in , ,

რა კითხვები უნდა დავუსვათ მენეჯერს გასაუბრებაზე? – მედეა ტაბატაძე

qustionsალბათ, არ არსებობს გასაუბრება, სადაც კანდიდატს არ ეკითხებიან “რაიმე კითხვა ხომ არ გაქვთ ჩვენთან?”. როგორც წესი, ეს კითხვა ინტერვიუს დასასრულზე მიუთითებს. ამას გარდა, კომპანიის წარმომადგენელს აინტერესებს, ჩვენ რა გვაინტერესებს კომპანიასა და საქმესთან მიმართებაში.

თუ ამ კითხვას მომავალი მენეჯერი გვეკითხება, უნდა გაითვალისწინოთ, რომ მას ჩვენი მოტივაცია და მზაობა აინტერესებს. ამიტომ, კარგად უნდა გავეცნოთ რა სამუშაოებს გულისხმობს ვაკანსია და მოვნიშნოთ, რა ინფორმაცია გვჭირდება სამუშაოზე ინფორმაციის შესავსებად. სამუშაოს შინაარსის ყურადღებით გაცნობა დაგვეხმარება დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებელი კითხვების გააზრებასა და მომზადებაში. წინასწარ მომზადებული კითხვების გარდა, უნდა დავაკვირდეთ, გასაუბრებაზე რა ინფორმაციას ითხოვენ ჩვენგან – ეს დაგვეხმარება დასვათ ისეთი კითხვები, რომლებიც ჩვენთვის საჭირო ინფორმაციას შეავსებს და დაგვეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაშიც.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიუხედავად იმისა, რამდენად სასწრაფოდ და აუცილებლად გვჭირდება სამსახური, სწორი არჩევანი ჩვენც უნდა გავაკეთოთ- ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა საქმეს ვაპირებთ შევუდგეთ, ვართ თუ არა “სწორ ადგილზე” და შეძლებს თუ არა მომავალი დამქირავებელი ჩვენი მოლოდინების გამართლებას.

სამსახურის დაწყება რთულია, მაგრამ უფრო რთულია უინტერესო საქმის კეთება, “ცუდ სამუშაო გარემოში” ენერგიისა და დროის დახარჯვა და საქმის კეთების სურვილის შენარჩუნება. არასწორად წამოწყებული საქმეს მომავალში ბევრი სირთულეები მოსდევს – ვინაიდან ვერ მოვერგეთ კომპანიას და საქმეს, ჩვენი მოტივაცია ნელნელა გაქრება, დემოტივირებული თანმაშრომელი საქმეს გულს ვერ დაუდებს, სამსახურის შენარჩუნება რისკის ქვეშ დადგება და “ცუდი თანამშრომლის” სტატუსიც ხშირად წინ დაგხვდება. ამიტომ, აუცილებელია ჩვენც დავსვათ კითხვები, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ამას კომპანიის წარმომადგენელი არ გვთავაზობს.

შესაძლებელია, ჩვენთვის საჭირო ყველა კითხვის დასმა ვერ მოვახერხოთ გასაუბრებაზე, ამიტომ უნდა შევარჩიოთ ისეთები, რომლებიც კომპანიაზე, გუნდზე, საქმესა და განვითარების შესაძლებლობებზე იქნება მიმართული.

გთავაზობთ იმ კითხვებს, რომელიც შესაძლებელია ნებისმიერ ვაკანსიაზე დავუსვათ კომპანიის წარმომადგენელს და შემდეგ შევაფასოთ, არის თუ არა სამუშაო საინტერესო ( კარგი იქნება, თუკი პასუხებს მოვინიშნავთ, ჩავიწერთ):

1. “რა იქნება საგამოცდო ვადის განმავლობაში ჩემს მიერ შესასრულებელი სამუშაოები და რა შედეგებს ელოდებით ?” – დავაზუსტებთ რას ელოდებიან ჩვენგან საგამოცდო ვადაში, რა სამუშაოები უნდა შევასრულოთ;

2. “როგორ ფიქრობთ, რისი სწავლა მომიწევს ამ სამუშაოს შესასრულებლად?”- დავაზუსტებთ, რა არის ის საკითხები, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ თუკი დაგვიქირავეს და თანამშრომლობა შედგა;

3. “ვინ არიან ამ პოზიციაზე შიდა და გარე კლიენტები? ვისთან მომიწევს თანამშრომლობა და კომუნიკაცია?” – გავიგებთ, ვისთან გვექნება ხშირი; ინტერაქცია;

4. “ამ პოზიციაზე, რა არის კარგად შესრულებული სამუშაო?”- დავაზუსტებთ რას ელოდება ჩვენგან მომავალი მენეჯერი;

5. “თქვენი აზრით, რა სირთულე აქვს ამ სამუშაოს, რა უნდა გავითვალისწინო?”– გავიგებთ, რა სირთულეების დასაძლევად უნდა მოვემზადოთ და როდის დაგვჭირდება მენეჯერის ან გუნდის დახმარება;

6. “რა სამუშაოებს ასრულებენ ჩემი მომავალი კოლეგები?” – გავიგებთ თუ რა სამუშაოებთან იქნება ჩვენი საქმე დაკავშირებული;

7. “თქვენი გუნდის მომავალი გეგმები რა არის ? რა იქნება ჩემი როლი ამ გეგმების მიღწევაში?”– დავაზუსტებთ, რისთვის ემზადება ჩვენი მომავალი მენეჯერი და ჩვენი წვლილი რა იქნება გუნდის წარმატებაში;

8. “შეგიძლიათ აღწეროთ როგორია თქვენი გუნდის სტანდარტული სამუშაო დღე?”– გავიგებთ, როგორ თანამშრომლობას და სამუშაო გარემოს უნდა ველოდოთ;

9. “რა იყო თქვენი გუნდის გასული პერიოდის შედეგები?”– დავაზუსტებთ, გავხდებით თუ არა წარმატებული გუნდის წევრი;

10. “ამ პოზიციაზე მუშაობდა თუ არა ვინმე და ახლა რატომ არის ვაკანსია?”– გავიგებთ რა საფრთხეები ან შესაძლებლობები აქვს ვაკანსიას;

11. “განიხილავთ თუ არა თქვენი კომპანიის თანამშრომლებს ამ პოზიციაზე?”– გავიგებთ არსებობს თუ არა კომპანიაში დაწინაურების ან საქმის შეცვლის კულტურა;

12. “მიმდინარე პერიოდში რისი ტრეინინგი გაიარა თქვენმა გუნდმა და რატომ?”– გავიგებთ, როგორ ზრუნავს მენეჯერი გუნდის განვითარებაზე;

13. “გთხოვთ მიამბოთ თქვენი კარიერის შესახებ”- გავიგებთ ვინ არის ჩვენი მომავალი მენეჯერი;

14. “ვინ არიან თქვენი წარმატებული თანამშრომლები? “– დავაზუსტებთ, როგორ შეფასებს გუნდის წევრებს მენეჯერი;

15. “როგორ ხდება კარგად შესრულებული სამუშაოს გამოვლენა, გაქვთ თუ არა შეფასების სისტემა?“– გავიგებთ, გვექნება თუ არა ჩვენი შედეგების დაფასებისა და აღიარების შესაძლებლობები;

16. “რა არის სამუშაოს შესასრულებელი ვადები (dead line)?” – დავაზუსტებთ რა ვადებში უნდა შევასრულოთ სამუშაო და რა ძალისხმევის გაღება მოგვიწევს;

17. “მონაწილეობს თუ არა თქვენი გუნდი მომავალი გეგმების განსაზღვრაში?” – დავაზუსტებთ, არსებობს თუ არა მენეჯერსა და გუნდს შორის კომუნიკაცია;

18. “რა ვადაში ხდება წარმატებული თანამშრომლის დაწინაურება?”-გავიგებთ, როდის უნდა ველოდოთ კარიერულ წინსვლას (ცხადია, თუ ჩვენთვის საინტერესოა);

19. “ რა დახმარება სჭირდება თქვენგან თქვენი გუნდის წევრებს?”– კვლავ დავაზუსტებთ, არსებობს თუ არა გუნდსა და მენეჯერს შორის კომუნიკაცია და უკუკავშირი

20. “როგორია ანაზღაურების სისტემა? არსეობს თუ არა ბონუსი ამ პოზიციაზე და როგორ ხდება ბონუსის გაცემა?“ – გავიგებთ, რა ანაზღაურებას უნდა ველოდოთ და რატომ.

ჩვენი ინტერესებისა და მოლოდინის მიხედვით, უფრო მეტი კითხვა შეიძლება გაჩნდეს. მთავარია, კითხვის დასმა ვისწავლოთ და არ წავართვართ მომავალ მენეჯერს ინტერვიუერის როლი. სწორედ ამიტომ უნდა დავაზუსტოთ, რატომ მივდივართ გასაუბრებაზე, რა გვაინტერესებს და ამოვარჩიოთ ჩვენთვის საჭირო კითხვები. მთავარია, სწორი კითხვების დასმა ვისწავლოთ – „რა არის ხელფასი “ და „როდის დამაწინაურებენ” არ არის ის კითხვები, რომლებიც გადაწყვეტილების მიღებაში დაგვეხმარება და “კარგი შთაბეჭდილების მოხდენის” შანსიც ვერ იქნება მაღალი.

და კიდევ ერთი – აუცილებლად უნდა ვისწავლოთ სწორი არჩევანის გაკეთება სამსახურის დაწყების ან შეცვლის მიზნით. უნდა ვიცოდეთ რა გვინდა და მივიდეთ იქ, სადაც ჩვენს მოლოდინებს მეტნაკლებად გაამართლებენ. კომპანიის წევრობა და “თანამშრომლობა” რთულია – ჩვენი მოლოდინები ყოველთვის 100 % ით არ სრულდება. ამიტომ, უნდა ვერიდოთ არასწორ გადაწყვეტილებას და გამოწვევის პრობლემად გადაქცევას. თუნდაც ერთი წლის შემდეგ კვლავ სამსახურის ძიება ჩვენს სასიკეთოდ ნაკლებად მუშაობს.

ავტორი: მედეა ტაბატაძე



Tiffany&Co-ს ყველაზე რომანტიკული რეკლამა

3 აპრილი, საგანმანათლებლო სემინარი და საქმიანი ვახშამი FRYDAY W