23
Jan
2020

როგორ დავეხმაროთ ბავშვს გამოიმუშავოს თანაგრძნობა, ემპათია და კეთილგანწყობა ირგვლივმყოფების მიმართ

23 Jan 2020

ადრეულ ასაკში, ბავშვისგან ემპათია და თანაგრძნობა ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან პატარას ზრდა-განვითარება ამ პერიოდში ეგოცენტრული და მექანიკურია. მიუხედავად ამისა, ბავშვების ნაწილს ჯერ კიდევ მცირე ასაკში აღენიშნებათ ალტრუიზმის ჩანასახები, რომელთა განვითარება საბოლოოდ უყალიბებს მათ წარმატებას სოციუმთან ურთიერთობაში.

ბავშვის ხასიათის ჩამოყალიბებასა და განმტკიცებაში ყველაზე დიდი როლი ოჯახს მიუღძვის. წარმოგიდგენთ 8 ნაბიჯს, რომელთა გადადგმით თქვენ დაეხმარებით ბავშვს, იყოს უფრო მეტად ემპათიური.

1. იყავით ღია. აუხსენით ბავშვს, რომ ყველაფრის პასუხი და გამოსავალი თქვენც არ გაქვთ. როდესაც უშვებთ შეცდომას პატარასთან ურთიერთობაში – აუცილებლად მოუხადეთ ბოდიში და აღიარეთ თქვენი შეცდომა.

2. იყავით ბავშვისთვის კეთილგანწყობისა და თანაგრძნობის მაგალითი. ბავშთან ერთად დაეხმარეთ მეზობლებს, ქუჩაში ჩანთებით დატვირთულ მოხუცებს, დაუთმეთ გზა ბავშვებს და ასე შემდეგ. ბავშვის ყურადღების სიკეთისადმი მიპყრობა სასიამოვნო შედეგს გამოიღებს.

3. იყავით ლმობიერი საკუთარი თავის მიმართ. აჩვენეთ ბავშვს, რომ აუცილებელია საკუთარ თავს მიხედოს, დროულად დაისვენოს და გაერიდოს სტრესს.

4. ხშირად გამოხატეთ მადლიერება. მადლობის თქმა საკმაოდ მარტივი მოვლენაა, რომელიც იკარგება ყოველდღიურ რუტინულ ცხოვრებაში. თუნდაც პატარა დეტალისთვის მადლობის გადახდა კარგ მაგალითს მისცემს ბავშვს.

5. პატივი ეცით სხვის განსხვავებულობას და ინდივიდუალურობას. გააცანით ბავშვს თქვენი მეგობრები, რომელთაც განსხვავებული რელიგია, რასა თუ შეხედულებები აქვთ. აუხსენით პატარას, რომ აუცილებელია პატივისცემა ყოველი ადამიანის მიმართ, მიუხედავად მათი განმასხვავებელი ხასიათისა, ნიშნებისა თუ დამოკიდებულებებისა.

6. გამოხატეთ ემპათია. წიგნის კითხვის ან ფილმის ყურების დროს, ჰკითხეთ ბავშვს: „როგორ ფიქრობ, რას გრძნობს მთავარი გმირი?“ „შენ რას იგრძნობდი მის ადგილას?“ ხაზი გაუსვით ადამიანების გრძნობებს და იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სხვისი განცდების გათვალისწინება.

7. იკითხეთ წიგნები ერთად. მხატვრული ლიტერატურა და ზღაპრები ხშირად სიკეთისა და შემწყნარებლობის იდეალურ მაგალითს სთავაზობს პატარას. ბევრი იკითხეთ ერთად, სთხოვეთ ბავშვს დააკვირდეს სხვადასხვა გმირების ქცევებსა და დამოკიდებულებებს.

8. შეეცადეთ ერთად გაუმკლავდეთ ყველა მოცემულობას. თანადგომა და ერთად ყოფნა ბავშვს აძლევს დიდ მოტივაციას იყოს უკეთესი, დაეხმაროს მეტ ადამიანს და წარმოაჩინოს საკუთარი თავის საუკეთესო მხარეები.

ხშირად, უფროსებს გვაქვს მოთხოვნილება, რომ ვიცხოვროთ უკეთეს, უფრო კეთილ და ლამაზ რეალობაში. ცვლილება იწყება ინდივიდუალურად და შინაგანად. ბავშვები წარმოადგენენ მომავლის მამოძრავებელ ძალას და მათზე მუშაობა ჯანსაღი აზროვნების მქონე საზოგადოების გარანტიას გვაძლევს.


წყარო: nurtureandthriveblog.com
თარგმანი: Cerebrum • ცერებრუმი, ელი კონცელიძე

განხილვა