13
Sep
2019

გამთელების ხელოვნება, ანუ კინცუგი

13 Sep 2019

დამსხვრეული ნივთების გამთელების ამბავი ხომ იცით, როგორცაა? არავის აქვს იმედი, რომ ნივთებს პირველ მდგომარეობას დაუბრუნებს. ეს მხოლოდ ფენიქსს შეუძლია – ფერფლიდან აღდგეს ისე, თითქოს არც დაფერფლილა. თუმცა, მოდი, ფენიქსი იქით იყოს და ისევ დამსხვრეულ საგნებს მივუბრუნდეთ. ჭეშმარიტებაა ის, რომ გამთელებული საგნები პირვანდელ მდგომარეობას ვერასდროს დაუბრუნდებიან, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, თურმე შესაძლებელია, უკეთესებიც კი გახდნენ. ამას იაპონური ხელოვნება – კინცუგი გვიდასტურებს.

კინცუგი დამსხვრეული ნივთების ოსტატურად გამთელების/შეკეთების ხელოვნებაა, რომელსაც საუკუნეებია, იაპონურ კულტურაში დიდი ადგილი უჭირავს. იაპონელები ფაქიზი სულის ადამიანები არიან.. ეს რომ დავასკვნათ, მათ კულტურაზე სულ მცირე გადახედვაა საჭირო. ალბათ ამიტომაა, რომ საგნების გამთელებასაც იმხელა ყურადღებას აქცევენ, როგორც მაგალითად სულიერი ჰარმონიის მიღწევას.

რეალურად, ყველაფერი მეთხუთმეტე საუკუნიდან დაიწყო, როცა ერთმა სამხედრო ლიდერმა აშიკაგა იოშიმასამ თავისი გატეხილი ჩაის ჯამი (ჩაის იაპონელები სპეციალური ჯამებიდან სვამენ) შესაკეთებლად გაგზავნა. ნივთი იაპონელ სამხედროს მეტალით გამთელებული დაუბრუნდა, რომელიც არც თუ ისე კარგად გამოიყურებოდა. სწორედ აქ გადაწყვიტა მან, რომ საგნების შეკეთების რაიმე განსაკუთრებული ხერხი უნდა არსებობდეს, რომელიც გატეხილ ნივთს ნაკლს დაუფარავს. აი, ამ დროს დაიბადა კინცუგი.

აშიკაგა იოშიმასა

უკვე მეჩვიდმეტე საუკუნიდან ხელოვნება, გარკვეულწილად, ვაჭრობად იქცა. ამ პერიოდში ვაჭრები გატეხილ საგნებს იაფად ყიდულობდნენ, თვითონ ამთელებდნენ და მოგებასაც ნახულობდნენ. თუმცა, კინცუგი მხოლოდ შემთხვევაზე დაფუძნებული ხელოვნება ნუ გეგონებათ. დროთა განმავლობაში მან ფილოსოფიური დატვირთვა შეიძინა. ხოლო ამ ფილოსოფიას, რომელსაც დღესდღეობით ეყრდნობა “ვაბი-საბი” ჰქვია. იგი სილამაზის დანახვას გულისხმობს იმ საგნებში, რომელთაც აშკარად გამოკვეთილი ნაკლი აქვთ და არასრულყოფილები არიან. ამავდროულად, კინცუგი დაკავშირებულია შეგრძნებასთან, რომელსაც იაპონურად “მოტაინაი” ჰქვია. იგი ცვლილებასთან დათანხმებას გულისხმობს. და მართლაც, კინცუგი ხომ იმ მდგომარეობას ეთანხმება, რომელიც პირვანდელი მდგომარეობის ცვლილებითაა გამოწვეული.

კინცუგის მეთოდოლოგია

კინცუგის ხელოვნება სამ მიმართულებას მოიცავს: 1. ბზარის გამთელება, 2. სიცარიელის ამოვსება და 3. სიცარიელის ამოვსება სხვა ნივთის ნატეხით.

პირველი შემთხვევა კინცუგის ყველაზე გავრცელებული ფორმაა – ამ დროს ბზარები მბზინავი სითხით ივსება. ეს სითხე შეიძლება იყოს როგორც ოქროსფერი, ისე ვერცხლისფერი. აქ შესაბამის სითხეს მინიმალურად იყენებენ და ჭურჭელს ისინი “მბზინავ ვენებად” ამჩნევია ხოლმე.

როდესაც სითხით ვავსებთ გატეხილი ნივთის დაკარგულ ნაწილს, ერთგვარად ეს სითხე იქცევა ხოლმე ჭურჭლის მატერიად და ბუნებრივად ავსებს სიცარიელეს.

კინცუგი ხშირად გვაძლევს იმის საშუალებასაც, მბზინავი სითხით გატეხილ საგანს სხვა საგნის ნაწილი მივუერთოთ, რაც ჭურჭელს კიდევ უფრო ამრავალფეროვნებს და ლამაზს ხდის.

კინცუგი დღეს

დღესდღეობით ბევრი იაპონელი და, ამავდროულად, სხვა ერის წარმომადგენელი ცდილობს, კინცუგის ტრადიცია არა მხოლოდ შეინარჩუნოს, არამედ კიდევ უფრო პოპულარული გახადოს. თუკი ადრე კინცუგი მხოლოდ ჭურჭლის გასამთელებლად გამოიყენებოდა, ახლა ამ ხელოვნებას სამკაულებშიც ხშირად იყენებენ. დღეს კინცუგის სხვადასხვა დეკორაციასა თუ ინსტალაციაშიც შევხვდებით.

კინცუგი სამუზეუმო ექსპონატებისთვისაც შეიძლება გამოიყენოთ..

ან უბრალოდ კვერცხის ნაჭუჭები გაამთელოთ..

როგორც ჩანს, ეს ხელოვნება ზოგიერთ ქუჩასაც მტკიცედ აქვს შეთვისებული და ფაქტია, რომ ძალიანაც უხდება..

რაც უნდა იყოს, კინცუგი მხოლოდ გამთელებულის შეკეთება არ არის, ეს ხერხზე და გამოსავალზე მეტია. იგი ხელოვნებაა, რომელიც ერთგვარად ამტკიცებს, რომ ყველაზე ცუდ მდგომარეობასაც შეგიძლია, უპოვო კარგი გამოსავალი. და არა მხოლოდ ჭურჭელი, არამედ საკუთარი თავიც “გაამთელო” მაშინ, როდესაც “გატეხილი” ხარ.. კინცუგი ხელოვნებაა – ხელოვნება მათთვის, ვისაც გამთელების სჯერა..

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

განხილვა