ალბათ, გახსოვთ დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების შემდეგ სამეფო კარისა და მასთან დაკავშირებული დეტალების რებრენდინგზე რომ გესაუბრეთ… მაშინ მხოლოდ მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ვიცოდით, თუმცა უცნობი იყო, რა და როგორ შეიცვლებოდა. ახლა კი მეფე ჩარლზ მესამემ უკვე აირჩია მონოგრამა თავისი მეფობის აღსანიშნავად.
ახალი სამეფო შიფრი შეიცავს “C”-ს, როგორც ჩარლზის აღმნიშვნელს; R-ს, Rex-ისთვის, რაც ლათინურად მეფეს ნიშნავს. ხოლო რომაული ციფრი III ამ უკანასკნელის შიგნით არის მოთავსებული, ბრიტანული გვირგვინი კი ვიზუალური იდენტიფიკაციის ზემოთაა გამოსახული. შიფრის შექმნაზე College of Arms-მა იზრუნა, რომელიც სამეფო ოჯახის წევრებისაგან შედგება.
საგულისხმოა, რომ თავად ჩარლზი ყოველთვის მრავალი ხელოვანისა და დიზაინერის მფარველი იყო. მაგალითად, გასულ წელს, როგორც უელსის პრინცმა, მან დააარსა Terra Carta დიზაინის ლაბორატორია Apple-ის ყოფილ დიზაინ ხელმძღვანელთან, ჯონ აივთან ერთად. ასევე, კიდევ უფრო ადრე, 2016-ში იგი ლონდონის ეროვნული გალერეის სამეფო მფარველად დაინიშნა.
მეფე ჩარლზ III-ის მონოგრამა პირველად სამშაბათს გამოიყენეს ბუკინგემის სასახლის საფოსტო ოფისში და მისი გამოსახულებით პირველად გაიგზავნა წერილები სამეფო კარიდან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან ის საზოგადოებრივ შენობებს, უნიფორმებს, საფოსტო ყუთებსა და ოფიციალურ საკანცელარიო ნივთებს დაამშვენებს.
ცხადია, ვიზუალური ცვლილება შეეხება ბანკნოტებს, მონეტებსა და მარკებსაც. ამის ფარგლებში დიდი ბრიტანეთი მეფე ჩარლზ III-ის პორტრეტს წარადგენს, რომელიც ბანკნოტებზე ამ წლის ბოლომდე გამოჩნდება, თუმცა ახალი დიზაინი მიმოქცევაში, სავარაუდოდ, 2024 წლის შუა რიცხვებამდე არ შევა. ამავდროულად, უახლოეს კვირებში სამეფო ზარაფხანა აპირებს, წარადგინოს ჩარლზის ეპოქის ახალი ტიპის მონეტები.
რაც შეეხება მეფე ჩარლზის მარკებს, სამეფო ფოსტა ამბობს, რომ ისინი მიმოქცევაში შევა მხოლოდ მაშინ, როდესაც დედოფალ ელისაბედ მეორის მარკების ამჟამინდელი ხელმისაწვდომობა შემცირდება.