მართალია, დამტენების ხარისხის გაუმჯობესებაზე ბევრი მუშაობს, მაგრამ დიზაინი ყველასთვის ერთნაირია — ან შავი, ან თეთრი. ამ სიტუაციას კი დიზაინერები ჩიუ ვენდაო და ჯაო ჰუ კიბერპანკით შთაგონებული დამტენით უმკლავდებიან. განსხვავებული ფერადი ვიზუალის გარდა, მას საკმაოდ მძლავრი ტექნიკური მახასიათებლებიც აქვს.

Angry Miao’s CyberCharge ძირითადად სამი დიზაინით არის წარმოდგენილი. პირველი ვარიანტი მწვანე ფერის გამოყენებით შექმნეს, რის გამოც მას კიბერპანკს უკავშირებენ. მეორე დიზაინს კი გარდამავალ ცისფერ და იასამნისფერ ფერებში ვხედავთ. ხოლო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც უპირატესობას მონოქრომულ ფერებს ანიჭებენ, ნაცრისფერი კორპუსი თეთრი ფირფიტით შექმნეს. მეტიც, მათი შეცვლა თქვენი გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ.

რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, დამტენის სიმძლავრე 90 ვატია. ის ახლა უკვე ტრენდულ GaN-ის ბატარეის ტექნოლოგიას იყენებს, რაც პატარა მოწყობილობას დიდი ენერგიის მიღების საშუალებას აძლევს. ამასთან ერთად, Angry Miao’s CyberCharge USB-C და USB-A პორტებით არის აღჭურვილი.

















