იაპონიაში, „საკურას“ კონკურსში ქართულმა კომპანიამ „მეღვინეობა ვაზიანი“ (ხაზი „მაყაშვილის ღვინის მარანი“) გაიმარჯვა. უმაღლესი ჯილდო „ბრილიანტი” ბრენდის ღვინომ „ქისი 2017“ მიიღო.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის თებერვალში, ეს ღვინო ჯერ „საკურას“ კონკურსში „ორმაგი ოქროს“ მფლობელი გახდა და შემდეგ, წესების თანახმად, ტოკიოში, კვებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე „Foodex Japan 2019“ უმაღლესი ჯილდოს „ბრილიანტის” (Diamond Trophy) მოსაპოვებლად წარადგინეს.
„მსგავს პრესტიჟულ კონკურსებში გამარჯვება ხელს შეუწყობს როგორც კონკრეტული კომპანიის, ისე, ზოგადად, ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას იაპონიის მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზარზე, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ ღონისძიებებს 2014 წლიდან ახორციელებს“, – ამბობენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.
გარდა ამისა, თებერვალში, საერთაშორისო კონკურსზე „საკურა“ სხვადასხვა დასახელების ქართულმა ღვინოებმა 24 ჯილდო – 2 ორმაგი ოქრო, 15 ოქრო და 7 ვერცხლის მედალი – მოიპოვა. კონკურსი „საკურა“ (The 6rd “Sakura” JapanWomen’sWineAwards 2019) მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც, წელს, მეექვსედ ჩატარდა. მასში 33 ქვეყნის 4 000 მეტი დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი. კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებით – სომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებით.
აღსანიშნავია, რომ იაპონიაში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ამაღლების მიზნით, 2019 წლის 10 მარტიდან 7 მაისამდე მასშტაბური პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო“ განხორციელდება.