in

500 Global-ის რჩეულთა სიაშია KINGS – ონლაინ ოლიმპიადების პლატფორმა მოსწავლეებისთვის

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს ბანკისა და 500 Global მხარდაჭერით, მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა აქსელერატორმა ახალი პროგრამის ფარგლებში დამატებით 15 სტარტაპის გადამზადება დაიწყო.

რჩეულებს შორის მოხვდა KINGS, პლატფორმა ონლაინ ოლიმპიადების ჩასატარებლად. KINGS-ის ისტორია 2020 წელსა და პანდემიას უკავშირდება, როდესაც მთელი მსოფლიო დისტანციურ სწავლასა და მუშაობაზე გადავიდა. განათლების სფერო ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე დადგა, რადგან, ფაქტობრივად, პირველად მოხდა ისე, რომ მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა სკოლის მერხებიდან კომპიუტერის ეკრანებთან გადაინაცვლეს. სწორედ ამ დროს გადაწყვიტეს სტარტაპის დამფუძნებლებმა, მასწავლებლებისთვის ისეთი პლატფორმის შეთავაზება, რომელიც მათ ონლაინ ოლიმპიადების ჩატარებაში დაეხმარებოდა.

გუნდში ამჟამად 23 ადამიანი მუშაობს და გამომდინარე იქიდან, რომ სტარტაპი ლიეტუვაშია დაფუძნებული, ქართულ ბაზარზე ჯერჯერობით არ მუშაობს, თუმცა თანადამფუძნებლები ქართველები არიან.

ჩვენ გავესაუბრეთ ირაკლი ჯინჯიხაძეს, KINGS-ის თანადამფუძნებელს, რომელიც სტარტაპის იდეასა და 500 Global-ში მონაწილეობაზე მოგვიყვება:

M: მოგვიყევით თქვენი სტარტაპის შესახებ – როდის დაარსდა, როგორ დაარსდა, რამდენი ხანია არსებობს და რა პროდუქტს/სერვისს ქმნის?

ჩვენი სტარტაპი 2020 წლის შემოდგომას დავაფუძნეთ ლიეტუვაში. მანამდე, 2014 წლიდან 2016 წლამდე, ვიყავი „კინგსი საქართველოს” დირექტორი და შესაბამისად, პირდაპირი შეხება მქონდა მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან. 2016 წლიდან ვხელმძღვანელობდი კინგსის ექსპანსიას ევროკავშირის ქვეყნებში. ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, კარგად ვიცნობ იმ გამოწვევებს, რაც მასწავლებლებსა და მოსწავლეებს აქვთ სხვადასხვა ქვეყანაში. 

მასწავლებლებს, ხშირ შემთხვევაში გაანალიზებული აქვთ, თუ რა ბენეფიტები მოაქვს მოსწავლეებისთვის ოლიმპიადებში მონაწილეობას. ისინი ყოველწლიურად აორგანიზებენ მსგავს შეჯიბრებებს თავიანთ სკოლებში, რაც საკმაოდ შრომატევადია და მათი მხრიდან დიდ  დროს მოითხოვს.  ჩვენი პლატფორმის საშუალებით კი, პედაგოგებს საშუალება აქვთ, ოლიმპიადა დააორგანიზონ პროცესებში უშუალო მონაწილეობის გარეშე. ერთადერთი, რაც მათი მხრიდანაა საჭირო, პლატფორმაზე თავიანთი პროფილის შექმნა და ჩვენ მიერ წინასწარ გამოცხადებულ ოლიმპიადებზე მოსწავლეთა რეგისტრაციაა. სხვა დანარჩენი პროცესი: ტესტირება, ნაშრომების გასწორება, შედეგების გამოქვეყნება და მოსწავლეებისთვის ინდივიდუალური უკუკავშირის დაბრუნება ავტომატიზებულია.

M: რატომ იღებთ მონაწილეობას 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამაში, რა მოლოდინები გაქვთ მისგან?

ჩვენთვის აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობის მთავარი მიზანი სხვა ბაზრებზე შესასვლელად მომზადებაა. გარდა ამისა, ვფიქრობთ, 500 Global-ის ეს გამოცდილება დაგვეხმარება ინვესტორებთან ურთიერთობაში.

M: თქვენი სტარტაპი 400+ კომპანიას შორის შეირჩა, თქვენი აზრით, რამ განაპირობა ეს?

ჩემი აზრით, რამდენიმე ფაქტორი იყო, რამაც განაპირობა ჩვენი კომპანიის შერჩევა: გუნდი და დაგროვილი გამოცდილება საგანმანათლებლო სექტორში, 2 ქვეყნის ბაზარზე ოპერირება (ლიეტუვასა და ბულგარეთში), product market fit და არსებული მომხმარებლების რაოდენობა (წლის განმავლობაში 100 000 ზე მეტი მომხმარებელი გვყავს და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება).

M: რა ეტაპები უნდა გაიაროთ აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში, რაში დაგეხმარებიან პროგრამის მენტორები და საბოლოოდ, როგორი მოლოდინი გაქვთ?

პირველი ორი კვირის განმავლობაში ინტენსიურად ვმუშაობდით ფუნდამენტურ საკითხებზე: Value proposition, ვინ არიან პროდუქტის რეალური მომხმარებლები და მათი სეგმენტაცია, ბიზნეს მოდელი, გაყიდვების ძაბრი, მისი შემადგენელი ელემენტები და ა.შ

ერთი შეხედვით, ეს ის საკითხებია, რომელიც ყველა დამფუძნებელს კარგად აქვს გააზრებული, თუმცა მენტორების ჩართულობით კიდევ ერთხელ ფოკუსირება საშუალებას გვაძლევს, სულ სხვა კუთხით დავინახოთ თითოეული მათგანი, რაც თავის მხრივ საინტერესო შესაძლებლობებს აჩენს.

ჩვენი მოლოდინები უკავშირდება მიზნის განხორციელებას – დამატებითი სერვისების დამატებას ჩვენს პროდუქტში და რაც მთავარია, სხვა, უფრო დიდი ქვეყნების ბაზრებზე შესვლას.

ბოლოს აღვნიშნავთ, რომ 500 Global-მა საქართველოში ბიძგი მისცა ადგილობრივი სტარტაპების ზრდასა და განვითარებას. პროგრამის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპანიების მზაობა უცხოური კერძო კაპიტალისთვის. ბევრი მათგანი გაფართოვდა სხვა ქვეყნის ბაზრებზეც, მათ შორის უკრაინაში, უზბეკეთსა და ინდოეთში. როგორც TechCrunch, თავის გამოქვეყნებულ მასალაში ამბობს, 500Georgia-ს მონაწილე კომპანიების ღირებულება 212%-ით გაიზარდა.

50%-იანი ფასდაკლება ძრავის ზეთის შეცვლის სრულ სერვისზე – Black Friday „ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“

ფასდაკლებები და წამახალისებელი პრიზები – Black Friday-ის აქციები „ჯაოკენში“