თუ ცერა თითზე უცბად ჩაქუჩს დაირტყამთ, შესაძლოა, იფიქროთ, რომ ეს თითი გტკივათ. ჩვენ ვიცით, რომ ეს ნერვს უკავშირდება, შემდგომ ხერხემალს გაივლის, მერე როგორღაც ტვინამდეც აღწევს და ტკივილიც მეტად რეალური ხდება. დიახ, ეს რაღაც ცოტა ბუნდოვანია… აქ კი მკვლევარი და ექიმი ემი ბაქსტერი იმ კავშირების სიმფონიას ჰფენს ნათელს, რომელიც ტკივილს სხეულიდან ტვინში გზავნის. გვიზიარებს ნეირომეცნიერების პრაქტიკულ ხრიკებს, რომლებიც ტკივილის შემსუბუქებაში დაგვეხმარება.
კარგად ვიცით, რომ ეს უკანასკნელი ყველა ორგანიზმისთვის გადარჩენის სისტემას წარმოადგენს. სიტყვა „უმტკივნეულო“ კი, ბაქსტერის აზრით, მარკეტინგული ხრიკია, რაც ხშირად აჩენს აზრს, რომ ერთი აბი ტკივილს გააქრობს. ადამიანები ფიქრობენ, რომ არ შეუძლიათ ბედნიერები იყვნენ თუ რაღაც სტკივათ… ამიტომ, უმჯობესი იქნება, თუ ტკივილს ვენის დიაგრამის მსგავსად შევხედავთ ფიზიოლოგიით, შიშითა და კონტროლით. აქ კი შეგვიძლია გაგიზიაროთ, როგორ მოგცემთ თითოეული მათგანი ტკივილზე ძალაუფლებას.
ემი ბაქსტერი Buzzy-ის შექმნის ამბავს გვიზიარებს — ერთ დღეს სამსახურიდან სახლში დაბრუნებისას შეამჩნია, რომ საბურავების პრობლემის გამო საჭესთან მისი ხელები ვიბრირებდა. ამან ხელებიც აატკივა, თუმცა აიგნორებდა, სახლში მისულმა კი გაყინული ბარდა დაიდო და ტკივილიც გაქრა. თითქოს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ მან ასე ტკივილის დაბლოკვის კარგ მეთოდს მიაგნო, ვიბრაცია და ყინული გააერთიანა და ადამიანებს დაახლოებით 45 მილიონი ნემსის პროცედურა გაუმარტივა.
და როგორ ამცირებს ვიბრაცია ტკივილს? მოკლედ რომ ვთქვათ, ამას „კარიბჭის კონტროლი“ ეწოდება, სადაც ვიბრაციის სწორი სიხშირე ნერვებს ისე ექცევა, რომ ტკივილიც შეგვიმსუბუქდეს. რაც შეეხება ყინულს, აქ საქმე ცოტა სხვაგვარადაა, სიცივე ტვინამდე აღწევს, თუმცა შედეგი იგივე რჩება.
უშუალოდ ტკივილისას კი ყურადღების გადატანას გვირჩევენ, თუნდაც ეს წინადადებებში ასოების დათვლა იყოს… ყველაზე დიდი ხრიკი სწორედ იმის გააზრება იქნება, რის გამოც ყურადღების გამფანტავი საკითხები მუშაობს. თუ გონება ტკივილზე ფიქრით კი არა, ასოების თვლით იქნება დაკავებული, მისი გავლენაც შემსუბუქდება.
აქ კონტექსტსაც დიდი მნიშვნელობა აქვს — ბავშვობაში მოძალადისგან დარტყმა იმაზე მტკივნეულია, ვიდრე იგივე დარტყმა მეგობრისგან… რადგანაც გამოცდილებები შეგრძნებებს ეფუძნება, შეგიძლიათ თავადვე განსაზღვროთ მეთოდები ტკივილის შესამსუბუქებლად, იქნება ეს სიცხე, სიცივე, ვიბრაცია, განტვირთვა, ვარჯიში, მედიტაცია თუ სხვა რამ. აი, შიში კი ჩვენი შეგრძნებებიდან ძალიან ბევრს აკონტროლებს…
ამგვარად, უმჯობესია, თუ ტკივილს თქვენს უსაფრთხოებაზე ორიენტირებულ მეგობრად ჩათვლით, რომელიც ზოგჯერ ცდება კიდეც. ხოლო, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ოპიოდების ჭარბად მოხმარებას ხშირად ადამიანები სავალალო მდგომარეობამდე მიუყვანიათ, მსგავსი ხრიკების დასწავლა კიდევ უფრო სასარგებლო გახდება.