in

რა ვიცით Moonshot AI-ზე როგორ ცვლის Kimi K3 ხელოვნური ინტელექტის თამაშის წესებს

Lenovo
Lenovo

Moonshot AI-ის ახალი AI მოდელის, Kimi K3-ის გამოჩენა ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში მნიშვნელოვან გარდამტეხ მოვლენად იქცა. ჩინური სტარტაპის ამ სიახლემ კიდევ უფრო გაამწვავა დებატები იმის შესახებ, თუ რამდენად სწორია უძლიერესი მოდელების მხოლოდ ცალკეული ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტების ხელში მოქცევა, მაშინ როდესაც ღია არქიტექტურის მოდელებს გლობალური ინოვაციების დაჩქარება შეუძლია.

Kimi K3-ის გამოჩენამ ეჭვქვეშ დააყენა სილიკონის ველის მითი ამერიკული მოდელების ცალსახა ლიდერობაზე. გაჩნდა მოსაზრება, რომ ღია არქიტექტურის მოდელები შესაძლოა უფრო უსაფრთხოც აღმოჩნდეს, რადგან მათი გადამოწმება და გაკონტროლება საზოგადოებისთვის ბევრად მარტივია.

ტექნოლოგიური ნახტომი

Moonshot AI-მ Kimi K3 ივლისის შუა რიცხვებში წარადგინა, ხოლო თვის ბოლოს მისი სრული არქიტექტურა საჯაროდ გახადა ხელმისაწვდომი. ეს არის ყველაზე მასშტაბური ღია მოდელი, რაც კი ოდესმე შეიქმნას. მას შეუძლია ტექსტთან ერთად გამოსახულებისა და აუდიოს დამუშავება, ხოლო მისი კონტექსტური ფანჯარა ერთ მილიონ ტოკენს აღწევს.

მოდელის გამოქვეყნებიდან ნახევარ საათში Kimi K3-მა Hugging Face-ის პლატფორმაზე პოპულარობის რეკორდი მოხსნა და პირველი ადგილი დაიკავა, რაც საიტის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ზრდა იყო. დეველოპერების ნაწილმა ეს მოვლენა ინდუსტრიის შემობრუნების წერტილად შეაფასა, რადგან ღია მოდელმა შეძლო კონკურენცია გაეწია ისეთი გიგანტების დახურული მოდელებისთვის, როგორებიცაა Anthropic-ის Claude Fable 5 და OpenAI-ის GPT-5.6 Sol, ხოლო პროგრამირების ტესტებში ბევრ მათგანს გადააჭარბა კიდეც. შედეგად, დეველოპერებს მიეცათ საშუალება, ბევრად ნაკლები დანახარჯით შექმნან საკუთარი პროდუქტები მძლავრ საძირკველზე.

ვინ დგას ჩინური სტარტაპის უკან

Moonshot AI 2023 წლის გაზაფხულზე ცინხუას უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა – იანგ ჟილინმა, ჟოუ სინიუმ და ვუ იუსინმა დააფუძნეს. კომპანიის გენერალურ დირექტორს, იანგ ჟილინს, კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი აქვს მიღებული და თავისი კარიერის განმავლობაში Google Brain-სა და Facebook AI Research-შიც მუშაობდა. ამერიკაში წარმატებული მოღვაწეობის მიუხედავად, მან სამშობლოში დაბრუნება და საკუთარი კომპანიის შექმნა არჩია.

კომპანიამ ინვესტორების ყურადღება ჯერ კიდევ 2023 წელს მიიპყრო, როდესაც მათმა პირველმა ჩატბოტმა ჩინურენოვანი ხანგრძლივი ტექსტების დამუშავების უნარი გამოავლინა. 2026 წლის მაისში ჩატარებული საინვესტიციო რაუნდის შემდეგ, სადაც 2 მილიარდი დოლარი მოიზიდეს Meituan-ისა და China Mobile-ისგან, კომპანიის შეფასებამ 20 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ჩიპების შეზღუდვა

მოდელის წონების საჯაროდ გაზიარების გადაწყვეტილება ნაწილობრივ განპირობებული იყო ამერიკული სანქციებით, რომლებიც ჩინეთში მძლავრი ჩიპების ექსპორტს ზღუდავს. ღრუბლოვან სერვერებზე მოთხოვნის მკვეთრმა ზრდამ Moonshot AI-ის რესურსები სწრაფად ამოწურა, რის გამოც კომპანიამ ახალი მომხმარებლების რეგისტრაცია დროებით შეაჩერა. სწორედ ამიტომ, მოდელის ღიად გავრცელება გახდა საუკეთესო გზა, რომ დეველოპერებს ის საკუთარ სერვერებზე გაეშვათ.

ამ ნაბიჯმა ვაშინგტონში შეშფოთება გამოიწვია. გაჩნდა ცნობები, რომ ამერიკული AI ლაბორატორიების ნაწილი მთავრობას ჩინური ღია მოდელების აკრძალვისკენ მოუწოდებდა უსაფრთხოებისა და კიბერშეტევების რისკების მიზეზით. ასევე  ცნობილი გახდა Anthropic-ის ბრალდება, რომ Moonshot AI-მ Kimi-ს მოსამზადებლად მათი მოდელების მონაცემები გამოიყენა. ტექნოლოგიური სექტორის დიდმა ნაწილმა, მათ შორის Nvidia-ს ხელმძღვანელმა ჯენსენ ჰუანგმა, მკაფიო პოზიცია დააფიქსირა ასეთი აკრძალვების წინააღმდეგ. მისი განმარტებით, ღია მოდელები ამერიკულ სტარტაპებსა და უნივერსიტეტებს აძლევს საშუალებას, ეფექტურად განავითარონ ტექნოლოგიები, ხოლო მათი აკრძალვა ქვეყანას უსაფრთხოების მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წაართმევს. Nvidia-მ ამ მიმართულებით ღია ეკოსისტემის დასაცავად 44 პარტნიორთან ერთად ახალი ალიანსიც კი ჩამოაყალიბა. პარალელურად, Anthropic-ის ხელმძღვანელმა დაარიო ამოდეიმაც განმარტა, რომ ის არა ღია მოდელების სრულ აკრძალვას, არამედ ჩიპების ექსპორტის კონტროლსა და უსაფრთხოების მკაცრი ტესტების დანერგვას ემხრობა.

წყარო: Fastcompany

ორი მედალი EJOI 2026-ზე – საქართველოს ტექოლიმპიადების ჰაბის კიდევ ერთი საერთაშორისო წარმატება

საქართველოს ბანკის ფინანსური განათლების ეკოსისტემა – ინიციატივა, რომელიც ფინანსურ განათლებას ყველა თაობისთვის ხელმისაწვდომს ხდის