in

„549 კმ ნაჭერი, რაც იგივეა, თბილისიდან მარტვილში ჩახვიდე და ჩამოხვიდე… აი, ეს არის kiddco!“

Startauperi
Startauperi

„472 დღე ფიქრში, 83 შაბათ-კვირა დასვენების გარეშე, 56 სტანდარტული და 19 უშაქრო ენერგეტიკული სასმელი, 132 ორმაგი ჩიზბურგერი, 79 ჩხუბი ერთამენთში, ქმართან 2-ჯერ დაშორება, მოუცლელობის გამო [„დღეს ისევ ერთად ვართ“ – გვანდცა], ნაჭრებში გაშვებული ფულის გამო ჩავარდნილი [ნანუცას] დაბადების დღე, 549 კმ ნაჭერი, რაც იგივეა, თბილისიდან მარტვილში ჩახვიდე და ჩამოხვიდე აი, ეს არის kiddco!“ – გვიყვებიან ბავშვების აქსესუარების ქართული ბრენდის დამფუძნებლები, ნანუცა ედიბერიძე – გრაფიკული დიზაინერი და გვანდცა გოგავა – სოციალური მედია მენეჯერი.

გვინდოდა, რამე განსაკუთრებული, არასტანდარტული და თან ძალიან სახალისო საჩუქარი გვეყიდა მეგობრის შვილისთვის. ბევრი ვეძებეთ და ბოლოს მოგვიწია უცხოური საიტიდან გამოწერა. სწორედ ეს შემთხვევა გახდა ჩვენთვის ინსპირაციაყველა იდეა, რაც გვქონდა, გაგვეერთიანებინა და ბავშვებისთვის განსხვავებული და რაც მთავარია, ქართული ნაწარმი მიგვეწოდებინა.

M: რას ნიშნავს Kiddco და რა არის ბრენდის მისია?
Kiddco –
ნიშნავს kids & company, ანუ ყველაფერი ბავშვებისთვის, იქნება ეს ტანსაცმელი, აქსესუარები თუ სათამაშოები. ბაზარზე არსებული ყველა ბრენდი, ძირითადად, ბავშვის ტანსაცმლის ხაზზეა ორიენტირებული. რეალურად, აქამდე არცერთი კომპანია არ ქმნიდა პატარებისთვის ისეთ აქსესუარებს, რომლებიც მათ ზღაპრულ სურვილებს აუსრულებდა და პრინცესად ან სუპერგმირად აქცევდა.„ქიდქოს“ ერთ-ერთი მთავარი მიზანიც, პატარებისთვის ჯადოსნური ბავშვობის შექმნაა. გვინდა, თამაშის დროს ყველაზე კომფორტული ტანსაცმელი ეცვათ, მაქსიმალურად მეტი თავგადასავალი გადახდეთ თავს. გვსურს, ჩვენი აქსესუარებით, ყველა ზღაპრული წარმოსახვა, იქნება ეს ელზა „ფროუზენიდან“, სუპერმენი თუ ზღაპრის სხვა გმირი, ხელშესახები გავხადოთ ჩვენი პრინცესების გვირგვინებითა და სუპერგმირების მოსასხამებით.

M: ვინ არის ბრენდის პოტენციური აუდიტორია და რას სთავაზობთ მათ?
ჩვენი სეგმენტი 3-8 წლის ბავშვები და მათი მშობლები არიან. მშობლები, რომლებისთვისაც ბავშვის წარმოსახვის განვითარება მნიშვნელოვანია და შვილის სურვილების ასრულებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ. ამ ეტაპზე მომხმარებელს ტანსაცმელსა და სხვადასხვა აქსესუარს ვთავაზობთ.

M: რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა?
ჩვენი აქსესუარების განსაკუთრებულობა უნიკალურ დიზაინსა და იმ მასალებშია, რომლისგანაც მათ ვქმნით. მაგალითად, პრინცესას გვირგვინი მოხარშული ტილოს ნაჭრისგან იკერება. სხვა მსგავსი პროდუქტისგან განსხვავებით, მისი გამოყენება მრავალ ჯერზე შეიძლება, რადგან თამაშის დროს დასვრილი გვირგვინი მარტივად ირეცხება.

M: როგორ ხედავთ Kiddco-ს მომავალს?
მთავარი გამოწვევა წარმოების გაზრდა, ახალი დიზაინების შექმნა და საჭირო მასალების მოძიებაა. გვინდა, კიდევ უფრო ბევრ სახელოსნოსთან ვითანამშრომლოთ და მეტი განსხვავებული პროდუქტი შევქმნათ. სამომავლოდ, ძალიან საინტერესო და განსხვავებული სათამაშოების ხაზი დაგვემატება. „ქიდქოს“ გეგმებშია, ასევე, საერთაშორისო ბაზარზე გასვლაც. 

საქართველო ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე

ქართველი ახალგაზრდები, რომლებმაც მუშაობა Google-ში დაიწყეს