სანამ ინტერვიუს ნაწილზე გადავალთ, მკითხველს ერთ სიმღერას გავახსენებთ…გავახსენებთ რა, არც ისე ძველია, რომ გაიხსენო, შეიძლება ახლაც ფლეილისტში გაქვს გაშვებული და უსმენ…
ბოლო რამდენიმე წელია, ეს სიმღერა ქართული თანამედროვე მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე მოსმენად ათეულებში შედის ხოლმე. იმაშიც გამოგიტყდებით, რომ ამ სტატიის წერის პროცესსაც ძალიან მოუხდა, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ კვირის სტუმარია სწორედ ON/OFF-ის შემსრულებელი ჯგუფის, Killages-ის ვოკალისტი, გუგა მაჭარაშვილი.
გუგას პირადი მუსიკალური გზა ბავშვობიდან იწყება, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა საბავშვო ბაღში დადიოდა. როგორც თავად იხსენებს, „ცეკვა-თამაში უყვარდა”, რის გამოც ბაღში გამორჩეული მოსწავლე იყო და ყველა ღონისძიებაზე ისეთი როლი ჰქონდა, რომლის ფარგლებშიც, სიმღერა უწევდა ხოლმე. ცოტა რომ წამოიზარდა, უკვე სერიოზულად დაიწყო მუსიკაზე ფიქრი და თანამოაზრეებიც გაიცნო, რომლებთან ერთადაც სხვადასხვა ექსპერიმენტულ პროექტზე უმუშავია.
რაც შეეხება დღეისათვის პოპულარულ ბენდს Killages-ის, ის 2016 წელს რუსთავში შეიქმნა და ზუსტად ერთ წელიწადში მუსიკალური პროექტის, Tbilisi Newcomers 2017-ის გამარჯვებული გახდა. დანარჩენს უკვე თავად გუგა მოგვიყვება…
M: გუგა, დავიწყოთ იმით, თავად როგორ გადადგით პირველი ნაბიჯები მუსიკაში, რამ იქონია გავლენა და როგორ მოხვედით Killages-ამდე?
მუსიკით ბავშვობიდან ვარ დაინტერესებული. როცა ვფიქრობ, მახსენდება, თუნდაც, ბაღის პერიოდი, შემდეგ უკვე თელავში გატარებული დღეები, სადაც ჩემი დეიდაშვილი ჯერ კიდევ აუდიოკასეტებზე მასმენინებდა Beatles-ს, ელვის პრესლის, Rolling Stones-სა და ერიკ კლეპტონს, რომლებმაც თავისებური წვლილი შეიტანეს ჩემი გემოვნების ჩამოყალიბებაში. პარალელურად, გიტარის გაკვეთილებზე შევედი და დავიწყე შესწავლა.
ერთ დღესაც ჩემი დეიდაშვილი ჩემთან იყო რუსთავში და წავედით ბარში, სადაც უკრავდა ზურა ყარალაშვილი, რომელსაც ჰქონდა ერთ-ერთი პოპულარული კლუბი, „Imagine Club”, სადაც ბევრი ცნობილი მუსიკოსი ატარებდა კონცერტებს და ჯემსესიებიც იმართებოდა. სხვათა შორის, აქვე გავიცანი ჩემი ბენდის მომავალი წევრები: ანრი ყაველაშვილი, რატი რატიანი და გიორგი ლიპარტელიანი.
თავიდან რამდენიმე სხვადასხვა ბენდი გვქონდა და ასე, პატარ-პატარა ექსპერიმენტებით მივედით Killages-ამდე.
M: როგორი გზა გაიარეთ უკვე ბენდთან ერთად: სახელწოდების შერჩევა რას უკავშირდება, პირველი სიმღერები როგორ დამუშავდა, რა ბარიერები იყო?
სახელწოდება სპონტანურად მოვიფიქრეთ და ასაკს უკავშირდება. პირდაპირ რომ ვთარგმნოთ, ნიშნავს: „მოკალი წლები”. ამით იმის თქმა გვინდოდა, რომ ასაკი უნდა დავამარცხოთ და არასოდეს დავბერდებით მენტალურად.
სიმღერებს რაც შეეხება, თავდაპირველად რამდენიმე ქავერიც გავაკეთეთ, თუმცა მალევე დავიწყეთ საკუთარი სიმღერების დამუშავება. პირველი სიმღერა, რომელიც გავაკეთეთ, არსად არ დაგვიდია, ასე ვთქვათ, საცდელი იყო. მერე უფრო დავხვეწეთ ტექნიკურად გარკვეული დეტალები.
მთელი ეს პროცესი იმდენად საინტერესო იყო და ისეთი ენთუზიაზმით ვიყავით განწყობილები, რომ ბარიერებს ასე არ ვაქცევდით ყურადღებას. რა თქმა უნდა, იყო რაღაც სირთულეები. ზოგჯერ არ გვქონდა სარეპეტიციო სივრცე და სახლში ვრეპეტიციობდით, ხანდახან იმდენი ხანი გადიოდა დაკვრასა და რეპეტიციებში, რომ მთელი დღე შეიძლება საჭმელიც ვერ გვეჭამა; თავიდან ფინანსური პრობლემებიც იყო, რაც ხელს გვიშლიდა ინსტრუმენტების შეძენაში და ა.შ., მაგრამ ეს ყველაფერი დღეს არ მახსენდება, როგორც სირთულე, რადგან მთავარი ის იყო, რომ ჯგუფის ყველა წევრი ერთად ვმოქმედებდით და გვჯეროდა, რომ თუ მოინდომებ, ხელს ვერაფერი შეგიშლის.
M: რა არის ხოლმე სიმღერების ინსპირაცია და როგორ მიმდინარეობს მუშაობის პროცესი?
როგორც წესი, არ ველოდებით ხოლმე ინსპირაციას, თავისთავად მოდის იდეები და შემდეგ ერთმანეთში ვცვლით, ვამუშავებთ. ხშირად ყოფილა, რომ მე დამიკრავს რაღაც თემა გიტარაზე და მერე ერთად გაგვიშლია. პროცესში ყველანი ვართ ჩართულები. ნებისმიერ სიმღერაზე მუშაობისას დაკვრის გარდა ყველას თავისი იდეური თუ ტექნიკური როლი აქვს.
M: როგორ იცვლება წლების განმავლობაში Killages, თუ შეგიმჩნევიათ, რა შეიცვალა პირველი პერიოდიდან დღემდე?
დიახ, ეს საინტერესო პროცესია. როცა ვუსმენთ ხოლმე ძველ და ახალ სიმღერებს, ბევრ განსხვავებას ვპოულობთ, თუნდაც, ჟანრობრივად. ბოლო ალბომი უფრო post-punk-rock არის, მაგრამ მანამდე გვქონდა ჰიპ-ჰოპ ტრეკებიც. ყველაზე საინტერესოც სწორედ ეგაა, რომ სხვადასხვა რაღაცას პოულობ წლიდან წლამდე და მერე ცდილობ, ეს შენს შემოქმედებაში გაუშვა. ახლაც ვმუშაობთ პროექტზე, რომელიც კიდევ ახალი სტილის იქნება, ეგეთი აქამდე არ გაგვიკეთებია – ელექტრონული ჰიპ-ჰოპია.
M: თქვენი გადმოსახედიდან, რა სჭირდება ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიას მეტი განვითარებისთვის?
პირველ რიგში, ვიტყოდი, რომ იმ წლებთან შედარებით, როცა ვიწყებდით, ბევრად შეცვლილია მდგომარეობა, უფრო მეტი კონცერტი ტარდება, უფრო მეტ არტისტს ეძლევა საშუალება ყველა ჟანრიდან, რომ თავისი ნამუშევრები წარადგინოს. რა თქმა უნდა, კარგი იქნება, რომ უფრო მეტი სიახლე გვქონდეს ამ სფეროში და უფრო მეტი დატვირთვა, მაგრამ ამისთვის მგონია, რომ ისევ და ისევ მუსიკოსებმა უნდა იმუშაონ და წერონ ახალი საავტორო სიმღერები, გადაიღონ ვიდეოები და განათავსონ შესაბამის არხებზე.
M: გვითხარით, რაზე მუშაობთ ახლა?
ვმუშაობთ ახალ EP-ზე, რომელიც 4 სიმღერას მოიცავს. მსმენელი მას უახლოეს მომავალში იხილავს. ასევე, ვიღებთ ახალ ვიდეოს და თანაც, ახლებური მიდგომით – ჩვენი ხელით ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ძალიან საინტერესო პროცესი და გამოწვევაა ჩვენთვის.
ამ ყველაფრის პრეზენტაციისთვის კი გვსურს ლაივი გავაკეთოთ და თან პრემიერა, თან კონცერტი გამოვა.
M: და ბოლოს, ისევე როგორც სხვა რესპონდენტებს, თქვენც გკითხავთ – რა სიმღერას დაუტოვებდით მკითხველს?
Oasis – Don’t Look Back In Anger
რუბრიკა zeekr Music Discovery-ს წარმოგიდგენთ Zeekr
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი