in

როგორ დავუჭიროთ მხარი კიბოსთან მებრძოლ ადამიანებს? — 5 რჩევა

M2
M2

საინტერესო კითხვაა, თუმცა პასუხი მარტივად არ მოეძებნება… ამიტომაც მსგავსი გამოცდილების მქონე ადამიანებს ჰკითხეს, თუ როგორ უნდა დავუჭიროთ კიბოსთან მებრძოლ ინდივიდებს მხარი საკმაოდ რთულ, მაგრამ ხშირად უკვე გამარჯვებით დასრულებულ გზაზე. ახლა კი მათგან ხუთ მთავარ რჩევას გაგიზიარებთ:

იყავით გულწრფელი საკუთარ თავთან

რისი გაკეთება შეგვიძლია რეალურად? როგორც დროის, ისე ემოციური რესურსების თვალსაზრისით. მაგალითისთვის, თუ არასდროს გამოგიცხვიათ რაიმე, ახლა სულაც არ არის დრო, რომ საყვარელ ადამიანს ყოველ კვირა თქვენი გამომცხვარი პური მიუტანოთ… ან თუ რთული სამსახური გაქვთ, მაგრამ გსურთ, დაავადებასთან მებრძოლ მეგობარს ყოველ დღე ან ყოველ კვირა ესტუმროთ, მნიშვნელოვანია, გულწრფელი იყოთ საკუთარ თავთან და გაიაზროთ, რეალურად, რამდენად შეგიძლიათ ეს. 

მთავარია, მომთმენი იყოთ და რა დროსაც გაატარებთ, ხარისხიანი იყოს — არ გეგონოთ, რომ ყველა დღე მისვლით დაეხმარებით, რადგან დროზე მნიშვნელოვანი, სწორედ ხარისხია. 

გაიგეთ, რა სურს პაციენტს რეალურად

საკუთარ თავს ჰკითხეთ, ამას თქვენთვის აკეთებთ თუ პაციენტისთვის? უბრალოდ თქვენ გინდათ კარგი მომვლელი გიწოდონ თუ ეს მართლა ეხმარება პაციენტს? თუ აღმოაჩენთ, რომ ყველაფერს აკეთებთ, რასაც თავად თვლით საჭიროდ, ცოტა ხანი შეჩერდით და პაციენტს ჰკითხეთ, რამდენად ეხმარებით ამგვარი ქმედებით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რა სურს მას თქვენგან რეალურად. 

გახსოვდეთ, ყველა ადამიანი მსგავს სიტუაციას განსხვავებულად უმკლავდება. შესაძლოა, ზოგს მარტო ყოფნა სურდეს, ზოგსაც კი პირიქით. ამიტომაც, ზემოთ აღნიშნული კითხვის დასმა არ დაგავიწყდეთ.

იყავით კონკრეტული

ამ პროცესში პაციენტზე ორიენტირებული იყავით. საკუთარი თავი რეალურად წარმოიდგინეთ მათ ადგილზე. გაიაზრეთ, გესიამოვნებოდათ თუ არა ამდენი წამლების, მკურნალობისა და გვერდითი ეფექტების შემდეგ, ფრაზის მოსმენა: „მითხარი, თუ რაიმეში შემიძლია შენი დახმარება…“ ან ამას ხომ არ ამჯობინებდით?: „სალამი, ორშაბათს 4-ზე გამოგივლი და გემრიელ ქათმის წვნიანს მოგიტან“ — რაღაც კონკრეტულის შეთავაზებით საქმეს გაამარტივებთ. 

თუ კიბოსთან მებრძოლი საყვარელი ადამიანისთვის საჭმელის გაკეთებას გადაწყვეტთ, პროცესში ჩართვა შესთავაზეთ. შესაძლოა, ბევრ რაიმესთან უწევთ გამკლავება, მაგრამ ხელები აქვთ, რომელთა გამოყენებაც თუნდაც ბოსტნეულის დასაჭრელად შეუძლიათ. ასე მათ თავს მნიშვნელოვნად აგრძნობინებთ. 

მიაკითხეთ იქ, სადაც არიან

თავადაც რომ გქონოდათ მსგავსი გამოცდილება, არ უნდა ჩათვალოთ, რომ იცით, მას რა სჭირდება. იმის ნაცვლად, რომ უთხრათ, რა უნდა გააკეთოს და იზოლირებაში შეუწყოთ ხელი, უბრალოდ შეხვდით იქ, სადაც არიან. ასე იზოლირებასაც აარიდებთ თავიდან — უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რადგან კიბოსგან განკურნების მაღალ მაჩვენებლებს უკავშირდება. 

შესაძლოა, მასთან საათობით გსურდეთ დროის გატარება, მას კი მხოლოდ 30 წუთი ჰქონდეს ამის რესურსი… ამიტომაც უნდა გადადოთ გვერდით საკუთარი სურვილები, ასე იმედგაცრუებასაც აარიდებთ თავს და საყვარელ ადამიანსაც დაეხმარებით — მისცემთ იმას, რას სურთ და სჭირდებათ რეალურად და არა იმას, რასაც თქვენ ჩათვლით საჭიროდ. 

ითხოვეთ ნებართვა

თქვენს საყვარელ ადამიანს ნებართვა სთხოვეთ, რათა გაიგოთ, რა და როგორ ურჩევნია, შეგიძლიათ ისეთი კითხვები დაუსვათ, როგორებიცაა: როგორ მოგწონს კომუნიკაცია? შეიძლება ხუმრობა ან სმს გამოგიგზავნო? გინდა დაგირეკო? შეიძლება მოვიდე? — ასე კიბოსთან მებრძოლი პაციენტი იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ როგორ მოეპყრან და ეს პროცესსაც მეტად კომფორტულს ხდის მისთვის. ამიტომ, თუ მათი მხარდაჭერა რეალურად გსურთ, თქვენი ეგო დროებით დაივიწყეთ.

საქართველოს ბანკის და MAC Georgia-ს სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში 15-მდე სტიპენდიატი გამოვლინდა

Apple-მა ახალი ფუნქციის წარდგენა კატას მიანდო