KIAF 2017-ზე, კიევის საერთაშორისო ფესტივალზე, 8 კატეგორიიდან, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ ჟიურის წევრებთან ერთად, 5 კატეგორიაში, სხვადასხვა ქართული სარეკლამო სააგენტოების წარმომადგენლები იქნებიან და შეაფასებენ ნამუშევრებს. ფესტივალი მე-18-ჯერ გაიმართება 25 და 26 მაისს, კიევში. ჟიურის ქართველი წევრების შერჩევის კრიტერიუმებზე მარკეტერი საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის თანადამფუძნებელს – ვატო ქავთარაძეს ესაუბრა. ჟიურის წევრებმა კი ისაუბრეს საკუთარ გამოცდილებაზე იმ კატეგორიაში, რომელშიც უწევთ ნამეშევრების შეფასება, ფესტივალის მნიშვნელობაზე პროფესიული განვითარებისა თუ ქვეყნის დონეზე.

ვატო ქავთარაძე – საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის თანადამფუძნებელი: მთხოვეს, რომ რეკომენდაცია გამეწია ადგილობრივი ჟიურის კანდიდატებისთვის და ვეცადე, მაქსიმალურად სწორად შემერჩია. ჩვენს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციაში გავაჟღერე ეს და ვისაც თვითონ ჰქონდა სურვილი და მასთან ერთად, ჰქონდა შესაბამისი კომპეტენცია და გამოცდილება, რომ ამგვარი რანგის კონკურსში ჟიურის წევრად წარმდგარიყო, ისინი შევარჩიეთ. ნებისმიერი საერთაშორისო ფესტივალი, სადაც საერთაშორისო ხარისხისა და სტანდარტის ნამუშევრები ფასდება, ჩვენი ჟიურის წევრებისთვის, ჯერ ერთი, გამოცდილების მიღების შესანიშნავი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ისინი გაეცნონ რეგიონსა და გარშემომყოფ ქვეყნებში, რა ხდება ჩვენს დარგში. ჩვენი ნამუშევრების წარდგენის შემთხვევაში, შეჯიბრების შესაძლებლობაა და ეგეც გვაძლევს რაღაც გარკვეულ წარმოდგენას, სად ვართ, რეალურად და როგორ ვართ და ა.შ.
ეკა ყიფიანი – JWT Metro, კრეატიული დირექტორი – OOH & ADVERTISING CAMPAIGNS-ის ჟიურის წევრი: ჟიურის წევრობის გამოცდილება აქამდე მქონია მხოლოდ AdBlackSea-ის ფარგლებში. Kiaf არის ძალიან კარგი ფესტივალი, რომელიც არის უფრო რეგიონული განხრით და ყოველწლიურად, უფრო და უფრო ბევრ ქვეყანას იწვევს მონაწილეობის მისაღებად. Kiaf-ის ჯილდოს აღება ძალიან პრესტიჟულია, განსაკუთრებით, საქართველოსთვის იმიტომ, რომ ის კრეატიული რეიტინგის ერთ-ერთი ფესტივალია და ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მივიღოთ ხოლმე მონაწილეობა და მერე გავიმარჯვოთ. საქართველოში, ეს კატეგორია – გარერეკლამა – უფრო მეტად, განვითარების ეტაპზე არის და იმედია, მეტი ყურადღება მიექცევა. ჩვენთან იშვიათად არის ბილბორდის კამპანია, რომელიც, თავისმხრივ, თვითმყოფადად, ეფექტურად მუშაობს.
ალექს ჩიქოვანი – LIVE Branding, CEO & Senior Brand Consultant – DESIGN & BRANDING-ის ჟიურის წევრი: პოსტსაბჭოთა სივრცეში, როგორც მინიმუმ და აღმოსავლეთ ევროპაში, ეს ფესტივალი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. ჟიურიში მთელი მსოფლიოა წარმოდგენილი სხვადასხვა კონტინენტიდან – ევროპელიც, სამხრეთ ამერიკელიც და ა.შ. შესაბამისად, საინტერესო იქნება მათი შეფასებები, როგორ უყურებენ ამ ყველაფერს, რა კრიტერიუმებით აფასებენ. მაინტერესებს, შევადარო, ვთქვათ, ჩვენთან არსებულ სიტუაციას, რა დონის ნაშრომები იქნება, მით უმეტეს, ვიცი, რომ რამდენიმე ქართული სააგენტოც აპირებს მონაწილეობის მიღებას. ეს ფესტივალი ჩვენი ქვეყნისთვის არის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ქართველებიი ვფიქსირდებით მსოფლიო რუკაზე.
ნინო გორდელაძე – WINDFOR’S-ის კრეატიული დირექტორი – Film & Radio-ს ჟიურის წევრი: Kiaf პირველი საერთაშორისო კონკურსია, რომლის ჟიურის წევრიც ვიქნები. ფაქტია, რომ ეს ფესტივალი, ჩვენთვის, ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია. პრინციპში, ეს კონკურსიც კრეატიული ფესტივალების სეზონის ნაწილია, „კანამდე“ რამდენიმე ფესტივალია, რომელსაც უნდა ადევნო თვალი, რომ რაღაც შთაბეჭდილება შეგექმნას კომპანიებსა და ზოგადად, რეგიონის სარეკლამო ინდუსტრიაზე. Kiaf გვაძლევს პროგნოზირების საშუალებასაც, შეგვიძლია, ერთგვარად, განვსაზღვროთ, რომელი სააგენტო შეიძლება იყოს ლიდერი „კანზე“, ჩვენი რეგიონიდან. ჩვენი კომპანია -WINDFOR’S – დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ სარეკლამო მიმართულებას. რაც შეეხება ჩემს პირად გამოცდილებას, რამდენიმე სარეჟისორო ნამუშევრისა და კლიპის ავტორი ვარ, განათლებით კინორეჟისორი ვარ, ამიტომ, ეს ჩემი საყვარელი კატეგორიაა.
აკა მელიქიძე SWITCH Communications, კრეატიული დირექტორი – FILM CRAFT AND BRANDED CONTENT & VISUAL STORYTELLING-ის ჟიურის წევრი: ჟიურის წევრობის საერთაშორისო გამოცდილება არ მქონია. KIAF ერთ-ერთი საუკეთესო ფესტივალია აღმოსავლეთ ევროპის სივრცეში, რაც შეეხება ჩემს კატეგორიას, ჩემთვის ეს ყველაზე საინტერესო კატეგორიაა, რადგან საშუალება მექნება, შევაფასო ვიდეორგოლების რეჟისურა, სცენარი, მხატვრული სტილისტიკა, ოპერატორის ნამუშევარი, ვიზუალური ეფექტები, ხმის დიზაინი და ასე შემდეგ. ანუ, შეფასდება ყველა იმ ადამიანის შრომა, ვინც საკუთარი წვლილი შეიტანა ნამუშევარში. ამ კატეგორიის შესაფასებლად, შემთხვევით არ ამირჩიეს, ბევრი წელია, ამ საქმით ვარ დაკავებული და ასობით ვიდეორგოლის წარმოებაში მაქვს შეტანილი ჩემი წვლილი. ვფიქრობ, რომ ეს სფერო საქართველოში საკმაოდ განვითრებულია და პროცესი არ ჩერდება. დარწმუნებული ვარ, ბევრად მეტის გაკეთებას შევძლებთ ახლო მომავალში. საერთაშორისო ფესტივალის ჟიურის წევრობა დიდი პატივია და ამავე დროს, კარგი გამოცდილება ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის.
ნიკუშა ანთაძე- HOLMES&WATSON-ის კრეატიული დირექტორი – PRINT & PUBLISHING AND MEDIA-ის ჟიურის წევრი: საერთაშორისო კონკურსზე ჟიურის წევრი პირველად ვარ, ამიტომ განსაკუთრებულად ვემზადები. ეს ახალი გამოცდილებაა ჩემთვის და მაინტერესებს, როგორ ჩაივლის საკონკურსო დღეები. KIAF რეგიონისთვის საკმაოდ პრესტიჟული და მნიშვნელოვანი ფესტივალია, ჩვენ გარშემო 20-მდე ქვეყანა იღებს მასში მონაწილეობას. PRINT არის ჩემი საყვარელი მედია, მაქვს არაერთი ნამუშევარი, ამ მიმართულებაში. როგორც კრეატივ დირექტორი და ქოფირაითერი, მივიჩნევ, რომ თამამად შემიძლია, შვაფასო კონკურსანტთა ნამუშევრები. გამიხარდება, თუ ქართული გუნდების ნაშრომებს ვნახავ კონკურსზე.












