7
Dec
2019

„კიოსკი“ ტელეფონის თოკიანი ქეისებისა და სხვა პროდუქტებისთვის

7 Dec 2019

Startauperi
Startauperi


„კიოსკის“ განმარტებას თუ მოვიძიებთ, ვნახავთ, რომ ეს სიტყვა აღნიშნავს პატარა, მსუბუქ ნაგებობას წვრილმანი ვაჭრობისათვის, ცნობების გადასაცემად და სხვ.

ჩემთვის ის საჭირო ნივთებთან ასოცირდება“, – გვისხნის ლუკა წულაია, რომელმაც კლასელ ქეთო ბარათაშვილთან ერთად, თოკიანი ქეისების ბრენდი „კიოსკი“ დააფუძნა, თუმცა იმასაც გვეუბნება, რომ მათ ონლაინჯიხურში, ჯერჯერობით, მხოლოდ თოკიანი ქეისებია, თუმცა მალე პოსტერებს, ჩანთებს და სხვა ბევრ კარგ რამეს დაამატებენ.

ქეთო: მე და ლუკა ბავშვობის მეგობრები ვართ. 20 წელია, ერთმანეთს ვიცნობთ და შეიძლება ითქვას, რომ რაც ერთად გაგვიკეთებია, ყველაფერმა გაამართლა. ხოდა, „კიოსკიც“ ერთად დავიწყეთ. თუმცა კი, სტარტაპერობის გამოცდილება აქამდეც გვქონდა: მე ნატურალური კოსმეტიკის კომპანია „კვარცს“ ვხელმძღვანელობ, ლუკას კი ბიოპროდუქტების მაღაზია „ნატურპურ“ აქვს. 

M: რა პრობლემას ჭრის „კიოსკის“ თოკიანი ქეისები?
ქეთო: ალბათ, ერთხელ ყველას დავარდნია, გატეხვია ან დაუკარგავს ტელეფონი. გამონაკლისები არც ჩვენ ვართ. ზოგს ზომით დიდი ტელეფონი აქვს და ჯიბეში ვერ ატევს, ჩანთით ტარება და ხელში დაჭერაც ხშირად დისკომფორტს გვიქმნის. მოკლედ, ტელეფონთან დაკავშირებული პრობლები ძალიან ბევრია. ჩვენ კი ამ გამოწვევების თოკიანი ქეისებით უმარტივესად გადაჭრა გადავწყვიტეთ.

M: როგორია მომხმარებელთა უკუკავშირი? შეიძლება ითქვას, რომ იდეამ გაამართლა?
ლუკა: იდეამ გაამართლა. ხალხი გვიკავშირდება და ჩვენს პროდუქტს ყიდულობს. ისე გამოვიდა, რომ ბევრის პრობლემა გადავჭერით.

„კიოსკში“ ამბობენ, რომ ქეისები, ჯერჯერობით, მხოლოდ iPhone-ისთვის აქვთ, თუმცა ახლო მომავალში თავიანთ პროდუქტს სხვა ბრენდის მოდელებსაც მოარგებენ.

რაც შეეხება „კიოსკის“ წარმატებულ ბიზნესად ქცევას, ლუკა წულაია გვიხნის: ჩვენი მიზანი მარტივია, გვინდა, საკუთარ თავებსა და სხვებს მეტი კომფორტი შევუქმნათ. უკვე ვმუშაობთ ახალ, ორიგინალურ დიზაინებზე, რადგან გვსურს, პროდუქტი მომხმარებლებს თვითგამოხატვის უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევდეს.

ვგეგმავთ კორპორატიული შეკვეთების აღებას, ტექნიკის მაღაზიებში შესვლასა და ექსპორტზე გასვლას.

განხილვა