ნიუ-იორკში დაფუძნებულ სააგენტო Kingsland-ში სავიზიტო ბარათების კრეატიულ ფორმას მიმართეს — იმის ნაცვლად, რომ მათზე თანამშრომლების საკონტაქტო ინფორმაცია მშრალად ყოფილიყო დატანილი, ბარათები ერთგვარ ტაროს კარტად აქციეს… ეს არის პერსონალიზებული ვიზუალები, რომლებიც ხალხს სიღრმისეულ აღქმას უქმნის ამა თუ იმ თანამშრომელზე.
„ყოველთვის შთამაგონებდა ალქიმია. ალქიმიკოსებსა და კრეატივებს ბევრი საერთო აქვთ: შუა საუკუნეებში ალქიმიკოსები ექიმებისა და ჯადოქრების ნაზავს წარმოადგენდნენ; შემოქმედებითი და სტრატეგიული აზროვნების შერწყმით კი, კრეატივები საკუთარი ჯადოსნობის შექმნაზე ფიქრობენ. სურთ, რაღაც სრულიად განსხვავებული შესთავაზონ საზოგადოებას“, — ამბობს Douglas Broundage, სააგენტო Kingsland-ის დამფუძნებელი.

დუგლასის ესთეტიკური შეხედულებების ფონზე ტაროს კარტის ბიზნესში გამოყენება ლოგიკურ გადაწყვეტილებად გვეჩვენება. მართალია, დღევანდელ ციფრულ სამყაროში სავიზიტო ბარათები შედარებით ნაკლებ აქტუალურია, მაგრამ Kingsland-ს სხვა მოცემულობა ჰქონდა… კერძოდ, სააგენტომ პანდემიის დროს დაიწყო ზრდა, ფიზიკურ სივრცეში გადმონაცვლების შემდეგ კი კოლეგებს შორის მჭიდრო კომუნიკაცია აუცილებელი იყო — ამიტომაც აქციეს ტაროს კარტები სავიზიტო ბარათებად, რათა ერთმანეთზე მარტივად შეჰქმნოდათ გარკვეული შეხედულება. არქეტიპებსა და იდენტობაზე ხაზგასმა კი საუკეთესო საშუალებად მოეჩვენათ.

უშუალოდ ბარათების დიზაინზე სააგენტოს ილუსტრატორმა, Divyakshi Kedia-მ იმუშავა, რომელმაც რამდენიმე ტენდენციაზე დაყრდნობით შექმნა ვიზუალები. უფრო კონკრეტულად, ტაროს კარტის ტრადიციულ ფორმებთან ერთად, მან Kingsland-ის სახასიათო ნიშნები გამოიყენა, ინდივიდუალური ნიუანსებით. ამავდროულად, ერთგვარი კოდური სისტემა მიენიჭა ფერებს: მაგალითად, ხელმძღვანელების ბარათებს ყვითელი ფერი გასდევს, დიზაინერებისას — წითელი, ქოფირაითერებისას კი — ლურჯი.












