in

Killages-ის ახალი ალბომი “Outcast” 1 ივლისს გამოვა

იკა ხარგელიას ფოტო

პოპულარულმა ქართულმა ბენდმა Killages-მა ახალ ალბომზე მუშაობა დაასრულა და “Outcast”-ის მოსმენა მსმენელს სულ მალე, 1 ივლისს შეეძლება. ბენდმა ალბომის მასალაზე მუშაობა ამ წლის დასაწყისიდან დაიწყო და მასში 13 სიმღერას მოუყარა თავი. 4 წელი გავიდა რუსთავული ბენდის სადებიუტო ალბომის, „Original Brothers”-ის გამოსვლიდან, სადაც მათ თავდაპირველი მელოდიური ხაზიდან მცირედით გადაუხვიეს და ძირითადი აქცენტი თანამედროვე ჰიპ-ჰოპის მიმართულებაზე გააკეთეს. “გასული 4 წლის განმავლობაში ჩვენს ცხოვრებაში უამრავი ცვლილება მოხდა, პირველ რიგში გავიზარდეთ და ახალმა გამოცდილებებმა მუსიკაც ახლებურად დაგვანახა. ბენდი მეოთხე წევრმა დატოვა და მას შემდეგ ჩვენი მუსიკის ტრიოს ფარგლებში შესრულებაზე გადავეწყვეთ, რის შედეგსაც მსმენელი სულ მალე მოისმენს.“ გვიყვება გუგა.

საინტერესოა Killages-ის განვილი გზა საყოველთაო პოპულარობამდე. 2017 წლის დასაწყისში ჩამოყალიბებული ბენდი, როდესაც ჯერ კიდევ მხოლოდ პერსპექტიულ პროექტად ითვლებოდა, იმავე წელს „Tbilisi Newcomers”-ის კონკურსის გამარჯვებული გახდა. ამ გამარჯვებამ კი შემდეგ წლებში ბენდის მოტივაცია სხვა დონეზე აამაღლა. ეს იყოს ნაყოფიერი და ახალგაზრდული ენერგიით სავსე პერიოდი, როდესაც შეიქმნა ისეთი ჰიტები როგორიცაა „On/Off”, ‘Run” და სხვა. აღნიშნულ სინგლებს სხვადასხვა მუსიკალურ პლატფორმებზე დღეს უკვე მილიონობით მსმენელი ჰყავს და ახალი თაობის ჰიმნადაც კი იქცნენ. „რამდენადაც რთულია მუსიკალურ სცენაზე თავის დამკვიდრება, როცა ასაკით პატარა ხარ, იმდენადვე დიდი მოტივაცია გაქვს რომ ყველა ბარიერი გაარღვიო და დიდი შრომით მიაღწიო შენს დასახულ მიზანს. ჩვენი ბენდის ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე, ყველას გვქონდა მიზანი რომ ხალხს ჩვენი შემოქმედება გაეცნო და შეყვარებოდა – “Killages” თავიდანვე არ ყოფილა მორიგ სამთვიან მუსიკალურ პროექტად განსაზღვრული. ამ გადმოსახედიდან რომ ვუყურებთ ჩვენი გეგმის მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულებული გვაქვს, წინ კი უფრო  დიდი მიზნები გველოდება“ ამატებს ანრი.

 

მცირე შესაძლებლობებით და რუსთავში, არცთუ ისე კომფორტულ გარემოში ჩაწერილმა სიმღერებმა Killages არამარტო, რუსთავში, არამედ მთელ საქართველოში გახადა პოპულარული, მეტიც, დღეისთვის მათი მსმენელის მოზრდილი ნაწილი საქართველოს გარეთ იმყოფება და ეს უკვე ჯგუფის მუსიკის საერთაშორისო მასშტაბის განმსაზღვრელია. ბოლო 4 წლის განმავლობაში Killages-მა თითქმის მთელი საქართველო მოიარა – თბილისი, რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი, ლაგოდეხი, გორი, ზუგდიდი, თელავი, შოვი – ეს იმ ქალაქების მცირე ჩამონათვალია, სადაც ბენდმა საკუთარი მუსიკა ცოცხლად შეასრულა და მსმენელის გულში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა. „ძალიან გვახარებს როდესაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ჩვენთვის უცნობი ადამიანები ჩვენს სიმღერებს ზეპირად მღერიან და გვიყვებიან  თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდათ ამა თუ იმ ნაწარმოებს მათ ცხოვრებაში. ამ მოგზაურობამ ქვეყნის გარშემო უფრო შეგვაკავშირა და მუსიკალურადაც ერთ ენერგიაზე ვართ. ეს მუსიკის დიდი ძალაა, რომლის გამოყენებასაც ყოველდღიურობაში ვცდილობთ და ვაპირებთ ხალხს ეს სიყვარული ჩვენი ჟღერადობით და სათქმელით დავუბრუნოთ“ აღნიშნავს რატი.

Killages-ის ახალი ალბომი “Outcast” ჯგუფის წევრების 4 წლიანი ტრანსფორმაციის და ამავდროულად, ჩვენს ირგვლივ მიმდინარე მოვლენების მუსიკალური ანარეკლია. “Outcast” ქართულად საზოგადოებისგან განდევნილს, განყენებულად მდგომს ნიშნავს და ახალი ალბომიც თემატურად სწორედ ამ თემას ეძღვნება. “რაც უფრო ვიზრდებით, ჩვენს ირგვლივ მიმდინარე მოვლენები უფრო მეტ გავლენას ახდენს როგორც პიროვნულად ჩვენზე, ასევე ჩვენს შემოქმედებაზე.  სოციუმის ის დაპირისპირება და დამოკიდებულებები, რაც გლობალურად ხდება, მათ შორის საქართველოშიც გადმოდის და ეს ჩვენთვის მტკივნეული საკითხია. განსხვავებულ ბანაკებად დაყოფა, ერთმანეთის აზრების ვერ ატანა და თითქმის ფიზიკურ დაპირისპირებამდე მისული საზოგადოება – სამწუხაროდ, დღეს ეს ჩვენი რეალობაა, საიდანაც თავს სრულიად განდგომილად ვგრძნობთ.  80-იანი წლების მიწურულს, მერაბ მამარდაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში დასვა კითხვა, თუ რამდენად ჩვენი ფიქრებია, ის რასაც ხშირად საკუთარ აზრებად ვასაღებთ – შესაბამისად, საერთოდ რამდენად ვცხოვრობთ ჩვენი საკუთარი ცხოვრებით. თუ ადამიანები საკუთარ თავს ჩაუღრმავდებიან, მიხვდებიან რომ ხშირად ის რადიკალური მიდგომები, რაზეც დგანან, სულაც არ არის მათი აზროვნების პროდუქტი და მედიის, ან სულაც სხვა ადამიანების პოზიციებიდან წარმოებული ვერსიებია. ეს ბუტაფორია, რომელსაც ხშირად სრულ ისტერიამდე მიყავს საზოგადოება, ხელს უშლის მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობას“ – ერთად გვიცხადებენ ბენდის წევრები.

იკა ხარგელიას ფოტო

„Outcast” მუსიკალურად ბენდის თავდაპირველ ფესვებთან დაბრუნებას ჰგავს. აქ ნაკლებადაა ჰიპ-ჰოპის დომინაცია და მის ადგილს მელოდიური, ხშირად კი როკ მუსიკის ფესვებში გადგმული სიმღერები იკავებენ. „ალბომზე მუშაობის პროცესი დინამიური გამოდგა, ვინაიდან  წლის დასაწყისიდანვე მიზნად გვქონდა პირველ ნახევარში მისი დასრულება. ცოცხალი შესრულება თითქმის შევაჩერეთ და მთლიანად ვკონცენტრირდით ჩანაწერების შექმნაზე. რამდენიმე სიმღერაზე პარალელურად ვმუშაობდით და ყოველმა მათგანმა, დასაწყისიდან საბოლოო ვერსიამდე დიდი ცვლილებების გზა გაიარა,  საბოლოოდ კი ჩაწერაზე Leno Records-ში, გვაჯის მივაკითხეთ.  ემოციურად ყველა სიმღერა განსხვავებულია, თუმცა კრავს ის სათქმელი რაც ზემოთ უკვე ავღშნიშნეთ – განსხვავებულ აზრზე მყოფ ადამიანებსაც, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ კომუნიკაციაში შესაძლებლობა აქვთ უკეთესი სოციუმი ჩამოაყალიბონ და არ არის აუცილებელი ცხოვრება „ჩვენიანების და „სხვების“ დიქოტომიაში მოექცეს – ამ პროცესში ცალკე, განყენებულად ყოფნაც შესაძლებელი და საინტერესო შეიძლება იყოს.“ – ალბომზე მუშაობის პროცესს აფასებენ ბენდის წევრები.

“Outcast” ყველა ციფრულ პლატფორმაზე 1 ივლისს გამოჩნდება და მას ლოკალური მუსიკალური ლეიბლი Bloom Music გამოუშვებს.


Stand-Up კომედიის საწყისები შუასუკუნეების ჩანაწერში — კვლევა

ინტერიერის დიზაინი — აუცილებელი ცოდნა ამ სფეროში მუშაობის დასაწყებად