მეცნიერები ცოცხალი ადამიანის სიმსივნეების „ავატარებს“ ქმნიან, რათა მათზე ათობით წამალი გამოცადონ და საბოლოოდ, კიბოსგან განკურნების გზასაც მიაგნონ.
იუტას უნივერსიტეტის მკვლევარმა ბრაიან უელმმა, თავის მეუღლესთან ერთად, რეალური სიმსივნეების ლაბორატორიული ვერსიები შექმნა. აქ საუბარია ორ ბიოლოგიურ მოდელზე: ქსენოტრანსპლანტებზე, რომლებიც თაგვებში ქსოვილის იმპლანტაციის გზით არის დამზადებული და ორგანოიდებზე — ქსოვილზე, რომელიც პლასტმასის ჭურჭელში შეიქმნა.
თითოეულ სიმულირებულ ნიმუშზე, დაახლოებით, 45 წამლის გამოცდაა შესაძლებელი, რაც კიბოს მკურნალობის გზის პოვნაში დაგვეხმარება. გვეუბნებიან, რომ კვლევისას ერთ-ერთ ორგანოიდზე კიბოს უჯრედების განადგურებაც კი შეძლეს და შემდგომში ეს წამალი, FDA-ს მიერ, ძუძუს კიბოს სამკურნალოდ დამტკიცდა. ცდებისას გამოყენებული კიდევ ერთი წარმატებული წამალი ერუბილინია. მისი დახმარებით, თაგვებში კიბოს უჯრედების განადგურება და ადამიანებში დროებით შეჩერება 5 თვის განმავლობაში მოახერხეს.
იმის დასამტკიცებლად, რომ „ავატარები“ რეალურთან ახლოს მდგომი იყო და მათი გამოყენება ეფექტურად შეიძლებოდა, ისინი რეალურ კიბოს უჯრედებს, ორგანოიდებსა თუ ქსენოტრანსპლანტებს შეადარეს და დადებითი შედეგებიც მიიღეს.
იმასაც გვეუბნებოდნენ, რომ კიბოს უჯრედების გამოკვლევისას მეცნიერებს ადამიანის ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი ნაწილი — იმუნური სისტემა აკლდათ და, შესაბამისად, ისინი იმუნოთერაპიას ვერ მიმართავდნენ. თუმცა ორგანოიდების დახმარებით, ახლა ესეც შესაძლებელი გახდა…
„ავატარების“ დახმარებით, ისინი უკვე ზუსტად აღწერენ, როგორ რეაგირებს კონკრეტული წამლები ადამიანებში. ისინი შესაბამისი მედიკამენტების პოვნასა და დროის მოგებაშიც გვეხმარება. მაგალითად, ორგანოიდულ ტესტებს შეუძლია, სწრაფად გაარკვიოს, რომელი წამლები ანადგურებს კიბოს. ქსენოტრანსპლანტები კი უფრო ამომწურავ ინფორმაციას გვთავაზობს, მაგალითად, რამდენად ვრცელდება მეტასტაზები… თუმცა, გვეუბნებიან, რომ ორგანოიდებთან შედარებით, ეს მეთოდი ნაკლებად სწრაფი და ჰუმანურია.
მკვლევრებს ახლა მიზნად ყველაზე ლეტალური ფორმების კვლევა აქვთ დასახული. „ჩვენ უმაღლესი თერაპიის მიღება გვსურს და უამრავი კითხვა გვაქვს, რომელსაც პასუხები უნდა გავცეთ“, — აცხადებენ იუტას უნივერსიტეტის მკვლევრები.











