საცობებსა და ჰაერის დაბინძურებაზე პირველი მანქანის გამონაბოლქვი გვახსენდება, თუმცა უახლესი კვლევის თანახმად, კიდევ არსებობს ერთი რამ, რაც გამონაბოლქვზე უფრო საზიანოა ჩვენი ფილტვებისთვის — აქ სამუხრუჭე ხუნდების მტვერი იგულისხმება…
უფრო ზუსტად, გზის, საბურავებისა თუ მუხრუჭების ცვეთის შედეგად წარმოქმნილი მტვერი, რომელსაც ზოგადი ტერმინით Non-exhaust Emissions-ს მოიხსენიებენ, დღეს საგზაო ტრანსპორტიდან მიღებული ემისიების მთავარი წყაროა. ევროპის ბევრ ქვეყანაში ჩვეულებრივ ჩვენთვის ცნობილ ემისიებსაც აღემატება. ამგვარად, ხუნდების მტვერი ხშირად გარემოს დაბინძურების მთავარი შემოქმედია, თუმცა რეგულაციებს ჯერ არ ექვემდებარება. ამ ეტაპისთვის ჯანმრთელობაზე გავლენაც ნაკლებად არის შესწავლილი.
სწორედ ამიტომ, მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს — ფილტვის გარსის მსგავსი უჯრედები ლაბორატორიაში გაზარდეს და როგორც სამუხრუჭე ხუნდების, ისე დიზელის გამონაბოლქვის მტვრით გამოცადეს. შედეგად, ამ უჯრედებისთვის ხუნდების მტვერი მეტად საზიანო აღმოჩნდა და განსხვავებული რაოდენობებით ფილტვების დაავადებებს უკავშირდებოდა, მათ შორის კიბოსა და ასთმას. საინტერესოა, რომ სამუხრუჭე ხუნდების მტვრიდან სპილენძის მოშორებით აღნიშნული ეფექტები შემცირდა.
ამგვარად, კვლევა რეგულაციების შემოღების გადაუდებელ საჭიროებაზე მიგვითითებს, თუნდაც ეს სამუხრუჭე ხუნდის შემცველობას ეხებოდეს. თანაც ამ კუთხით საინტერესო ისტორია გვაქვს, მაგალითად, 1999 წელს გაერთიანებულ სამეფოში ხუნდებიდან აზბესტი ამოიღეს, რადგან იგი ფილტვის დაავადებებს უკავშირდებოდა…
რაც შეეხება ზემოთ ხსენებულ სპილენძს, ჰაერში არსებული ამ ნივთიერების თითქმის ნახევარზე პასუხისმგებელი ხუნდებისა და საბურავების ცვეთაა — კვლევები კი გვეუბნება, რომ სპილენძის მაღალი კონცენტრაცია ფილტვების ფუნქციის დარღვევასა და გარდაცვალების მაღალ რისკებს უკავშირდება.
თუმცა არ გეგონოთ, რომ ელექტრო მანქანებზე გადასვლა პრობლემას აგვარებს, პირიქით, იმაზე უფრო მეტ მტვერს ფანტავს ჰაერში, ვიდრე ბენზინზე და დიზელზე მომუშავე მანქანები…
ახლა კი ყველა Euro 7 Emissions Standarts-ს ელოდება, რომელიც 2026 წლის ნოემბერში გაიმართება — მთავარი აქცენტი სწორედ ხუნდების მტვრის ემისიებსა და ახალი მასალების განვითარებაზე იქნება. ამ მტვრის თავიდან არიდების მექანიზმსაც შეიმუშავებენ. დიდი ყურადღება დაეთმობა გზების დიზაინსაც, რათა მაქსიმალურად შემცირდეს მანქანებში სწრაფად შეჩერებისა და დაძვრის, ასევე, აგრესიული მართვის შემთხვევები, რაც, რაღა თქმა უნდა, ხუნდების მტვრის ემისიებს ზრდის.