„მე, თათა ლორთქიფანიძეს და ჩემს ბიძაშვილს – კესო ლორთქიფანიძეს, სულ გვინდოდა დაგვეწყო ერთობლივი საქმე და გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ონლაინ მაღაზია, სადაც გავყიდდით ჩვენი დიზაინით შექმნილ მაისურებსა და ჩანთებს. იმის მიუხედავად, რომ ვართ 13 და 14 წლისები არ გაგვჭირვებია ამ „ბიზნესის“ წამოწყება“, – ასე იწყება წერილი, რომელიც მარკეტერს ახალგაზრდა სტარტაპერებმა მოგვწერეს. აღმოჩნდა, რომ „კიბეს“ ისტორიის შექმნა 5 თვის წინ დაიწყეს, ინსტაგრამისა და „ინფლუენსერების“ (მეგობრებისა და ნაცნობების) დახმარებით, მოახერხეს პროდუქციის მომხმარებლამდე მიტანაც და ცოტა ხნის წინ, „კიბეს“ ფეისბუკ გვერდიც შეუქმნეს.
თათამ და კესომ საწყისი კაპიტალის კუთხით, მშობლებისგან მიიღეს დახმარება. მაღაზიის სახელთან, პროდუქციის დიზაინსა თუ სოციალურ ქსელებში მის განთავსებასთან დაკავშირებულ დეტალებს კი დამოუკიდებლად აგვარებენ.
მაღაზიის სახელზე დიდხანს ვიფიქრეთ, არ გვინდოდა ბანალური სახელი, გვინდოდა ისეთი, რომელშიც აზრი იდებოდა. დიდხნიანი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტეთ „კიბე“, რადგან ჩვენი კიბე ადის სულ მაღლა და მაღლა და უკან ჩამოსასვლელი გზა არ აქვს“.
M: როგორია მომხმარებლის დაინტერესება თქვენი პროდუქციით?
დაახლოებით, 5 თვეა დავიწყეთ, ძალიან ბევრი ინტერესდებოდა პირველი ორი თვის განმავლობაში, ძალიან გახარებულები ვიყავით, რადგან არ მოველოდით. შემდეგ, უკვე გვინდოდა გაფართოება, დავიწყეთ ფლი-მარკეტზე გასვლა და აქტიურობა.

M: რა ფასებშია ხელმისაწვდომი „კიბეს“ პროდუქცია და რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
ფასი არის 15-დან 20 ლარამდე. პროდუქციის გაზრდასთან ერთად, ალბათ, ფასიც გაიზრდება. სექტემბრიდან ვაპირებთ ბევრი ახალი რამის დამატებას, პროდუქციის კუთხით და ვფიქრობთ შოუ-რუმის გაკეთებას. ჩანთები და მაისურები გვაქვს, ამ ეტაპზე და ვგეგმავთ წელის ჩანთების დამატებას, ვფიქრობთ სხვადასხვა დიზაინის მაისურებზეც.



















