in

როგორ დავსვათ კითხვები ისე, რომ პასუხები მარტივად მივიღოთ?

ახალი ინფორმაციების მისაღებად საუკეთესო გზა თქვენ ირგვლივ არსებული ადამიანების იდეებისა და შეხედულებების გაცნობაა, მაგრამ ექსპერტები გვეუბნებიან, რომ ადამიანები საკმარის კითხვებს არ სვამენ… ამას ხშირად იმიტომაც აკეთებენ, რომ არ იციან, როგორ მიიღებს კითხვას ადრესატი. ამიტომ, ახლა ვისაუბროთ, როგორ დავსვათ კითხვები ისე, რომ არც ადრესატს ვაგრძნობინოთ ცუდად თავი და მისგან სასურველი პასუხებიც მივიღოთ:

დასვით მაღალი ხარისხის შეკითხვები

კარგი კითხვების დასმას ძალიან ცოტა ადამიანს თუ ასწავლიან. შედეგად, კითხვების უმეტესობა სულაც არ გვაძლევს მნიშვნელოვანი დეტალების გაგების საშუალებას. აქ კი სწორედ მაღალი ხარისხის შეკითხვების დასმას გვირჩევენ, რომლებიც ჩვენს ცნობისმოყვარეობაზე მიუთითებს — ხარისხიანი კითხვები მკაფიო და პირდაპირია. კითხვის ფორმას იმისათვის არ იყენებს, რომ შენიღბოს შეთავაზება ან რჩევა შესთავაზოს, რაც მხოლოდ კითხვის ავტორისთვის კი არაა კარგი, არამედ მისი მიმღებისთვისაც, რადგან საკუთარი თავის გამოხატვაში ეხმარება მას.

მიმართეთ კითხვის დასმის სტრატეგიებს

მაღალხარისხიანი კითხვების დასმისთვის ერთ-ერთი კარგი სტრატეგია ე. წ. რეაქციების შეთავაზებაა. მარტივად რომ ავხსნათ, თქვენი წინადადება უნდა დაასრულოთ კითხვით: რას ფიქრობ ამაზე?, რაიმე ხომ არ აკლია?, როგორ გაგრძნობინებს ეს თავს?. წიგნის Ask: Tap into the Hidden Wisdom of People Around You for Unexpected Breakthroughs in Leadership and Life-ის ავტორი ჯეფ ვეცლერი გვეუბნება, რომ ასე სხვებს რეაქციების გაზიარებისკენ მოუწოდებთ. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ადამიანები ხშირად საკმარისად უსაფრთხოდ არ გრძნობენ თავს რეალური ემოციების გაზიარებისთვის. ამგვარ სიტუაციაში კი ზემოთ ჩამოთვლილი კითხვების მსგავსი ფორმულირებები თქვენს შანსებს გაზრდის… 

მეორე ტექნიკად აქ ჩაკითხვის სტრატეგიას გვაცნობენ, რაც სიტყვასიტყვით მოსმენილი ფრაზის გამეორებას ნიშნავს, დაზუსტებას და ჩაკითხვას, რა იგულისხმა ნათქვამში. ხოლო მესამე სტრატეგიას უკუკავშირისა და ტესტირების სახელით გვაცნობენ, რაც ისეთი კითხვით გამოიხატება, როგორიცაა — …სწორად გავიგე, რაც თქვი?

შექმენით უსაფრთხო ატმოსფერო

მართალია, სწორი კითხვების დასმა პირველი ნაბიჯია, მაგრამ აქ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია მოპასუხისთვის უსაფრთხო ატმოსფეროს შექმნა. ეს ხშირად ბარიერების შემსუბუქებით ხდება, რითაც მოსაუბრისთვისაც უფრო კომფორტული და მიმზიდველია სიმართლის თქმის პროცესი. მაგალითისთვის თუ ხელმძღვანელი ხართ, ვინმე სასაუბროდ თქვენს ოფისში კი არ მოიწვიოთ, არამედ მასთან მიდით, ახლოს დაჯექით, ერთად ისაუზმეთ, გაისეირნეთ ან გააკეთეთ ის, რაზეც ჩათვლით, რომ მას თავს კომფორტულად აგრძნობინებს. 

დარწმუნდით, რომ მკაფიოდ ასახავთ, რატომ სვამთ კონკრეტულ კითხვას, რათა ამ ადამიანს რაღაცების გამოცნობა არ მოუწიოს, მიანიშნეთ, რომ მიუხედავად პასუხისა, თქვენ შეტევაზე არ გადახვალთ. შეგიძლიათ ისეთი ფრაზაც გამოიყენოთ, როგორიცაა: მე რომ შენს ადგილას ვიყო, ახლა იმედგაცრუებულად ვიგრძნობდი თავს და შენც თუ ასე ხარ, მზად ვარ მოგისმინო….

პრაქტიკა რეალობას სრულყოფილს ხდის

კითხვების დასმაც ზუსტად ისეთი უნარია, რომელიც დროთა განმავლობაში უმჯობესდება. ვეცლერი აქ საუბრების ჩაწერასა და მათ ანალიზს გირჩევთ, იმის შედარებას, თუ რამდენი კითხვა დასვით და რამდენი განცხადება მოისმინეთ. მალე კი ხშირი პრაქტიკით, მაღალხარისხიანი კითხვების დასმა თქვენი ყოველდღიურობის ნაწილად იქცევა.

როგორ გამოვიყენოთ Google-ის პაროლების გაზიარების ფუნქცია?

რა ზიანი მოაქვს ხელმძღვანელის მხრიდან ტოქსიკურ პოზიტიურობას?