in

Kiddo ქართული პლატფორმაა – შუამავალი მშობლებსა და ძიძებს შორის

Startauperi
Startauperi

ძიძის პოვნა საკმაოდ სტრესული, საპასუხისმგებლო და ხშირ შემთხვევაში, იმდენად ხანგრძლივი პროცესია, რომ შეიძლება, განუსაზღვრელი ვადით გაიწელოს და საბოლოოდ, თქვენთვის შესაფერის კანდიდატს მაინც ვერსად მიაკვლიოთ. 

ძიებასთან დაკავშირებული ზოგადი გამოცდილება ასეთია: ძიძის მაძიებელი მშობლები რეკომენდაციებს ახლობლებს სთხოვენ, ან იმავე სურვილით, თავიანთ საჭიროებებს სოციალურ ქსელებში აზიარებენ, ანდაც, ძიძების სააგენტოებს უკავშირდებიან. 

თავის მხრივ, ძიძობის მსურველებიც გამოწვევების წინაშე დგანან, რადგან არცისე საფუძვლიან ინფორმაციას ფლობენ იმაზე, თუ სად და როგორ განათავსონ ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ ისე, რომ მათ ენდონ.

სწორედ ასე, ამ ორ მხარეს შორის არსებული სიცარიელის შესავსებად შეიქმნა პლატფორმა „ქიდო“:

Kiddo ყველა იმ იდეასა და საშუალებას გააერთიანებს, რომლითაც დღეს, მშობლები ძიძებს ეძებენ. მათ შესაძლებლობას მივცემთ, რომ მარტივად, ერთ სივრცეში ისეთი ძიძებს მიაკვლიონ, რომლებსაც მათი მეგობრების, ნაცნობებისა თუ მეზობლების წრიდან რეკომენდაციები უკვე ექნებათ. გარდა ამისა, ძიძებს, სწორი ინფორმაციის განთავსებით, თვითრეალიზების საშუალება მივცემთ, – რუსუდან სამუნაშვილი, Kiddo-ს თანადამფუძნებელი. 

M: რუსუდან, პირველ რიგში, თქვენზე გვიამბეთ… ვინ არიან „ქიდოს“ დამფუძნებლები?
Kiddo სამმა მეგობარმა დავაფუძნეთ: გიორგი ხატიაშვილი ციფრული მარკეტერია და გარდა პროფესიული საქმიანობისა, ასევე, აკადემიური სწავლებითაც არის დაკავებული; სანდრო კანდელაკიბ- ბიზნესისა და სტარტაპების მხარდაჭერის მიმართულებით მუშაობს, მე კი – ფინანსისტი ვარ და ასევე, კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი პროფესია მაქვს, დედობა რომ ჰქვია… და ულამაზეს სესილის ვზრდი.

M: სოციალურ ქსელში არაერთხელ შევხვედრილვართ პოსტებს, სადაც უფრო ხშირად, დედები ფეისბუკმეგობრებს სთხოვენ, მიასწავლონ გზა, რომელიც მათ კარგ ძიძასთან მიიყვანს… რა გახდა გადამწყვეტი მომენტი იმისთვის, რომ ამ პრობლემის გადაჭრაზე გეზრუნათ?
Kiddo-ს დაფუძნების იდეა მე და ბიჭებს ცალ-ცალკე დიდი ხანი გვქონდა. პირადად მე, როდესაც ჩემი შვილისთვის ძიძის მოძებნა დამჭირდა, ძალიან ბევრი დრო, რესურსი, ენერგია და ნერვები დავხარჯე. მას მერე ვხედავდი, სხვებიც როგორ წვალობდნენ.

პარალელურად, თურმე, გიორგი და სანდროც აკვირდებოდნენ, ძიძის მსურველი სასოწარკვეთილი მშობლების რამდენი პოსტი იდებოდა.

მოკლედ, ერთმანეთი 1 წლის წინ რომ გავიცანით და ჩვენი იდეები დაემხთვა, მივხვდით, რომ ამის გამოსწორების შესაძლებლობა გვქონდა და გადადება აღარ ღირდა.

M: რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ „ქიდოს“ სერვისი მშობლების მოთხოვნებს მაქსიმალურად ერგება?
მშობლებს საშულებას ვაძლევთ, Kiddo-ს პლატფორმის დახმარებით, თავიანთ მოთხოვნებთან შესაბამისი ძიძა როგორც სრული განაკვეთით (Full Time-ზე), ასევე ნახევარ განაკვეთზე (Part Time) მოიძიონ. როგორც საკუთარ ქალაქში, ასევე დასასვენებლად, სხვაგან ყოფნის დროს.

M: და რაც შეეხება ძიძების თვითრეალიზებას?
პლატფორმაზე ყველა ძიძას საკუთარი პროფილი აქვს, სადაც მასზე ინფორმაცია დეტალურადაა მოცემული. გარდა ამისა, საიტზე, მშობლის მხრიდან, ძიძის შეფასების სისტემაც დანერგილია, რაც პროცესს უფრო სანდოს ხდის. მაღალრეიტინგულ ძიძებს კი საშუალებას აძლევს, მეტი თანხა გამოიმუშაონ და დასაქმების უკეთესი პირობები შეიქმნან.

kiddo-ს მისიაა ყველა ბავშვი და მშობელი ბედნიერი იყოს. ამის მისაღწევად, ჩვენი პლატფორმა მომხმარებელს, მაქსიმალურად, მათზე მორგებულ, კომფორტულ და სანდო სერვისს სთავაზობს. ასევე, ჩვენი მიზანია, ძიძებს, დასაქმების პროცესში, შესაბამისი პირობები ჰქონდეთ, რაც მათ მოტივაციაზე და შესაბამისად, კარგად შესრულებულ სამუშაოზე აისახება, – რუსუდან სამუნაშვილი.

M: ამჟამად, Kiddo-ს მთავარი გამოწვევაა:
ერთი მხრივ, ძიძის მოძიების პროცესში მშობლის ქცევა შეცვალოს და მეორე მხრივ – ძიძის ქცევა სამსახურის ძიების პროცესში. ასევე, მნიშვნელოვანია, მშობელმა ძიძის საათობრივი გამოძახების კულტურა, როგორც საჭიროების გადაწყვეტის ეფექტური და სწორი საშუალება, ისე მიიღოს.

განვითარების კუთხით, პირველ რიგში, სერვისის მაქსიმალურად დახვეწაზე, პარალელურად კი, ახალი ღირებულებების დამატებაზე ვმუშაობთ.

M: გრძელვადიან პერსპექტივაში:
ექსპორტზე გასვლას ვგეგმავთ. ბევრ ქვეყანაში Kiddo-ს მსგავსი პლატფორმები და შესაბამისად, კონკურენტები უკვე არსებობს, თუმცა ვფიქრობთ, ეს სტარტაპის განვითარების პროცესს უფრო საინტერესოს გახდის და მეტი ინოვაციური ელემენტის დამატების მოტივაციას მოგვცემს. 

ავტორი: თიკა გეგენავა

აღმოაჩინეს ეგზოპლანეტა, სადაც თხევადი რკინა წვიმს

„მაკდონალდს საქართველო“ საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და მკაცრი სადეზინფექციო წესები აამოქმედა