ბუბუ არის ბიჭუნა საქართველოდან – წიგნის გმირი, რომელიც ნამდვილ ბავშვებთან, მათი ილუსტრირებულ პერსონაჟებად ქცევის შემდეგ, მეგობრობს და მათთან ერთად სამყაროს შეცნობას იწყებს.
ბუბუს სახლი „ქინდერბუბუა“, ანუ ფოტო-პერსონიფიცირებული წიგნების „საცავი“, რომლის მთავარი ღირსებაც ასე ჟღერს:
Kinderbubu.com-ზე შესვლით, მომხმარებელი არსებული კატალოგიდან ზღაპრებს ირჩევს, შემდეგ იქვე, ბავშვის სახელს უთითებს და მის სურათს ამატებს. ატვირთულ ინფორმაციას საიტი 1 წამში აგენერირებს და მომხმარებელს საშუალებას აძლევს, წიგნი ციფრულ ფორმატში შეამოწმოს. ამ მარტივი პროცედურების გავლის შემდეგ, ბავშვი ილუსტრირებული წიგნის ერთ-ერთი მთავარი გმირი ხდება. პერსონაჟთან მსგავსება იმდენად დიდია, რომ პატარებს საკუთარი თავის ამოცნობა უფროსი ადამიანების დახმარების გარეშეც შეუძლიათ.

„ქინდერბუბუს“ მიზანია, მსოფლიოს მასშტაბით, ბავშვებს წიგნთან ურთიერთობის პირველი სასიამოვნო გამოცდილება შეუქმნას და ამით მათ კითხვა შეაყვაროს.
პროექტის ავტორი ბესარიონ შენგელიაა, და სწორედ მასთან ინტერვიუს მეშვეობით, „ქინდერბუბუს“ დღემდე განვლილ გზაზე გიამბობთ:
M: ბესარიონ, მოგვიყევით, რა გახდა „ქინდერბუბუს“ შექმნის წინაპირობა?
სრულიად შემთხვევით მომეცა საშუალება, კომპანია Wonderbly-ს 2012 წლის საპრეზენტაციო ჩანაწერი მენახა, მისმა დამფუძნებლებმა ინვესტორებთან თავიანთი პროექტი რომ წარადგინეს. მაშინ გავიგე, რომ კომპანია Wonderbly პერსონიფიცირებულ წიგნებს აწარმოებს და მომხმარებელს წიგნში/ტექსტში ბავშვის სახელისა თუ მიმსგავსებული ილუსტრირებული გმირის ინტეგრირების საშუალებას აძლევს, რითაც პატარები გადაფურცვლისას საკუთარ თავს წიგნის ნამდვილ პერსონაჟად აღიქვამენ.
დღესდღეობით, Wonderbly, ამ მიმართულებით, გლობალური ლიდერია და ყოველწლიურად, საშუალოდ, 1.5 მლნ. წიგნს ჰყიდის.
გარდა ამისა, ჩემ მიერ, ორი წლის წინ დაწყებული ძიების შედეგად აღმოვაჩინე, რომ ჯერ კიდევ, საუკუნეების წინ, დიდგვაროვნებისა და სამეფო ოჯახების ბავშვებისთვის სრულიად პერსონალური თავგადასავლების სერიები იქმნებოდა. ასე, ბავშვებს წიგნის კითხვის მოტივაციას აძლევდნენ.
სწორედ ეს სხვადასხვა ინფორმაცია და ბავშვებთან მუშაობის ჩემი მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება იქცა შთაგონების წყაროდ, ფოტო-პერსონიფიცირებული წიგნები შემექმნა.
M: კონკრეტულად რა ასაკობრივ კატეგორიაზე გაქვთ სწორება და უშუალოდ, ზღაპრებზე რას გვეტყვით?
ჩვენი პროდუქციის საბოლოო მომხმარებლები 2-დან 10 წლამდე, მაქსიმუმ, 12 წლის ბავშვები არიან.
რაც შეეხება ზღაპრებს, თავგადასავლებში ბავშვი დედამიწის სხვადასხვა კუთხეს ეცნობა, ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობს, ცხოველებსა და ფრინველებთან მეგობრობას იწყებს. „ქინდერბუბუს“ ამბებში სრულად შენარჩუნებულია ტრადიციული ზღაპრების თვისებრივი მახასიათებლები: სიკეთე, მეგობრობა, გასაჭირში მყოფის დახმარება, ცხოველების სიყვარული და სხვა.
M: გლობალური მასშტაბით, სად არის „ქინდერბუბუ“ ხელმისაწვდომი?
ჩვენს საიტზე ონლაინ საერთაშორისო გადახდები გააქტიურებულია და გლობალური მიწოდების სერვისიც ხელმისაწვდომია. მომხმარებელს „ქინდერბუბუს“ წიგნების შეძენა დედამიწის ყველა წერტილიდან შეუძლია (გარდა რამდენიმე ქვეყნისა, რომელსაც შიდა სარეგულაციო შეზღუდვები ან აკრძალვები აქვს საერთაშორისო საბანკო სერვისებში, მაგ. ჩრდ. კორეა, სხვა).
M: გარდა იმისა, რომ გჯერათ, Kinderbubu-ს მეშვეობით, ბავშვები კითხვას შეიყვარებენ, როგორ განსაზღვრეთ პროექტის სხვა ამბიციები?
ყველა წიგნში, რომელიც საქართველოს ფარგლებს უნდა გაცდეს, საქართველოს გამთლიანებული ტურისტული რუკა და მოსაწვევი ბარათია განთავსებული. და ამას თავისი მიზეზი აქვს:
ჩვენ შესაძლებლობას ვქმნით, ბავშვებს მსოფლიოში წიგნთან შეხების პირველი სასიამოვნო მოგონება გავუჩინოთ, შესაბამისად, ასეთივე განცდა დარჩეთ ჩვენს წიგნებში არსებულ მოვლენებზე, მაგალითად, საქართველოზე. და სწორედ ამას ვგულისხმობთ შესაძლებლობის შექმნაში, რომ ბავშვებმა ოჯახების სამოგზაურო არჩევანში საქართველოც ჩართონ.
M: იდეალურ შემთხვევაში, როგორ წარმოგიდგენიათ „ქინდერბუბუს“ მომავალი?
ჩვენ გვჯერა, რომ მსოფლიოში „ქინდერბუბუს“ თაობებს შევქმნით ისევე, როგორც 21-ე საუკუნის დასაწყისში ჰარი პოტერის თაობები გაჩნდა.
წარმოგვიდგენია, რომ საქართველო ბავშვებისთვის – მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ჯადოსნური კუთხე გახდება, რომელსაც აუცილებლად ესტუმრებიან.
რაც შეეხება პროექტის დამფუძნებელსა და ფინანსურ დირექტორ ბესარიონ შენგელიას, 19 წლის ასაკშიდააარსა ა.(ა).ი.პ „ახალგაზრდები მთის განვითარებისათვის“, რომლის ფარგლებშიც, დღემდე, სხვადასხვა ოპერაციაშია ჩართული: ფინანსური აღრიცხვები, პროექტის ბიუჯეტის დაგეგმარება, დაქირავებულ პირებთან გუნდური მუშაობის პრინციპების გამოყენება, საქმიანობების დელეგირება, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის პრინციპის მართვა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან კავშირების დამყარება.
ბესარიონს ბავშვებთან მუშაობის 9 წლიანი გამოცდილება აქვს. სატელევიზიო გადაცემის – „იმედის გმირები“ 2013 წლის გამარჯვებულია.
ავტორი: თიკა გეგენავა