევიზორის ყურებას და არც სქროლვას უნდა დაუთმოთ, გონების დამშვიდებაში საყვარელი ჭიქით ჩაის დალევა, ყვავილების მორწყვა და 5 წუთის მანძილზე გაწელვების გაკეთება უფრო დაგეხმარებათ. ეს თქვენს ნერვულ სისტემას მიანიშნებს, რომ დასვენება შეუძლია.
3. ჩართეთ მუსიკა სტრესის სამართავად
ბევრი დიზაინერი და ილუსტრატორი მუსიკას ემოციების რეგულირებისთვის მიმართავს. ხოლო ტეილორ სვიფტი იქნება ეს თუ კლასიკური მუსიკა, თავად უნდა აარჩიოთ იმის მიხედვით, ფოკუსირება გსურთ თუ, პირიქით, განტვირთვა. პროცესში მნიშვნელოვანია განსხვავებული რაღაცები ცადოთ და გაიგოთ, რა მუშაობს თქვენ შემთხვევაში საუკეთესოდ.
4. მართეთ თქვენი ციფრული გარემო
სამუშაო მაგიდას კი ხშირად ვალაგებთ, მაგრამ რას იტყოდით ციფრულ სამყაროზე? შეგიძლიათ კარგი ფონი აარჩიოთ, დესკტოპიდან ზედმეტი აპლიკაციები გააქროთ და ის, რაც თვალში კარგად არ გხვდებათ. გახსოვდეთ, შემოქმედებითი ტვინი წარმატებას ვიზუალურად მომხიბვლელ სივრცეებში აღწევს.
5. დაასრულეთ დღე წნეხის გარეშე
გამოფიტვამდე კი არ იმუშაოთ, არამედ დღის ბოლოს 10 წუთი განტვირთვას დაუთმეთ — დაალაგეთ სამუშაო სივრცე ან ჩამოწერეთ შემდგომი დღის გეგმები, ეს ტვინს გადართვაში დაეხმარება.
6. განაახლეთ თქვენი სკამი ან ფეხსაცმელები
უნდა ითქვას, რომ მენტალური ჯანმრთელობა მხოლოდ ფსიქიკურ მდგომარეობას არ ეხება. ფიზიკურ ჯანმრთელობასაც დიდი ყურადღება უნდა მივანიჭოთ. ცუდი პოზა, დასივებული ფეხები ან არაკომფორტული ავეჯი დღის სტრესს კიდევ უფრო გაზრდის. ამიტომაც, საკუთარ თავს კომფორტი შეუქმენით, უკეთესი სკამი იყიდეთ, სპეციალური ფეხსაცმელი თუ მატრასი. ეს თქვენს ნერვულ სისტემაზეც დადებითად აისახება.
7. დანერგეთ შემოწმების კულტურა
თუ გუნდი გაბარიათ, შეხვედრები კითხვით „როგორ მიდის თქვენი კვირა?“ დაიწყეთ. ხოლო, თუ ფრილანსერი ხართ, ეს მეგობრების, დამკვეთებისა თუ თანამშრომლების შემთხვევაში გააკეთეთ — ასე ურთიერთობის მნიშვნელობაზე გაამახვილებთ ყურადღებას, რაც ძალიან აუცილებელია მენტალური ჯანმრთელობისთვის.
8. არაპროდუქტიულ დღეებს მნიშვნელობა შეუცვალეთ
სამსახურიდან გადართვა გიჭირთ? მარტო არ ხართ, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ თქვენს ტვინს განტვირთვა სჭირდება, რათა შემდგომში დიდ იდეებსა და ემოციებს გაუმკლავდეს. კარგი იქნება, თუ გარეთ გახვალთ, გაისეირნებთ და მთელი დღე კომპიუტერს არ მიეჯაჭვებით.
9. დაგეგმეთ რაღაც სასიამოვნო
თუ წინ რთული დღე გაქვთ, რატომ არ დაგეგმავთ რაიმე სასიამოვნო აქტივობას მაგალითად სამი საათისთვის? ეს პოდკასტის მოსმენა, გემრიელად ჭამა ან მეგობართან შეხვედრა შეიძლება იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში, იმის ცოდნა, რომ დღის მანძილზე რაღაც სასიამოვნო გელოდებათ, რთული დღის გადატანაში დაგეხმარებათ.
10. დაიძინეთ ცოტა ხნით
ახლა ნეირომეცნიერებაზე ვსაუბრობთ — დღის მანძილზე 10-20 წუთით თვალების დასვენება ნერვულ სისტემაზე დადებითად აისახება, ემოციებსაც არეგულირებს და შემოქმედებითობასაც აუმჯობესებს. თუ ფრილანსერი ხართ, ამას თავისუფლად მოახერხებთ, ხოლო თუ ოფისში მუშაობთ, ეცადეთ, სხვებს მსგავსი მოსასვენებელი სივრცეების გამოყოფის იდეა შესთავაზოთ.
11. გადით ბუნებაში ყოველ კვირას
ეს ფრაზა კი გაიცვითა, მაგრამ ნამდვილად მუშაობს: კვლევების თანახმად, ბუნებაში ორი საათის გატარება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. სალაშქროდ წადით ან მეგობრებთან ერთად გაისეირნეთ, ნებისმიერ შემთხვევაში სიმწვანე, ჩიტების ჭიკჭიკი და ეკრანებისგან შორს ყოფნა თქვენზე დადებითად აისახება.
ამგვარად, მენტალური ჯანმრთელობა სტრესული საქმეების თავიდან არიდებას კი არა, პატარა ქმედებების პოვნას ეხება, რომლებიც რთულ დღეებს გაგიმარტივებთ. თუმცა, აქაც ერთი მიდგომა ყველაზე არ მოქმედებს და უნდა ეცადოთ, თქვენთვის საუკეთესო იპოვოთ. წარმატების გასაღები ექსპერიმენტებსა და საკუთარ კეთილდღეობაზე პრიორიტეტის მინიჭებაშია.