in

დღევანდელ სტატიაში ყველას Kinder surprise ამოგვივიდა – ბრენდის ისტორია

Kinder surprise ის ტკბილეულია, რომელმაც ბევრი ჩვენგანის ბავშვობა შექმნა. მხიარულ ფერებად შეფუთული შოკოლადის კვერცხის გახსნა და მასში საყვარელი სათამაშოს აღმოჩენა ყველა ბავშვისთვის სასიამოვნო მომენტია. თუმცა ამის გარდა, Kinder-ის არც სხვა შოკოლადი არაა ნაკლებად პოპულარული. ამ ბრენდმა მოახერხა, რომ შეექმნა ტკბილეული, რომელსაც გემოსთან ერთად განწყობაც მოაქვს. 

istoriebi
istoriebi

როგორც უკვე მიხვდით, დღეს სწორედ ამ ბრენდზე ვისაუბრებთ, მის ისტორიასა და წარმატებაზე.

ისტორიის 55 წელი

Kinder ისტორია იწყება 1968 წელს, პატარა იტალიური ქალაქის ცენტრში, სახელად ალბა. მისი შემქმნელის, მიქელე ფერეროს სახელი ყველასთვისაა ცნობილი ამავე სახელწოდების ბრენდით. დიახ, სწორედ ის იყო „ფერერო როშეს” ტკბილეულის შემქმნელიც და მისი ერთ-ერთი ცალკეული ქმნილებაა Kinder.

60-იანი წლების ბოლოს ფერერო იყო პატარა კომპანია, რომელიც სხვა, უფრო დიდ და „უძლეველ” ბრენდებთან შედარებით ნაკლებად იყო ცნობილი. ასეთმა გარემოებებმა შთააგონა ფერერო, სპეციალიზაცია და ფოკუსირება უნიკალურ, ექსკლუზიურად ცნობად პროდუქციაზე გაეკეთებინა, რომელიც საზოგადოებაში დამატებით იმპულსს შექმნიდა. 

ყველა ამ საკითხის გათვალისწინებით, კომპანიაში გადაწყვიტეს, ისეთი პროდუქცია გამოეშვათ, რომელიც მხოლოდ ბავშვებზე იქნებოდა გათვლილი. ასე გაჩნდა ჩანაფიქრი, სახელად Kinder, რომლის პირველი პროდუქტიც გერმანიაში გამოვიდა. ამის გამო ბევრს ის გერმანული წარმოშობის ჰგონია და არ იციან, რომ მისი იდეა იტალიაში, ფერეროს გუნდს მოუვიდა. 

მარკეტინგული გათვლა

„მეტი რძე, ნაკლები კაკაო” – ამ დევიზით ახალმა ბრენდმა ყველა მშობლის გული მოიგო. გუნდმა კარგად იცოდა, რომ მშობლები შვილებისთვის შოკოლადის ჭარბად გამოყენებას ერიდებოდნენ, ამიტომ აქცენტი რძეზე, სასარგებლო პროდუქტზე გააკეთა. 

გარდა ამისა, კიდევ ერთი მარკეტინგული გათვლა იყო შოკოლადის ერთი ბატონის პატარა ფილებად დაყოფა, რაც იმის საშუალებას იძლეოდა, რომ პატარა ნაწილი მოეტეხათ და ბავშვს მთლიანი შოკოლადის ჭამა არ მოუწევდა. ამით Kinder-მა დოზა დაუწესა პატარებს ისე, რომ მათ საყვარელ ნუგბარზე უარიც არ ეთქვათ.

რა ამოგივიდა?

Kinder Surprise მაინც ბრენდის გამორჩეული პროდუქტია, ამიტომ მას ცალკე ქვეთავს მივუძღვნით. ალბათ ბევრი ბავშვისგან გაგიგონიათ – „რა ამოგივიდა?”. ეს ის კითხვაა, რომელსაც Kinder Surprise-ის გახსნისას ერთმანეთს ყველა ეკითხება. 

ეს პროდუქტი პირველად 1974 წელს გამოვიდა. ის განკუთვნილია 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის და „სამი ერთში” კონცეფციას აერთიანებს: შოკოლადი, სათამაშო და ამ სიურპრიზით მიღებული ემოცია. 

მოგვიანებით, 80-იან წლებში ბაზარს კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროდუქტი დაემატა: Kinder Bueno, Kinder Paradiso, Kinder Pingui და სხვები. ყოველმა მათგანმა Kinder-ს დიდი წარმატება მოუტანა. 

ამასობაში, Kinder იმ ბრენდად ჩამოყალიბდა, რომელსაც არა მარტო ბავშვები, არამედ უფროსებიც გემრიელად მიირთმევენ. ამან ოდნავ შეცვალა ბრენდის სტრატეგია და მესიჯები არა მხოლოდ ბავშვებზე, არამედ უკვე მოზრდილებზეც გათვალა. 

Kinder დღეს

თავის საკომუნიკაციო სტრატეგიაში Kinder ორიენტირებულია ისეთ თემებზე, როგორებიცაა: სპონსორობა, აქციები, ვებკონტენტი, სარეკლამო რგოლები, პუბლიკაციებისა და ანიმაციების მხარდაჭერა და სხვა.

Kinder-ის მიზანია, მომხმარებელს შესთავაზოს არა მხოლოდ პროდუქცია, არამედ ღირებულებებიც. ზრუნვა, კეთილგანწყობა და ოჯახური სითბო – ეს არის ის ძირითადი აქცენტები, რაზეც ბრენდი ყურადღებას ამახვილებს. რა თქმა უნდა, ამ აბსტრაქტულ ცნებებს ის პროდუქტის ხარისხშიც დებს და არ ავიწყდება, რომ Kinder-ის ყველა ტკბილეული უნდა იყოს გემრიელი და ჯანსაღი თვისებების მატარებელი. ცალკე ყურადღება ეთმობა შეფუთვის ხარისხსა და სადისტრიბუციო ჯაჭვის სწორ მოქმედებას.

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

#დაძარი

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

თამარ დე ლეტე ვაჩნაძის უნიკალური შემოქმედება მე-20 საუკუნის კულტურულ კონტექსტში – ხელოვანი, რომელსაც უნდა ვიცნობდეთ

რა როლი აქვს ეთიკას ავტომობილის მართვისას? – ბბ ლიზინგის კრეატიული კამპანია