16
Jan
2020

პოეზია მარკეტინგში – კიტა ცხომარიას კომერციული ჰაიკუები

16 Jan 2020

კიტა ცხომარია, 26 წლის, პროფესია – წერა, ჰობი – არწერა. წინა წელს, Socialsharks-ში ქოფირაითერად მუშაობდა. ციფრულ ინდუსტრიაში ცურვა მათგან ისწავლა და „თუ მათ სახელს გავითვალისწინებთ, წარმოუდგენელია, ცურვაში უკეთესი მასწავლებელი მყოლოდა“. ახლა ფრილანსერია.
მას შემდეგ,  რაც სიგარეტის მოწევას შეეშვა, ცხოვრებაში 10-10 წუთიანი თავისუფალი ინტერვალები გაუჩნდა და იფიქრა: „ამ დროს, რატომ არ უნდა წერო, იქნებ რამე უკეთეს ეწიო“.

და დაიწყო კომერციული ჰაიკუების წერა.

ჰაიკუ ხომ ძლიერი სიმბოლური დატვირთვის მქონე კლასიკური პოეტური ფორმაა იაპონიიდან – უკიდურესად მოკლე სტრუქტურის ლექსი, რომლის მიზანიც წამიერი შეგრძნებების, საგანთა ხედვის გადმოცემაა.

კომერციული ჰაიკუ კი, კიტას განსაზღვრებით, სხვადასხვა ბრენდის სლოგანზე შექმნილი ლექსია.

რა არის ჩემი მიზანი? – უბრალოდ, შევეცადე, კომერციული სლოგანები სხვა ეგზისტენციალურ ველში შემეყვანა და დავკვირვებოდი, რა მოხდებოდა. ასევეა სხვა ჩემს ტექსტებზეც – ვაკვირდები, რა მოხდება. სულ ესაა. იაპონური ლიტერატურა და აღმოსავლეთი მხოლოდ იქამდე მაინტერესებს, რამდენადაც შეუძლია, ჩემი გარეუბნის ხეებზე იარსებოს; შუა ღამით, მარტო დარჩენილ სარეკლამო ბანერებზე. „ტიბეტის“ სიჩუმე არ მაინტერესებს, – კიტა ცხომარია

ესეც კომერციული ჰაიკუები:

 

BOUNTY – A taste of paradise/სამოთხის გემო!

ყვავი ანძას დააჯდა,
ძაბვამ, რომელმაც გული აუჩქარა
გაახსენა სამოთხის გემო.

 

საქართველოს ბანკი – არ გაჩერდე!

ტყეში  ნისლია.
რაც უფრო ვერ ხედავ,
მით უფრო სწორად მიდიხარ.
არ გაჩერდე!

 

LG – Life is good/ცხოვრება კარგია!

შუა ოკეანეში შტორმის ტალღამ,
ნაპირზე ბავშვს ფეხები დაუსველა.
ცხოვრება კარგია.

 

Empire State Development ServicesI – I ❤️NY

მეძავს ფეხებზე სცივა.
ახლა, რომ ვინმე შეკითხვოდა,
მოუყვებოდა ალაბამაში მოპარულ კევზე.
ქუჩაში არავინაა,
არც დედამიწაზეა არავინ.
მე❤️ნიუ-ორკი

 

FedEx – when there is no tomorrow/როცა ხვალ არ არის

მოხუცის ოთახში მზე ანათებს,
ხვალ მზე არ ამოვა,
უფრო სწორედ, მოხუცი ვერ ნახავს.
როცა ხვალ არ არის.

 

APPLE – think different/იფიქრე განსხვავებულად

სიტყვები, რომელიც ბიჭმა გოგოს უთხრა
სხვა ბიჭმა, ბიჭს უთხრა,
იფიქრე განსხვავებულად.

 

ალტა – არ გააბაზრო

შეყვარებულები გაჩერებაზე დგანან.
მათ ჯერ არ იციან,
რომ აწი ვერასდროს შეხვდებიან.
არ გააბაზრო.


ჩვენს კითხვაზე, 
რატომ არის კიტასთვის საინტერესო სიმბოლური დატვირთვის მქონე ეს პოეტური ფორმა, გვპასუხობს:არ ვიცი. ჩემთვის ეს ისეთივე პასუხგაუცემელი კითხვაა, რომ შემეკითხოთ, რატომ იყოფენ ხოლმე ადამიანები  ჯიბეში ხელს, როცა არც ტელეფონი, არც საფულე და არც არაფერი ამოაქვთ. არ ვიცი, მართლა არ ვიცი“.

განხილვა