in

თაობა Z. რა ვიცით და რა არ ვიცით მათზე? — ბესო კაჭარავა

„თიბისი ბიზნესისთვის“ სერია „ხუთშაბათის შეხვედრები“ გრძელდება და დაინტერესებულ პირებს რიგით მეხუთე ღონისძიებაზე ახალი თემით უბრუნდება. ამჯერად საინტერესო სტუმრებთან ერთად ზეტ თაობაზე, მათ სურვილებზე, სამუშაო ეთიკასა და მოლოდინებზე ისაუბრებენ. ხოლო „მრგვალ მაგიდას“ შემოუსხდებიან: მედეა ტაბატაძე (ინსორსი), ბესო კაჭარავა (პოსტრედი) და გვანცა მურღვლიანი (თიბისი).

მანამდე კი სტატიაში გაგიზიარებთ ბესო კაჭარავას, Postred-ის დამფუძნებლის შეხედულებებს თაობა ზეტთან დაკავშირებით.

M: ზოგადად, რამდენად მოქმედებს თაობათა სხვაობა დამსაქმებელთა საჭირო მიდგომებზე?  

თაობათა სხვაობა საქმეში საკმაოდ შესამჩნევია საქართველოში. ჩემ შემთხვევაში გუნდი უმეტესად ჯენზით არის დაკომპლექტებული და მილენიალებიდან მხოლოდ რამდენიმე ტოპ მენეჯერია. ეს ზოგადად საქმისადმი მიდგომამ გამოიწვია — იქნება ეს ტექნიკურ თუ კრეატიულ ნაწილში. მილენიალი ტოპმენეჯერები ის ადამიანები არიან, რომლებმაც რთული ბავშვობისა და თინეიჯერობის მიუხედავად, მაქსიმუმი ჩადეს საკუთარი თავის განვითარებაში; კრეატიული თავისუფლება ყველაფრის ფასად დაიცვეს, როცა საზოგადოებისთვის ეს ღირებულებები მეორეხარისხოვანი იყო და ერთგვარ სტანდარტებში მოქცევას „აიძულებდნენ“.

რაც შეეხება ჯენზის, ამ შემთხვევაში ბევრად საინტერესო გუნდის წევრები შემოვიმატე. ისინი თავისუფალ საქართველოში გაიზარდნენ უფრო ძვირფასი ღირებულებებით; თავიდანვე ჰქონდათ წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებთან და ჰქონდათ საშუალება, მიეღოთ ინფორმაცია მსოფლიოს ყველა წერტილიდან, რის გამოც მათთვის საქმისთვის ალღოს აღება და, თუნდაც, კრეატიული აზროვნება ბევრად მარტივი აღმოჩნდა. ამბიციურობისა და მიზანდასახულობის თვალსაზრისით კი, თითოეულ ადამიანს ინდივიდუალურად ან აქვს ან არა, რადგან კონკრეტულ თაობას ვერ მივაწერდი ამ თვისებებს.

M: უშუალოდ ზეტ თაობაზე რომ ვისაუბროთ, რა მკაფიოდ გამოხატული მახასიათებლები გამოარჩევთ სამსახურში? რას ითხოვენ ძირითადად და როგორია მათი სამუშაო კულტურა?

ჯენზისთვის მთავარი მახასიათებელია თავისუფლება და კრიტიკული აზროვნება. ნაკლებად სჯერათ პროპაგანდის და ნაკლებად ექცევიან გარემოს გავლენების ქვეშ. ბევრად ადვილად ფიქრობენ დაწესებული წესების გარეთ და თანამედროვე ხელოვნება თუ ტექნოლოგიები არ არის საშიში ან მიუღებელი. ჩვენ ისეთ სფეროში ვართ, სადაც მნიშვნელოვანია, რომ გუნდის წევრს უყვარდეს თანამედროვე კინო, ანიმაცია, ვიდეო თამაშები. ასეთი ხალხი ბევრად ადვილად ვიპოვეთ ჯენზიში, ვიდრე მილენიალებში და, შესაბამისად, ჯენზისთვის ბევრად გასაგებია ის პროდუქტი, რასაც ვქნით.

ასევე, მუდმივად გვიწევს ბრძოლა ე. წ. Social Proof-თან — ბევრი ძველი თაობის ადამიანს მიაჩნია, რომ თანამედროვე პროფესიები ნამდვილი პროფესია არაა. ხოლო ჯენზისთვის ჩვენი საქმიანობა მართლა საინტერესო და ღირებულია; ამიტომაც, უფრო დიდი მოტივაციით თუ შემართებით სწავლობენ.

M: რა უნდა გაითვალისწინონ დამსაქმებლებმა იმისთვის, რომ ზეტ თაობასთან თანამშრომლობა წარმატებით შედგეს?

მისცენ საშუალება, იყვნენ კრეატიულები და არ მოაქციონ იმ ჩარჩოებში, რომლებშიც თავად გაიზარდნენ. სამყარო ძალიან სწრაფად იცვლება და ამ ცვლილების სათავეშია ეს თაობა… ტყუილია, რომ ამბობენ, თითქოს ზეტ თაობას ნაკლები მოტივაცია აქვს ან მუშაობა არ უყვარს — უბრალოდ, ჯერ იმ ასაკის არ არიან, რომ ეკონომიკის მამოძრავებელ ძალად იქცნენ.

ჩემი აზრით, თუ გვინდა, რომ რელევანტური იყოს ჩვენი ბიზნესი, უფრო მეტად უნდა მოვუსმინოთ მათ და დავაკვირდეთ, როგორ ცვლიან სამყაროს. თუნდაც, რომელ პლატფორმებს იყენებენ — მაგალითად, ჩემი ასაკის ხალხისგან ბევრჯერ გამიგია, რომ ტიკტოკი სისულელეა. არადა, ახალი თაობებისთვის ყველაზე აქტუალური პლატფორმაა. ასევე, ფეისბუქი, რომელიც ჩვენთვის პოპულარულია, რეალურად გამოუსადეგარია ჯენზისთვის — აქ ძირითადად სულ წუწუნებს ხალხი, ახალგაზრდებს კი უფრო საინტერესო სივრცე სჭირდებათ, სადაც რაღაც ახალს ისწავლიან.


ღონისძიებაზე დასასწრებად დარეგისტრირდით და დაელოდეთ დასტურს მითითებულ მეილზე.

ბუნებაში ყოფნა დროის შეგრძნებას ანელებს

საბერძნეთთან მატჩის წინ – ერთი ნაბიჯი ისტორიის დაწერამდე