გიორგი ქინქლაძე მანჩესტერში ბრუნდება. ქალაქში საფეხბურთო კლუბ „მანჩესტერ სიტის“ ყოფილი ფეხბურთელი ღვინის ბარს, “Kinky’s” ხსნის. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Dailystar წერს.

„გიორგი ქინქლაძე მანჩესტერში ბრუნდება. იმ ქალაქში, რომელსაც საკუთარ სახლს უწოდებდა, ღვინის ბარს ხსნის. ქინქლაძემ 1990-იანებში, ბრწყინვალე თამაშით სწრაფად დაიპყრო ფეხბურთის გულშემატკივრების გულები და საკულტო გმირის სტატუსიც დაიმსახურა. კარიერის დასრულების შემდეგ, “Kinky”, როგორც მას „სიტის“ გულშემატკივრები უწოდებდნენ, მეღვინეობით დაინტერესდა და დღეს უკვე საკუთარი ვენახები აქვს“, – წერს გამოცემა Dailystar.

აღსანიშნავია, რომ ბარს, ფანების შერქმეული მეტსახელი “Kinky” დაარქვა. მისი კარიერის მწვერვალი სწორედ ქალაქ მანჩესტერს და საფეხბურთო კლუბ „მანჩესტერ სიტის“ უკავშირდება.

გიორგი ქინქლაძე [ნახევარმცველი, გამთამაშებელი] ფეხბურთის გულშემატკივრებმა, საქართველოს ეროვნულ ნაკრებიდან გაიცნეს. ასევე თამაშობდა „თბილისის დინამოში“, საიდანაც 1995 წელს, ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბ „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა, სადაც ორჯერ მოიგო კლუბის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული. 1998 წელს „ამსტერდამის აიაქსს“ შეუერთდა, დაახლოებით, ერთ წელიწადში კი ინგლისში, „დერბი ქაუნთიში“ გადავიდა. 2004 წლიდან კვიპროსულ კლუბ „ანორთოსისში“ თამაშობდა, სადაც კვიპროსის ჩემპიონატი მოიგო. საფეხბურთო კარიერა 2006 წელს, კლუბ „ყაზანის რუბინში“ დაასრულა.











