in

კლასიკური მანქანები, რომლებიც ყველა კოლექციონერს მოეწონებოდა

მშვენიერი ოსტატობა, უდავო ხიბლი და თავისუფლების გრძნობა ნოსტალგიის ელფერით – ძველი სკოლის საუკეთესო მანქანებს აქვთ მაგია, რომლის სიტყვებით გადმოცემაც რთულია.

დღეს, როდესაც კლასიკად ქცეულ ავტომობილს უყურებ, ჯდები მის ოდნავ გაცვეთილ ტყავის სავარძელზე ან თითს უსვამ მის ხელუხლებელ საღებავს, ის თითქოს თავის ისტორიას გიყვება და არაფერია ავტომოყვარულისთვის იმ შეგრძნებაზე ძვირფასი, ვიდრე იმის წარმოდგენა, როგორ დაქროდა ეს მანქანა თავის დროზე, რამდენ ადამიანს უგრძნია მასთან ერთად სილაღე, თავისუფლება, რამდენი ემოციის მომსწრე გამხდარა იგი თავის სალონში.

როგორც, ალბათ, უკვე მიხვდით, დღეს საუბარი იმ მანქანებზე გვექნება, რომლებიც უკვე კლასიკად იქცნენ, ზოგიერთი მათგანი ანტიკვარულ მოდელადაც კი შეიძლება მოვიხსენიოთ.

Ferrari 250 GTO 1962

გლუვი, ელეგანტური Ferrari 250 GTO არის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კლასიკური მანქანა. ეს უნიკალური მოდელი დანარჩენებისგან განსხვავებულია, როგორც მოდერნიზებული დიზაინით, ასევე ძვირადღირებული ფასით. 

როდესაც პირველად გამოჩნდა, ამ მანქანას სახელიც კი არ ჰქონდა. უცნაური დიზაინის გამო მას Il Mostro-ს (ურჩხულს) ეძახდნენ. 1960-იანი წლებიდან, გამოსვლიდან თანამედროვე დრომდე, ეს არის მანქანა, რომელიც წინ უსწრებს დროს. 

Jaguar E-Type 1961

კლასიკური მანქანების არცერთი თავმოყვარე სია არ შეიძლება დაიწყოს Jaguar E-Type-ის ხსენების გარეშე. ამ საკულტო მანქანას აქვს საკუთარი ისტორია, რომელიც დღესაც მოხსნის ზოგიერთ რეკორდს, შთამბეჭდავი მაქსიმალური სიჩქარით 240კმ/სთ-ითა და ელეგანტური დიზაინით.

ენცო ფერარიმ აღწერა Jaguar, როგორც ყველაზე ლამაზი მანქანა. ძნელია, ამაში არ დავეთანხმოთ. ბრენდის მომდევნო მანქანების დიზაინიც სწორედ E-Type-ით იყო შთაგონებული. ეს ეხებოდა როგორც კორპუსის ფორმებს, ისე მის შიდა მექანიზმებს. ამ მოდელმა დატოვა შეუცვლელი მემკვიდრეობა, რომელსაც დღემდე იყენებს ბრენდი.

Chevrolet El Camino SS 1970

ეს ამერიკული კლასიკა იყო ეროვნული და საერთაშორისო სიმბოლო წლების განმავლობაში. მოგვიანებით ის უკვე კლასიკურ მანქანად იქცა და აღარ იყო ყოველდღიური მოხმარებისთვის. 

გამოშვებული, როგორც სტანდარტული El Camino-ს მაღალი ხარისხის ვერსია, ეს ამერიკული კუპე განთქმული იყო გასაოცრად ძლიერი ძრავებითა და უნიკალური დიზაინით. პირველი გამოშვების წარმატების შემდეგ, Chevrolet El Camino SS ხელახლა გამოუშვეს სხვადასხვა ახალ თაობაში, ოდნავ მეტი სიმძლავრით, მაგრამ იგივე, სახელდახელოდ დამზადებული კორპუსით.

Ford Mustang Shelby GT350 1965

Shelby Mustang შექმნილია იმისთვის, რომ მუდამ კარგად გამოიყურებოდეს და სწრაფად იაროს! ის არ იყო გათვალისწინებული, როგორც საოჯახო მანქანა და მუდამ სისწრაფესა და განსაკუთრებულ თავგადასავალთან ასოცირდებოდა. 

ეს ელეგანტური, მაღალი წარმადობის კლასიკური მანქანა სხვადასხვა ვარიაციით გამოდიოდა. მან რამდენიმე განახლება განიცადა, ძირითადად ეს იყო უმნიშვნელო ელემენტები დიზაინში და მნიშვნელოვანი მატება სისწრაფის კუთხით. 

Mercedes 300SL Gullwing 1954

თუ კლასიკური მანქანის თაყვანისმცემლების წრეში ხართ, შემჩნეული გექნებათ, რომ როდესაც Mercedes 300SL Gullwing 1954-ის ხსენებაზე ყველა ავტომოყვარული ყურებს ცქვეტს ხოლმე. ეს იმიტომ, რომ ის ნამდვილად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური და საკულტო კლასიკური მანქანაა, რომელსაც გამოსვლისთანავე მტკიცედ აქვს ადგილი დამკვიდრებული, როგორც პრემიუმ კლასის ავტომობილს. 

იმ დროისთვის ეს იყო ყველაზე სწრაფი მანქანა, რომელსაც შეეძლო 240კმ/სთ სიჩქარის განვითარება. მისი სახელი “SL” გერმანულიდან ითარგმნება, როგორც super-leicht, ანუ „სუპერ მსუბუქი”.

Chevrolet Corvette 1963

Chevrolet Corvette 1963 იშვიათი მანქანა იყო მაშინაც კი, როდესაც ის პირველად გამოვიდა, რაც ნიშნავს, რომ დღესდღეობით მისით მოგზაურობა ან მისი ყიდვა თავისთავად თავგადასავალია. ეს იყო ცნობილი ამერიკული ავტომობილი, რომელიც საოცარ პერსპექტივებს სთავაზობდა მგზავრებს როგორც შიგნიდან, ისე გარედან. იგი ითვლებოდა თავისი დროის ერთ-ერთ უძლიერეს მანქანად. დღეს კი, რაღა თქმა უნდა, კლასიკური ავტომობილების „გალერეას” ამშვენებს.

Bugatti Type 57 Atlantic 1938

დღეს, როდესაც Bugatti-ს თანამედროვე მოდელებს ვუყურებთ, ბევრს ალბათ არც გვაქვს წარმოდგენილი, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ერთ-ერთი პირველი მოდელი, რომელიც დღეს ჟანრის კლასიკად მიიჩნევა.

1938 წლის Bugatti Type 57 Atlantic ალბათ არასოდეს გადავა მოდიდან. პირველად ის შეიქმნა ჟან ბუგატის მიერ სრულიად ახალი დიზაინით და მისი 710 მოდელი გამოვიდა. დღესდღეობით ის იშვიათობას წარმოადგენს კოლექციონერებისთვისაც კი და აქვე, ისიც უნდა ვახსენოთ, რომ ეს, აწ უკვე ანტიკვარული მოდელი რალფ ლორენს, მსოფლიოში ცნობილ მოდის დიზაინერს ეკუთვნის. 

Rolls-Royce Dawn Drophead 1949

თუ აქამდე ელოდებოდით და ბრაზობდით, როგორ არ ვახსენეთ ამ სიაში Rolls-Royce, არ გაგაწბილებთ. 

1949 წლის Rolls-Royce Dawn Drophead მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გამოვიდა და მაღალი ტირაჟით გაიყიდა თავიდანვე. პირდაპირ გეტყვით, რომ ომის მერე მისი გამოშვება მწარმოებლის მხრიდან ფუფუნებისა და კომფორტის აღდგენის მიზნით მოხდა. სხვათა შორის, მანქანას ჰქონდა ნაკლი, რომლის გამოც მას ხშირად აძაგებდნენ – მას არ ჰქონდა უსაფრთხოების ღვედი, თუმცა ამას არ შეუშლია ხელი Rolls-Royce Dawn Drophead-ისთვის, რომ ჯერ ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას ავტომობილთა სიაში, შემდეგ კი დღეს, კლასიკური მანქანების ნუსხაში ჩაწერილიყო.

BMW CSL 1972

ჩვენს მოკრძალებულ სიას ამ მოდელით დავასრულებთ. მოკრძალებულს იმით, რომ არის კიდევ ბევრი ავტომობილი, რომელთა მოხსენიებაც შეიძლებოდა, მაგალითად, Cadillac Eldorado, Dodge Charger და სხვა, თუმცა ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

რაც შეეხება BMW CSL 1972-ს, ის ბაზარზე შემოვიდა, როგორც „მხეცი შეზღუდული რაოდენობით” და მხოლოდ 1265 იყო წარმოებული.

ის თავის ნათესავ BMW-თან შედარებით ბევრად მსუბუქი იყო და გააჩნდა ყველა ის მახასიათებელი, რომელიც უნდა ჰქონდეს ნამდვილ მძლავრ და სწრაფ მანქანას. ამით ავტომობილი კონკურენციას უწევდა Porsche 911-სა და Ford Capri-ს. მსოფლიო ჩემპიონატებში კი არაერთხელ მოიპოვა გვირგვინოსნის ტიტული.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

3 რამ, რაც ჩინური TikTok-ისგან უნდა ისწავლოთ

Nando’s რესტორანი სითბოსადმი მგრძნობიარე ტანსაცმლის ხაზს უშვებს